ევროპულ-ქართული ინსტიტუტი იწყებს მიმდინარე კვირაში განვითარებული მოვლენების ორენოვანი მიმოხილვის პროექტს. პროექტი ხორციელდება შვედეთის საერთაშორისო ლიბერალური ცენტრის (SILC) მხარდაჭერით. გთავაზობთ ჩვენს მეთორმეტე დაიჯესტს. დაიჯესტის პერიოდია: 16.IV.2021 –23.IV.2021
ქართული ოცნებისა და ოპოზიციური პარტიების დიდმა ნაწილმა შარლ მიშელის ჩართულობით შექმნილ დოკუმენტს ხელი მოაწერა
18 აპრილს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ახალი წინადადება, „სამომავლო გზა საქართველოსთვის” შესთავაზა საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას პოლიტიკური კრიზისის დასამთავრებლად. ახალი დოკუმენტი ოპოზიციისთვის ორ მნიშვნელოვან საკითხს – „პოლიტპატიმრებისთვის“ ამნისტიასა და ხელახალი არჩევნების შესახებ ჩანაწერს შეიცავდა, რაც 31 მარტს შარლ მიშელის წარმომადგენლის, ქრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებულ წინადადებაში არ იყო.
შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია ქართული ოცნება მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43% -ზე ნაკლებს. ხოლო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიასა და „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას გასათავისუფლებლად კონკრეტული მექანიზმები ჩაიდო. კერძოდ, გიორგი რურუა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უნდა შეიწყალოს, ნიკა მელიას გირაოს კი ევროკავშირი გადაიხდის. 19 აპრილს, სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ მზად არის, შეიწყალოს გიორგი რურუა.
შარლ მიშელის შემოთავაზებულ დოკუმენტზე ხელის მოწერისკენ პარტიებს არასამთავრობო სექტორმა მოუწოდა. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ განაცხადეს, რომ მძიმე ეკონომიკური და სოციალური გამოწვევები ყველა პოლიტიკური პარტიისგან მოითხოვს კომპრომისს. „შესაძლოა, დოკუმენტი ბოლომდე არ ასახავდეს ჩართული მხარეების ყველა მოთხოვნასა და ინტერესს, თუმცა კომპრომისი სწორედ ასეთ შეუთანხმებელ საკითხებზე დათმობასა და კონსესუსის მიღწევას გულისხმობს“, – ნათქვამია განცხადებაში.
იმავე დღეს დოკუმენტზე ხელის მოწერის სურვილი სამმა ოპოზიციურმა პარტიამ – ლელო საქართველოსთვის, სტრატეგია აღმაშენებელმა და ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა – გირჩი გამოთქვა. ლელო საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, პარტია დოკუმენტის შინაარსს პრინციპულად იზიარებს, თუმცა დაამატა, რომ მასში არის საკითხები, რომლებიც უნდა დაზუსტდეს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ შემოთავაზებული პუნქტების შესრულება მედიატორების ყურადღების ქვეშ იყოს. სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ „დოკუმენტი სულაც არ არის იდეალური“, თუმცა ოპოზიციამ „შესაძლებლობის ფანჯარა“ უნდა გამოიყენოს, დოკუმენტს ხელი მოაწეროს და ის „დიდი შემობრუნების წერტილად“ აქციოს.
19 აპრილს, მოგვიანებით, ქართული ოცნების განცხადება გამოქვეყნდა, სადაც ნათქვამია, რომ პარტია „მზად არის“ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ კომპრომისულ დოკუმენტს ხელი მოაწეროს. ქართულ ოცნებაში განმარტეს, რომ მმართველი გუნდი მზად არის ახალი არჩევნების დანიშვნის საკითხის თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი პარტიის მიერ 43%-იანი ნდობის მიღებასთან მიბმას მხარი დაუჭიროს.
საბოლოოდ, ისტორიულ დოკუმენტს ხელი პრეზიდენტის სასახლეში საღამოს მოეწერა. ხელმოწერის ცერემონიას საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩები, კარლ ჰარცელი და კელი დეგნანიც ესწრებოდნენ, თავად პრეზიდენტი მიშელი პროცესს თვალს ვიდეოფორმატში ადევნებდა. დოკუმენტს ხელი შემდეგმა პარტიებმა მოაწერეს: ქართული ოცნება, ლელო საქართველოსთვის, გირჩი, გირჩი – მეტი თავისუფლება, სტრატეგია აღმაშენებელი და მოქალაქეები. გარდა ამისა, დოკუმენტს ხელი ინდივიდუალურად მოაწერეს ევროპული საქართველოს ყოფილმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ, ამავე პარტიის სიით შესულმა დეპუტატებმა არმაზ ახვლედიანმა და შალვა შავგულიძემ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ და ყოფილმა წევრმა სალომე სამადაშვილმა.
კომპრომისულ დოკუმენტს არ უერთდებოდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. თუმცა, მეორე დღეს, გავრცელდა საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართვა. მან პარტიას მოუწოდა, რომ წინადადებას ხელი ნიკა მელიას განთავისუფლებისთანავე მოაწერონ. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მიუხედავად დოკუმენტში არსებული „ბევრი ხარვეზისა“, ის ნიკა მელიასა და „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას გათავისუფლების, ასევე ახალი არჩევნების ჩატარებაზე „პრაქტიკულად რეფერენდუმის“ დანიშვნის შესაძლებლობას ქმნის, რაც მისივე შეფასებით, „[ბიძინა] ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორების“ შესაძლებლობაა.
დოკუმენტზე ხელის მოწერას არ აპირებს პარტია ევროპული საქართველოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია და „კანონი და სამართალის” ლიდერი თაკო ჩარკვიანი.
20 აპრილს საქართველოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ეწვია. ის საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს შეხვდა. ასევე იგი პარლამენტს ეწვია, სადაც ქართული ოცნებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა და პოლიტიკური კრიზისის დასრულების გზებზე ესაუბრა.
ნიკა მელია უარს ამბობს გირაოს გადახდაზე, მისი გათავისუფლების ალტერნატიულ გზად ამნისტიის აქტი განიხილება
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ უარი განაცხადა შარლ მიშელის მედიაციის დოკუმენტის პირობით მის განთავისუფლებაზე. დოკუმენტის მიხედვით, მელიას გირაო ევროკავშირს უნდა გადაეხადა, თუმცა ნიკა მელია ყველანაირ გირაოს „გამოსასყიდად” მიიჩნევს და თავს დამნაშავედ არ ცნობს. გირაოს ალტერნატივად მხარეები ამნისტიის აქტს განიხილავენ, რომელსაც თავად ნიკა მელია ეწინააღმდეგება, რადგან ამინისტია არამხოლოდ მას, არამედ 20 ივნისის ღამის მოვლენებთან დაკავშირებულ ყველა სისხლის სამართლის საქმეს შეეხება.
21 აპრილს, ლელოს ლიდერები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია ბრიუსელში გაემგზავრნენ. ისინი ევროპარლამენტის წევრებს შეხვდნენ და სხვა საკითხებთან ერთად განიხილეს მათი ჩართვის შესაძლებლობა ნიკა მელიას ციხიდან გამოყვანაში. ევროპარლამენტის წევრებმა ანდრიუს კუბილიუსმა და რიჰო ტერასმა მზაობა გამოთქვეს ნიკა მელიას თავდებში ჩაუდგნენ, რომ ის არ მიემალება მართლმსაჯულების სისტემას.