ევროპარლამენტმა თამაზ გინტურის შესახებ რეზოლუცია მიიღო

23 ნოემბერს ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია დაამტკიცა. დოკუმენტში საუბარია საოკუპაციო ძალების მიერ მოკლულ თამაზ გინტურსა და გატაცებულ ლევან დოთიაშვილზე. 

რეგისტრაცია 552-მა ევროპარლამენტარმა გაიარა – მათგან რეზოლუციას მხარი დაუჭირა 495-მა, 7-მა კი ხმა მის წინააღმდეგ მისცა.

დოკუმენტი 5-პუნქტიანია. რეზოლუციაში ევროპარლამენტარები კატეგორიულად გმობენ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას და მოითხოვენ საქმის საფუძვლიან გამოძიებას, დამნაშავეების დასჯას და საოკუპაციო ძალების ტყვეობაში მყოფი მოქალაქეების გათავისუფლებას. ისინი კიდევ ერთხელ გამოხატავენ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას.

ევროპარლამენტარები მიმართავენ ევროპულ საბჭოს, შექმნას „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ ევროპული ანალოგი და დაუწესოს მიზანმიმართული სანქციები იმ პირებს, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე არიან პასუხისმგებელი.

რეზოლუციის ტექსტით, დეპუტატები გმობენ რუსეთის ჩარევას საქართველოს საშინაო პოლიტიკაში და ხაზს უსვამენ, რომ ამან ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების პროცესზე გავლენა არ უნდა მოახდინოს.

6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან რუსმა სამხედროებმა დაკავების მცდელობისას სასიკვდილოდ დაჭრეს 58 წლის თამაზ გინტური, 33 წლის ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.

პოლიციელები პრეზიდენტს მიმართავენ, არ შეიწყალოს ლაზარე გრიგორიადისი 

22 ნოემბერს, 7-8 მარტის აქციებზე დაზარალებულმა პოლიციელებმა, სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მხარდაჭერით, საქართველოს პრეზიდენტს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებისგან თავის შეკავების თაობაზე განცხადებით მიმართეს.

შსს მინისტრის მოადგილის კომენტარსაც ავრცელებს, სადაც ალექსანდრე დარახველიძე პრეზიდენტს წარსულში გამოცემულ შეწყალების აქტებს ახსენებს.

„მიმართვის ავტორები არიან ის სამართალდამცველები, რომლებმაც 2023 წლის 7-8 მარტის აქციების მიმდინარეობისას, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სხეულის სხვადასხვა მძიმე დაზიანება მიიღეს, მათ შორის ცეცხლის წაკიდებით“.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სამართალდამცველებმა პრეზიდენტისთვის მიმართვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლაზარე გრიგორიადისის ოჯახის წევრებმა და უფლებადამცველებმა სალომე ზურაბიშვილს მისი შეწყალების თხოვნით მიმართეს.

დაზარალებული პოლიციელები მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტის მიერ მათზე თავდამსხმელი პირის შეწყალება საზოგადოებაში გააჩენს განცდას, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დამცველებზე თავდასხმა დაუსჯელი დარჩება.” – აღნიშნა დარახველიძემ.

25 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: “მე აქ არავის შეწყალებაზე არასოდეს არ ვსაუბრობ და კითხვებზე არ ვპასუხობ. ვისაც შევიწყალებ, ნახავთ, როცა იქნება შეწყალება.”

ლაზარე გრიგორიადისი 7-9 მარტის აქციების შემდეგ პოლიციის მანქანისთვის ცეცხლის წაკიდებისა და ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის ბრალდებით დააკავეს. მისი ადვოკატები და უფლებადამცველები ამტკიცებენ, რომ გრიგორიადისი უდანაშაულოა, თუმცა მმართველმა პარტიამ იგი, მისი გარეგნობის გამო, „სატანისტად“ და „ორიენტაციაარეულ“ ახალგაზრდად გამოაცხადა. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების ნაწილმა სააკაშვილის მანიფესტს ხელი მოაწერა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა “ვარდების რევოლუციისადმი” მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ ხელი მოაწერეს პარტიის მანიფესტს. ღონისძიება 23 ნოემბერს, თბილისში გაიმართა.

ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, პოლიტსაბჭოს წევრები, ასევე გიგი უგულავა, თაკო ჩარკვიანი და გიორგი ვაშაძეც, რომელიც ღონისძიების ბოლოს სიტყვით გამოვიდა.

ღონისძიებაზე არ გამოჩენილა ენმ-ის ყოფილი თავჯდომარე, ნიკა მელია, რომელიც ლევან ხაბეიშვილის პარტიის მართვის მეთოდებს არ ეთანხმება.

მანიფესტს, რომელმაც პარტიის წევრთა ნაწილმა მოაწერა ხელი, წერია, რომ დროა, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძველი ფუნდამენტით ახლებური პოლიტიკა აკეთოს“. ნათქვამია, რომ დოკუმენტი ასახავს პარტიის პრინციპებს, პოლიტიკურ ხედვასა და იდეოლოგიას, იმავდროულად, პარტიის ერთიანობის დეკლარაციაა.

„ვარდების რევოლუციიდან” 20 წლის თავზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მანიფესტი ასახავს პარტიის პრინციპებს, პოლიტიკურ ხედვასა და იდეოლოგიას. 11-პუნქტიან მანიფესტში ვკითხულობთ, რომ სახელმწიფო არ დაუშვებს მიგრანტების უკონტროლო შემოდინებას და ქართველების სამშობლოში დასაბრუნებლად შექმნის პირობებს, მათ შორის, უზრუნველყოფს უცხოეთში მყოფი ქართველების პოლიტიკურ პროცესში აქტიურად მონაწილეობის მიღებას.

ამასთან, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პირობას იძლევა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, გაატარებს დემოგრაფიული მდგომარეობის სწრაფი და მკვეთრი გაუმჯობესებისთვის საჭირო სახელმწიფო პოლიტიკას.

დოკუმენტის თანახმად, მანიფესტზე ხელმომწერები ადასტურებენ, რომ პარტიის საქმიანობაში მიხეილ სააკაშვილის აქტიური ჩართულობა „კრავს და აძლიერებს პარტიას”.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით და ფართო ლეგიტიმაციის მმართველობითი ორგანოებით, ემზადება საქართველოსთვის გადამწყვეტ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების მოსაპოვებლად”.

„რაც პარტიაში ხდება, ესაა „კვიპროსის კლუბის“ (თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი კვიპროსში ცხოვრობს. – რედ.) გადაწყვეტილებები, მერე, როდესაც აღმოჩნდება, რომ ეს გადაწყვეტილებები პრობლემურია, გაახსენდებათ მიშა და ატენიან მიხეილ სააკაშვილს,“ – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.