საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გადადგა

29 იანვარს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გადადგა და პარტიის თავმჯდომარის პოსტს გადაიბარებს. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებაზე “გუნდთან ერთად” იმსჯელა.

„ტოვებ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას… პრემიერის თანამდებობაზე მუშაობა მეორე ვადით ურთულეს შიდა თუ საერთაშორისო პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური კრიზისების პირობებში დავიწყე, მე პირნათლად ვემსახურე ჩვენს ქვეყანას, უკომპრომისოდ ვიცავდი ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებს და ვამაყობ შედეგებით, რომელსაც ამ პერიოდში გუნდთან ერთად მივაღწიეთ.

ქართული ოცნების მმართველობის პირობებში მე ორჯერ მომიწია ამ უმაღლეს თანამდებობაზე მუშაობა, ჯამში ყველაზე მეტ ხანს, ხუთი წელი ვიყავი პრემიერ-მინისტრი. ჩვენი პოლიტიკური გუნდის სიძლიერის ერთერთი უდიდესი ფაქტორი არის შიდა დემოკრატია, რომლის ყველაზე მკაფიო გამოვლენება გახლავთ როტაციის პრინციპი, გუნდში მრავალი წარმატებული ლიდერია და საჭიროა, სხვებსაც მიეცეთ შესაძლებლობა.

არ დაგიმალავთ, პოლიტსაბჭოზე განვიხილეთ შესაძლებლობაც, რომ თანამდებობაზე ზაფხულში საარჩევბო კამპანიის დაწყებამდე დავრჩენილიყავი, თუმცა, ვარჩიე, ახლა მიმეღო ეს გადაწყვეტილება“ – თქვა ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ „მნიშვნელოვანია, რომ შემდეგმა პრემიერმა დროულად წარადგინოს თავისი გუნდი და ჩამოაყალიბოს ახალი მთავრობა“.

იმავე დღეს, ტელეკომპანია “იმედმა” დაწერა, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გახდება.

ირაკლი ღარიბაშვილი პირველად პრემიერ-მინისტრად 2013 წელს დაინიშნა, თუმცა, ორ წელში, 2015 წელს მან თანამდებობა და პარტია დატოვა. 

ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში 2019 წელს დაბრუნდა, როგორც თავად თქვა, “გუნდის პრობლემების გამო”. ის პარტიის პოლიტიკური მდივანი, მოგვიანებით კი, თავდაცვის მინისტრი გახდა. 2021 წლის 18 თებერვალს კი, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილი ქართულმა ოცნებამ პრემიერ-მინისტრად მეორედ წარადგინა.

კეკელიძის ქუჩაზე ოჯახის გამოსახლების დროს მიმდინარე აქციაზე დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა მიესაჯათ 

25 იანვარს კეკელიძის ქუჩაზე დაკავებულ ორ ადამიანს, კაკო ჩიქობავას და გიორგი ხასაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. გამოძიება ჩიქობავას და ხასაიას სისხლის სამართლის კოდექსით ედავება – ისინი აღსრულების ეროვნული ბიუროს მანქანის დაზიანების ბრალდებით დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი მათ 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

გიორგი ხასიასა და აკაკი ჩიქობავას ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით მიმართეს.

აღსრულების პოლიციამ 23 იანვარს, თბილისში, კეკელიძის N1-ში მდებარე ბინიდან გამოასახლა ოჯახი. პოლიციამ გამოსახლების პროცესის გასაპროტესტებლად ბინაში ოჯახის წევრებთან ერთად შეკრებილ ადამიანებს ჯერ სივრცის დატოვებისკენ მოუწოდა, შემდეგ კი ისინი ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა.

აღსრულების პოლიცია ბინაში შესვლას ორ საათზე მეტხანს ცდილობდა. მათ შედუღებული დახვდათ როგორც ბინაში, ისე სადარბაზოში შესასვლელი კარები. ბინაში შესვლაში მათ დაეხმარნენ საპატრულო პოლიცია და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ტექნიკა და თანამშრომლები.

პოლიციამ საცხოვრებელი ბინიდან ოჯახის გამოსახლების პროცესში ჯამში 20 ადამიანი დააკავა. მათ შორის – ორი სისხლის სამართლის კოდექსით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის დარღვევისთვის (პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა) დააკავეს 18 ადამიანი, მათ შორის იყო ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი.

ანტიკორუფციული ბიურო 300 თანამდებობის პირის დეკლარაციას შეამოწმებს

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და კორუფციის მაღალი რისკის გამო, ანტიკორუფციული ბიურო საქართველოს მთავრობის წევრების, პარლამენტის დეპუტატების, აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოსა და მთავრობის წევრების ქონებრივი დეკლარაციების შემოწმებას გეგმავს.

როგორც ანტიკორუფციული ბიუროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მიმდინარე წლის განმავლობაში, ბიურომ, ჯამში, 300 თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციის შემოწმების გადაწყვეტილება მიიღო.

მათივე ინფორმაციით, მათ შორის, ბიურო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის, მინისტრთა კაბინეტის წევრების, მათი მოადგილეებისა და პარლამენტის დეპუტატების, ასევე, თბილისის მერის, კახა კალაძის ქონებრივი დეკლარაციებითაც დაინტერესდება.

22 იანვარს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ განაცხადა, რომ ორგანიზაციის ძალისხმევით, 2024 წელს დამატებით 300 თანამდებობის პირის ქონების დეკლარაცია შემოწმდება. ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ წინა წლების სტატისტიკით, თითქმის ყოველი მეორე თანამდებობის პირი ქონებას არასრულად ასაჯაროებს, რის გამოც ჯარიმდება.

ფინანსთა მინისტრის თქმით, საბაჟოზე სანქციების შესაძლო გვერდის ავლის 1 770 შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, სანქციების შემოღების შემდეგ საქართველოს საბაჟოზე მათზე გვერდის ავლის შესაძლო 1 770 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ მან საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე ისაუბრა.

“სანქციების შემოღების შემდეგ, საქართველოს საბაჟო საზღვრებიდან გაბრუნებისა და საბაჟო პროცედურების განხორციელებაზე დაფიქსირებული გვაქვს უარის თქმის 1770 შემთხვევა. დღეისათვის აქტიურია 36 საოპერაციო რისკის პროფილი, რომელიც ავტომატურ რეჟიმში ახდენს სანქცირების შესახებ მონაცემთა იდენტიფიცირებას და დამატებითი რისკ-ფაქტორების გამოვლენის ინიცირებას. ჩვენი საბაჟო სამსახურების მუშაობა ამ მიმართულებით, აღიარებულია ყველა პარტნიორი ქვეყნის მიერ უმაღლეს დონეზე”, – თქვა ხუციშვილმა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, დაახლოებით 1000 შემთხვევა იყო ისეთი, როდესაც ბიზნესპარტნიორებმა საბაჟო ორგანოს შესაბამისი კონსულტაციებისთვის მიმართეს.

მისივე განცხადებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, შემოსავლების სამსახურში სპეციალური ჯგუფი შეიქმნა, რომელიც საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიის გავლით გადაადგილებისას სანქცირებული ტვირთებისა და პირების საკითხს უწევს მონიტორინგს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.