საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო

ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა. გადაწყვეტილება ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა „ტვიტერზე“ დაწერა.

„ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ. ევროკავშირის საბჭომ საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი და ევროკავშირი დაიწყებს მოლაპარაკებებს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, მას შემდეგ რაც მიაღწევს წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის აუცილებელ ხარისხს და მოიწვია კომისია მარტამდე მოამზადოს ანგარიში ასეთი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. იმედის ნათელი სიგნალი მათი ხალხისა და ჩვენი კონტინენტისთვის“, – წერს შარლ მიშელი.

ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაციით ევროპულ საბჭოს 8 ნოემბერს მიმართა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებას „საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ეტაპი“ უწოდა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ევროპული საბჭოს ლიდერებს „საქართველოს ცივილიზაციური არჩევანის აღიარებისთვის“.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა საქართველოს კანდიდატის სტატუსის  მიღება მიულოცა და საქართველოს ევროპულ გზაზე დაპატიმრებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილს წვლილს გაუსვა ხაზი.

 „მისი პოლიტიკური პატიმრობის დასასრული ახლოვდება და ევროპულ საქართველოში კრემლის აგენტების მიერ პოლიტიკურ მძევლობაში პოლიტიკური პატიმრები არ გვეყოლება“, – განაცხადა ხაბეიშვილმა. „წინ გვაქვს დიდი ბრძოლა და დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი ამ გამარჯვებას მიიყვანს ბოლომდე“.

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა: „ეს საქართველოს, ქართველი ხალხის გამარჯვებაა. განსაკუთრებით, ახალგაზრდების. ეს გამარჯვება, რა თქმა უნდა, ეძღვნება ჩვენს წინაპრებს, რომლებიც საუკუნეები იბრძოდნენ სიცოცხლის ფასად, იმისთვის, რომ ჩვენი სამშობლო გამხდარიყო ქრისტიანული ევროპის ნაწილი! დღეს ყველამ უნდა ვიზეიმოთ, ყველამ ერთად“.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა Twitter-ზე დაწერა, რომ მისალოცად დაურეკა მოლდოვისა და უკრაინის პრეზიდენტებსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს. მან აღიარა ევროპის საბჭოს მიერ მიღებული ისტორიული გადაწყვეტილება და ხაზი გაუსვა, რომ ამ ქვეყნების მომავალი ევროკავშირის ოჯახშია.

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ საქართველოს ხალხს Twitter-ზე მიულოცა და გადაწყვეტილების ისტორიული მნიშვნელობა აღიარა როგორც ქვეყნისთვის, ასევე ევროკავშირისთვის. „ჩვენ მოვისმინეთ თქვენი და თქვენი ევროპული მისწრაფებები და დღეს საქართველო ამაყობს იმით, რომ მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა მან.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართველ ხალხს და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიულოცა: „საქართველო ჩვენს საერთო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის“.

მოლდოვას პრეზიდენტმა მაია სანდუმ საქართველოსა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიულოცა და განაცხადა: „მოლდოვა თქვენ გვერდით დგას ამ გზაზე, რადგან ერთად ვქმნით უფრო ძლიერ, უფრო გაერთიანებულ ევროპას“.

ნიკა მელიამ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა და ახალ პარტიას ქმნის

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია პარტიას ტოვებს. ამის შესახენ ნიკა მელიამ 7 დეკემბერს ჩატარებულ ბრიფინგზე განაცხადა.

მელიას თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ შენარჩუნებულიყო პრინციპები, მაგრამ მიიღო “ყრუ კედელი”.

მელიას შეფასებით, შეიქმნა “მოჯადოებული წრე” და “მანკიერ წრეში” დარჩენა ნიშნავს უარის თქმას სიმართლეზე, ღირსებაზე, მორალზე და საქართველოს მომავალზე.

ნიკა მელიას თქმით, მაშასადამე, მიდის წინ მომავლისკენ და წარსულს ტოვებს წარსულში.

ამასთან, მელიას განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პოლიტიკურ სტანდარტად აქცია არაფორმალური მართვა, კულუარული გავლენები, პოლიტიკითა და პოლიტიკოსებით ვაჭრობა, განსხვავებული აზრის დევნა და დემოკრატიისათვის კარის დაკეტვა.

„ბოლო 11 წლის განმავლობაში არ შემიწყვეტია ბრძოლა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, რადგან ვთვლიდი და ვთვლი, რომ ეს ხელისუფლება, საქართველოს უკარგავს განვითარების პერსპექტივას და ართმევს მომავალს. მომავალს, რომელიც ქვეყანას უნდა ჰქონდეს გაცილებით უკეთესი, ვიდრე აქვს აწმყო.

ვიბრძოდი პარლამენტის ტრიბუნიდან, ქუჩიდან, საერთაშორისო პლატფორმებიდან და ციხის საკნიდან. ვცდილობდი ვყოფილიყავი ყველგან, სადაც ილახებოდა ხალხის თავისუფლება.

ამ პროცესში არ მქონია სხვა არანაირი პოლიტიკური მიზანი, გარდა ხალხის და ჩემი ქვეყნის ინტერესისა.

11 წლის თავზე ჩვენ ქვეყანაში გვაქვს პოლიტიკური კლიმატი, რომელიც მთლიანად დაფუძნებულია, მხოლოდ ფულსა და არაფორმალურ ინტერესებზე, გვაქვს გახრწნილი პოლიტიკური სისტემა, სადაც გასაქანი არ ეძლევა პატიოსნებას, წესიერ, გამოცდილ ადამიანებს, ახალგაზრდებს, ზნეობრივ და გულწრფელ პოლიტიკას, იდეალისტებს.

პოლიტიკური კლასის დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ ბრძოლის მთავარი იარაღი დღეს არის ფული, მე კი მიმაჩნია, რომ პოლიტიკური ბრძოლის მთავარი იარაღი არის სიმართლე, სიტყვის ფასი, გულწრფელობა. სამწუხაროდ, „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ თავის პოლიტიკურ სტანდარტად აქცია არაფორმალური მართვა, კულუარული გავლენები, პოლიტიკითა და პოლიტიკოსებით ვაჭრობა, განსხვავებული აზრის დევნა, დემოკრატიისათვის კარის დაკეტვა. ეს პარტიაც პოლიტიკაში გამდიდრებულმა ადამიანებმა გადააქციეს ვიწრო კლუბურ მოძრაობად.” – აღნიშნა მელიამ.

7 დეკემბერს საკუთარ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ნიკა მელიამ მადლობა გადაუხადა “ასიათასობით მხარდამჭერს” და თქვა, რომ მათთან ერთად გააგრძელებს ბრძოლას.

პარტიის ყოფილი თავმჯდომარის განცხდების შემდეგ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ბათუმის, ზუგდიდის, ჭიათურის, ხობის, კასპისა, კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის და თბილისის ორგანიზაციის წევრებმა დატოვეს.

მოლოდ თბილისში, პარტია 300-მდე წევრმა დატოვა, მათ შორის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე წევრმაც.

27 ნოემბერს პარტიის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ მისი წინამორბედი ნიკა მელია აღარ არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი.

ნიკა მელია პარტიის მოქმედი თავმჯდომარის კრიტიკოსია. ის აცხადებს, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის არაფორმალური მმართველობაა.

დავით კეზერაშვილი 2006-08 წლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი იყო. 2019 წლის 5 სექტემბრიდან ტელეკომპანია „ფორმულას“ საკონტროლო პაკეტის მფლობელია. ვანო მერაბიშვილი 2012 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, 2004-12 წლებში კი საქართველსო შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. ის „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და ყოფილი გენერალური მდივანია.

NDI: ქართველების 79% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას

საქართველოს მოქალაქეები ერთსულოვნად უჭერენ მხარს ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ამის შესახებ აშშ-ის „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევაში ვკითხულობთ.

როგორც NDI აღნიშნავს, ევროინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობის ურყევი ნებაა – 79% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას. ამასთან, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ევროკავშირს საქართველოს უმთავრეს ეკონომიკურ და პოლიტიკურ პარტნიორად აღიარებენ.

ევროკავშირის მხარდაჭერა ყველაზე მაღალი დიდი ქალაქების მოსახლეობასა და ახალგაზრდებს შორისაა, ყველაზე დაბალი კი – ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში.

კვლევის თანახმად, რესპონდენტების 37% ფიქრობს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა მხოლოდ პროდასავლური უნდა იყოს, ხოლო 36% ფიქრობს, რომ პროდასავლური უნდა იყოს, თუმცა ქვეყანამ კარგი ურთიერთობა უნდა შეინარჩუნოს რუსეთთან.

კვლევის თანახმად, მოსახლეობის აზრი გაყოფილია იმაზე, რა ძალისხმევას დებს მთავრობა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. „ქართული ოცნების” მხარდამჭერებსა და სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას ყველაზე მეტად სჯერათ, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად.

ნატოს მიმართ მხარდაჭერა ოდნავ შემცირდა, 67% კვლავ მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანების მიზანს; მარტში ეს მაჩვენებელი 73% იყო.

NDI აღნიშნავს, რომ ყოველი მეორე ქართველი ამბობს, რომ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება საუკეთესოა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის. კითხვაზე, რომელ ქვეყნებთან და გაერთიანებებთან უნდა ჰქონდეს საქართველოს ყველაზე მჭიდრო პოლიტიკური თანამშრომლობა, 60% ევროკავშირს ასახელებს, 38% აშშ-ს, 20% რუსეთს და 17% ნატოს.

გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 54% მთავრობის საქმიანობას დადებითად აფასებს, რაც წინა გამოკითხვასთან შედარებით 10%-ით მეტია.

გამოკითხულთა 62% მიიჩნევს, რომ საქართველოში მყოფი არცერთი პოლიტიკური პარტია არ წარმოადგენს მათ ინტერესებს, ხოლო 53% ფიქრობს, რომ დეპუტატები არ ითვალისწინებენ მათნაირი ხალხის აზრს.

კვლევის თანახმად, ფასების ზრდა, სამუშაო ადგილები და სიღარიბე რჩება მთავარ ეროვნულ პრობლემად. რესპონდენტთა და მათ ოჯახებთან დაკავშირებული ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული პრობლემის შესახებ კითხვაზე, 37%-მა ინფლაცია დაასახელა, 35%-მა – სამუშაო ადგილები, 28%-მა – სიღარიბე და 23%-მა – ტერიტორიულ მთლიანობა.

გამოკითხვა 2023 წლის 12 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ჩატარდა. საზოგადოებრივი აზრის კვლევა სულ 2 068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2.2%-ია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.