საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეუთოს მინისტრიალს დაესწრო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სკოპიეში, ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს 30-ე სხდომას დაესწრო.

„ეუთოს მინისტერიალზე ჩვენი ქვეყნის მიმართ ძლიერი, მხარდამჭერი გზავნილები მოვისმინეთ, დღევანდელი დღე ძალიან წარმატებული იყო“ – აღნიშნა დარჩიაშვილმა.

ამასთან, ილია დარჩიაშვილმა ეუთოს მინისტერიალის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ეუთო არის ყველაზე დიდი ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს უსაფრთხოების საკითხებზე. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი, მრავალწლიანი პარტნიორობა, თანამშრომლობა როგორც ორგანიზაციასთან, ასევე იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც ეუთო-ს ქოლგის ქვეშ არიან მოქცეული. მინისტერიალიც ყოველთვის არის პლატფორმა, როდესაც გვაქვს შესაძლებლობა, ვისაუბროთ ჩვენი ქვეყნის გამოწვევებზე, ამ გამოწვევების დაძლევის გზებზე და, რაც ყველაზე მთავარია, მოვახდინოთ ჩვენი პარტნიორების მობილიზება იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც გვაწუხებს“ – თქვა მან.

ჩრდილოეთ მაკედონიაში ეუთოს მინისტერიალის სხდომაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც მონაწილეობდა. ლავროვის მონაწილეობის გამო, ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას ბოიკოტი გამოუცხადეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და უკრაინამ.

მინისტერიალის დაწყებამდე, ილია დარჩიაშვილს ოპოზიციამ ბოიკოტის გამოცხადებისკენ მოუწოდა.

პარტია „ლელოს” საგარეო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი არ უნდა ესწრებოდეს ისეთ სხდომებს, რომელსაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ესწრება.

„ხელისუფლება აპირებს დაესწროს მინისტერიალს, სადაც წარმოდგენილი იქნება გინტურის მკვლელი, საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ოკუპანტი, ქართველთმოძულე ლავროვი. მოვუწოდებ საგარეო საქმეთა მინისტრს, დარჩიაშვილს, დაუყოვნებლივ ამცნოს საზოგადოებას აპირებს თუ არა დაესწროს სხდომას ქართველთმოძულე ლავროვან ერთად“. – აღნიშნა გეგელიამ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს 20 წევრი დაემატა

29 ნოემბერს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა მედიის წინაშე პოლიტიკური საბჭოს 20 ახალი წევრი წარადგინა. მისი თქმით, მათი ნაწილი ადრეც იყო პარტიის ამ ორგანოს წევრი.

ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, ახალი წევრები ისარგებლებენ იმავე უფლებებით, რომლებიც აქვთ პოლიტსაბჭოს სხვა წევრებს, ყრილობაზე კი ეს გადაწყვეტილება ოფიციალურად გაფორმდება.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, კარი ღია რჩება „ნაციონალური მოძრაობის“ წინა მოწვევის პოლიტსაბჭოს ყველა წევრისთვის. მისი თქმით, ამისთვის საჭიროა, ისინი შეუერთდნენ მიხეილ სააკაშვილსი „ერთობის მანიფესტს“. მან დასძინა, რომ დარწმუნებულია, რომ მომავალ ყრილობამდე პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა გაფართოვდება.

ლევან ხაბეიშვილმა პარტიის პოლიტსაბჭოს გაფართოების გადაწყვეტილება პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას დაუკავშირა.

27 ნოემბერს ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ მისი წინამორბედი ნიკა მელია აღარ არის პარტიის წევრი.

ნიკა მელიას თანაგუნდელებმა მის განცხადებას „სამარცხვინო“ საქციელი და „არაკაცობა“ უწოდეს. კერძოდ, ხაბეიშვილმა „ფორმულას“ უთხრა, რომ მისი წინამორბედი „არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და ვერ ილაპარაკებს „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით“.

ლევან ხაბეიშვილის ამ კომენტარის შემდეგ, პარტიის სახელით განცხადებაც გავრცელდა. იგი იმეორებს ხაბეიშვილის სიტყვებს, თუმცა დამატებით აღნიშნულია ისიც, რომ „ეს საკითხი დახურულია და პარტია ამ საკითხზე დამატებითი კომენტარის გაკეთებას  არ აპირებს“.

ნიკა მელია პარტიის მოქმედი თავმჯდომარის კრიტიკოსია. ყოფილი თავმჯდომარე აცხადებს, რომ “ნაციონალურ მოძრაობაში” ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის არაფორმალური მმართველობაა.

საქართველოს პრეზიდენტს უნივერსიტეტებში პრო-ევროპული კამპანიის ჩატარების უფლება არ მისცეს

30 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, თსუ-ის რექტორი სტუდენტებს ნებას არ რთავს, უნივერსიტეტის შენობაში მაგიდები გაშალონ და ხელმოწერები შეაგროვონ პეტიციისთვის „ჩვენი ხმა ევროპას“.

პრეზიდენტი ასევე ისაუბრა სკოლის მოსწავლეებზე ზეწოლის შესახებ.

„მე ვიყავი ახლა სოფლებში. ჩემთვის ძალიან გაუგებარია, რომ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები არ ხვდებიან პრეზიდენტს, როცა ჩადის ადგილზე. არ ხვდებიან დიპლომატიური კორპუსის წარმადგენლებს, როცა ისინიც ესწრებიან ამ ღონისძიებებს, რომლის მიზანი არის ერთი – საქართველოს ევროპული გზა. კიდევ უარესი – სკოლის ბავშვების მიმართ მუქარა, რომ არ მიხვიდეთ, არ მესმის. არც ის არ მესმის, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი არ აძლევს უფლებას სტუდენტებს, რომ გაშალონ მაგიდები და ხელი მოაწერინონ ამ ძალიან მარტივ განცხადებაზე“, — აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილის თქმით, რექტორი ამბობს, რომ უნივერსიტეტის შენობის შიგნით პოლიტიკური ღონისძიების ჩატარება არ შეიძლება. თუმცა, თავად პრეზიდენტის შეფასებით, პეტიციის ტექსტი არის ყველაზე აპოლიტიკური.

30 ნოემბერს, სტუდენტური მოძრაობის „თავისუფლებისთვის“ დამფუძნებელმა ნიკო მანაგაძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა, რომ თბილისის, ქუთაისისა და ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტებმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს სტუდენტებისთვის საჯარო ლექციის ჩატარებაზე უარი უთხრეს.

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა შალვა კირთაძემ დაადასტურა პრეზიდენტის მიმართვა საჯარო ლექციის ჩატარებაზე.

უნივერსიტეტმა განაცხადა, რომ ახლა გამოცდების პერიოდია და მსგავსი ღონისძიების ჩატარება მიზანშეწონილი არ არის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.