ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე გახდა

30 დეკემბერს „ქართული ოცნების“ ყრილობა ჩატარდა. 350-მდე დელეგატმა პარტიის საპატიო თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილი აირჩია.

ივანიშვილმა პარტიის ყრილობაზე საჯარო პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზებზე ისაუბრა.

„როგორც მოგეხსენებათ, პოლიტიკური საქმიანობა არ არის ჩემს ხასიათში. ყველას ახსოვს, რომ ჯერ კიდევ 2012 წლის არჩევნებამდე გავუზიარე საზოგადოებას ჩემი განზრახვა, რომ არჩევნებში გამარჯვებიდან ძალიან მალე დავტოვებდი პოლიტიკას“ – თქვა მან.

„ერთადერთი, რისი გათვლაც არ შემეძლო, იყო ქვეყნისა და გუნდის ღალატი, რომელიც პოლიტიკიდან ჩემი დისტანცირებიდან სულ რაღაც ერთ თვეში გიორგი გახარიამ იკადრა. მაშინ მომიწია, მრჩევლის ფუნქცია მეტვირთა და გუნდს კონსულტაციებით რომ არ დავხმარებოდი, პროცესები ქვეყნისთვის უმძიმესი სცენარით განვითარდებოდა. მას შემდეგ, პარტიის 2-3 ლიდერთან მქონდა კომუნიკაცია, რაც გუნდში ჯანსაღი ვითარების შენარჩუნებას უწყობდა ხელს. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ პარტიის ყოფილი ლიდერის მიერ გუნდისთვის რჩევების მიცემა ჩვეულებრივი მოვლენაა და ასეთი რამ უამრავ დემოკრატიულ ქვეყანაში ხდებოდა და ახლაც ხდება“ – განაცხადა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა.

მან მმართველ პარტიაში კორუფციის რისკებზეც ისაუბრა: “ოპოზიციის განადგურების პირობებში, იზრდება რისკები მმართველ გუნდში. ოპოზიციის არარსებობამ მმართველ პარტიას მარტივად შეიძლება თავბრუ დაახვიოს და მოადუნოს. გარდა ამისა, როდესაც გარეთ დასაპირისპირებელი არავინ გრჩება, ჩნდება ცდუნება, დაპირისპირება გუნდის შიგნით გამოიგონო. ასევე, ოპოზიციური კონტროლის არარსებობის პირობებში, კორუფციის რისკებიც მატულობს, რასაც საგანგებო დაზღვევა ესაჭიროება.”

8 იანვარს გამოქვეყნდა „ქართული ოცნების“ განახლებული წესდება, რომელიც პარტიის ყრილობამ 30 დეკემბერს დაამტკიცა. განახლებული წესდებით ივანიშვილი ფორმალურად გამოიყენებს ძალაუფლებას, რომელიც მას პოლიტიკაში ყოფნისას ყოველთვის ჰქონდა, თუმცა აქამდე კულისებიდან.

„საპატიო თავმჯდომარის“ სტატუსი თავის სიმბოლურ მნიშვნელობას სცილდება; იგი ფორმალურს ხდის ივანიშვილის ხელშესახებ გავლენებს, წარმოადგენს მას, როგორც პარტიის „გრავიტაციის ცენტრს,“ როგორც მან თავად განაცხადა პოლიტიკაში მესამედ დაბრუნების დღეს. წესდება პირდაპირ აცხადებს, რომ მისი ერთ-ერთი მთავარი როლი სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის წარდგენაა, რომელიც შემდგომ პოლიტიკურმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს. იმის გათვალისწინებით, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს პარტიაში ლეგიტიმაციის მაღალი ხარისხი აქვს, შანსი იმისა, რომ პოლიტიკურმა საბჭომ ოდესმე გაბედოს ივანიშვილის მიერ წარდგენილი კანდიდატის უარყოფა, თითქმის არ არსებობს.

ივანიშვილის პარტიულ თანამდებობაზე დაბრუნება შეაფასეს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებას პოლიტიკაში, მე მინდა გითხრათ, რომ ყველამ კარგად მოისმინეთ მისი სიტყვა და კითხვები აღარ არსებობს. მან თავად განმარტა ყველა ის მიზეზი, რის გამოც იგი ბრუნდება პოლიტიკაში… დღეს გეოპოლიტიკური ვითარება იცვლება ყოველდღიურად, ეს გეოპოლიტიკური ვითარება რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაზე აისახება. იცვლება საერთაშორისო წესრიგი, მსოფლიო წესრიგი. არავინ არ იცის ეს რამდენ ხანს გასტანს და ეს კატაკლიზმები კიდევ რას გამოიწვევს ქვეყნებისთვის… ამ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში ბატონი ბიძინას როლი რა თქმა უნდა, არის გადამწყვეტი და აქაც უნიკალური როლის შესრულება იკისრა მან“.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა: „კარგია, რომ ივანიშვილმა როგორც იქნა მოახერხა სამალავიდან გამოსვლა. თავის მართლება სუსტი იყო. გამოწვევა მიღებულია. გილოცავთ ახალ წელს“.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ აღნიშნა:  „2023 წელს ქართველი ხალხის გამარჯვებამ „ქართულ ოცნებაზე“ აიძულა ივანიშვილი საჯარო პოლიტიკაში კვლავ გამოჩენილიყო, ის არსად წასულა. იმიტომ რომ შეეშინდა იმ ძალიან სწრაფი ვარდნის „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის, რომელიც ახლა მიმდინარეობს… მეორე, ის რომ ცალსახად მხოლოდ პირადი კეთილდღეობისთვის და უსაფრთხოებისთვის დაბრუნდა“.

ივანიშვილის ოლიგარქად მოხსენიების შემდეგ, დანიის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტრო დაიბარეს

საქართველოში დანიის ელჩი ანე ტოფტ სორენსენი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. 

ელჩი საგარეო უწყებაში მას შემდეგ დაიბარეს, რაც მან „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია. 

ივანიშვილზე ელჩმა დანიურ გამოცემა Jyllands-Posten-ში გამოქვეყნებულ მოსაზრებაში ისაუბრა, სადაც წერს საქართველოს და ქართველი ხალხის სწრაფვაზე ევროკავშირისკენ მიმავალი გზის შესახებ. 

„პარტია „ქართული ოცნება“, რომელიც ქვეყანას 2012 წლიდან მართავს, დააარსა ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც ქონება რუსეთში 90-იან წლებში დააგროვა. ოპოზიცია, რომელსაც სააკაშვილის “ნაციონალური მოძრაობა” ლიდერობს, განუწყვეტლივ ბოიკოტის რეჟიმშია პარლამენტში და მთავრობას ადანაშაულებს სასამართლოს პოლიტიზებაში, თავისუფალ მედიაზე ზეწოლაში და ოპოზიციის წევრების შევიწროებაში“, – წერს ელჩი თავის მოსაზრებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ დღევანდელ შეხვედრაზე დანიურმა მხარემ “წუხილი გამოთქვა” და განაცხადა, რომ სტატია გამიზნული იყო დანიის მხრიდან საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისთვის და “სამწუხაროა, რომ ოპონენტების მხრიდან იგი უარყოფით კონტექსტში გამოიყენეს”.

„როგორც შეხვედრაზე ქართულმა მხარემ აღნიშნა, სამწუხაროა, რომ პუბლიკაციაში ადგილი ჰქონდა მნიშვნელოვან ფაქტობრივ უზუსტობებს და არაობიექტურ შეფასებებს, რაც ხელს არ უწყობს ქვეყნის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის დანიური მკითხველის პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში. შეხვედრაზე, ასევე ხაზი გაესვა, რომ აღნიშნული პუბლიკაცია ცალკეული ძალების მხრიდან პოლიტიკური ინტერპრეტაციებისთვის გამოიყენეს, რაც ბუნებრივია ხელს უშლის ქვეყნის მიმართ ევროკავშირის მიერ განსაზღვრული მთავარი ამოცანის – დეპოლარიზაციის ეფექტიან განხორციელებას“, – წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ დანიის ელჩმა შენობა მედიასთან კომენტარის გარეშე დატოვა.

მანამდე ელჩის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებას გამოეხმაურა პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე. მან თქვა, რომ ელჩის „ეს განცხადება ჩვეულებრივი სიბინძურეა“.

თბილისში საღებავი შეასხეს ხატს, რომელზეც სტალინია გამოსახული

სოციალურ ქსელში 9 იანვარს გავრცელდა ვიდეოკადრები, რომლებშიც ჩანს, რომ თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში, ლურჯი საღებავი შეასხეს მატრონა მოსკოველის ხატს, რომელზეც ასევე გამოსახულია სტალინი. 

“ხატის შეურაცხყოფის” გამო 10 იანვარს მის სახლთან აქცია გამართა ძალადობრივმა ჯგუფმა, რომელიც “ალტ-ინფოს” მოწოდებით შეიკრიბა. აქციაზე ისინი შეურაცხყოფას აყენებდნენ არა მხოლოდ ნატა ფერაძეს, არამედ იქ მომუშავე ჟურნალისტებსაც.

6 იანვარს დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ ფეისბუკზე გამოაქვეყნა იმ ხატის ფოტოები, რომელიც თბილისში, სამების საკათედრო ტაძარშია განთავსებული და მასზე საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინია გამოსახული.

11 იანვარს საქართველოს საპატრიარქომ მატრონა მოსკოველის ხატის შემწირველებს მოუწოდა, შეცვალონ სტალინთან შეხვედრის ეპიზოდი. პრესსამსახურის ინფორმაციით, თუ შემწირველი არ შეცვლის ამ ფრაგმენტს, საპატრიარქო ამას თავად გააკეთებს.

„მივმართავთ შემომწირველთ, თვითონ შეიტანონ სათანადო ცვლილებები ხატში, ან ამას ჩვენ გავაკეთებთ“, – წერია განცხადებაში. მასში განმარტებულია მიზეზი, რის გამო გადაწყვიტეს საპატრიარქოში ხატის იმ ფრაგმენტის შეცვლა, რომელმაც საზოგადოებაში მღელვარება გამოიწვია. კერძოდ, საპატრიარქოს პრესსამსახური აღნიშნავს, რომ რუსეთის ეკლესიას იოსებ სტალინის წმინდა მატრონასთან შეხვედრა, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, არ შეუტანია „მისი ცხოვრების კანონიკურ ტექსტში“.

„ვინაიდან ი. სტალინის შეხვედრა წმ. მატრონასთან, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, არ არის შეტანილი მისი ცხოვრების კანონიკურ ტექსტში, არ არის აღიარებული რუსეთის ეკლესიის მიერ, რომელმაც იგი წმინდანად შერაცხა და ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალური კვლევაც ჩაატარა, აუცილებელია აღნიშნული ეპიზოდის შეცვლა და ხატწერის კანონიკასთან დაკავშირებული სხვა დეტალების გათვალისწინებაც“, – განმარტავს საპატრიარქო.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.