საქართველოს პარლამენტმა პრემიერ-მინისტრი და მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა

პარლამენტმა საქართველოს მთავრობა დაამტკიცა – მთავრობას ნდობა 84-მა დეპუტატმა გამოუცხადა, მოწინააღმდეგე კი 10 დეპუტატი იყო. საკანონმდებლო ორგანომ მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს კენჭი 8 თებერვლის პლენარულ სხდომაზე უყარა.

მთავრობას ირაკლი ღარიბაშვილის ნაცვლად ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს და ის საქართველოს ახალი პრემიერმინისტრი იქნება. გარდა ამისა, ახალ კაბინეტში მხოლოდ თავდაცვის მინისტრი შეიცვალა და ჯუანშერ ბურჭულაძის ნაცვლად პოსტს ირაკლი ჩიქოვანი დაიკავებს. როგორც 1 თებერვალს კობახიძემ თქვა, ბურჭულაძემ პოსტის დატოვება და პოლიტიკიდან სხვა სფეროში გადანაცვლება თავად მოისურვა.

დამტკიცებამდე ირაკლი კობახიძემ პარლამენტს სამთავრობო პროგრამა „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ წარუდგინა.

სიტყვით გამოსვლისას კობახიძემ რამდენჯერმე ახსენა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და მადლობა გადაუხადა მას პრემიერად წარდგენისთვის.

„ის, რომ საქართველოს დღეს აქვს დემოკრატია, მშვიდობა, ეკონომიკური წინსვლა და გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, პირველ რიგში, არის ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურება“, – განაცხადა მან.

1 თებერვალს ქართული ოცნების მე-8 ყრილობაზე ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს, ხოლო ირაკლი კობახიძის კანდიდატურა პრემიერმინისტრის თანამდებობაზე წარადგინეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა 29 იანვარს დაადასტურა, რომ პრემიერმინისტრის თანამდებობას მეორედ ტოვებდა და პარტიის თავმჯდომარის პოსტს გადაიბარებდა. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებაზე “გუნდთან ერთად” იმსჯელა.

პაპუაშვილი არასამთავრობოებს „გაუმჭვირვალობასა“ და „პოლიტიკურ მიკერძოებაში“ ადანაშაულებს

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საქართველოში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას კიდევ ერთხელ დაესხა თავს.

მან „ფეისბუქსა“ და „ტვიტერზე“ ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოაქვეყნა ვრცელი ტექსტი, რომლის თანახმადაც, პრობლემაა, რომ ქვეყანაში მუშაობენ „მდიდარი NGO-ები, რომლებიც საზღვარგარეთიდან ფინანსდებიან”. პაპუაშვილს არ მოსწონს „აღმოსავლეთის პარტნიორობის ინდექსის“ 24 იანვარს გამოქვეყნებული ანგარიში, რომელიც ორგანიზაციებმა მოამზადეს.

ინდექსის მიხედვით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანას შორის საქართველო მესამე ადგილს იკავებს 0.63 ქულით. პირველ ადგილზე მოლდოვა, ხოლო მეორე ადგილზე უკრაინაა. მეოთხე, მეხუთე და მეექვსე ადგილებს, შესაბამისად, სომხეთი, აზერბაიჯანი და ბელარუსი ინაწილებენ.

დოკუმენტი ხაზს უსვამს, რომ „მნიშვნელოვანი კლება იყო ამ ინდექსით განსაზღვრულ თითქმის ყველა თემატურ სფეროში, როგორიცაა დემოკრატიული უფლებები, არჩევნები და პოლიტიკური პლურალიზმი, კორუფციასთან ბრძოლა, ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმები, სახელმწიფოს ანგარიშვალდებულება, დამოუკიდებელი მედია, საჯარო ადმინისტრაცია, საბაზრო ეკონომიკა, თავისუფლება, უსაფრთხოება და მართლმსაჯულება, გარემოსა და კლიმატის პოლიტიკა“ და რომ ერთადერთ გამონაკლისს შეკრების თავისუფლება წარმოადგენს.

შალვა პაპუაშვილი თავისი წერილის დასაწყისში ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის გაწევრების მოლაპარაკებებისთვის ემზადება და „9 ნაბიჯზე“ მუშაობს. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, „მნიშვნელოვანია, ამ პროცესში ქართული სამოქალაქო საზოგადოება იყოს აქტიური, კეთილგანწყობილი და კონსტრუქციული და რომ საქართველოს ხელისუფლება მიესალმება სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას. მაგრამ, ზოგიერთი სერიოზული საკითხი მოუგვარებელი რჩება”.

„ეს არასამთავრობოები ახლა „ევროკავშირისკენ 9 ნაბიჯის პროცესით მანიპულირებასაც ცდილობენ და ამბობს, რომ NGO-ებიც „რადიკალი პარტიების მსგავსად იქცევიან – როგორც კი უკმაყოფილონი არიან პროცესის შედეგებით, მაშინვე თავად პროცესს უპირისპირდებიან და ცდილობენ, რომ პროცესი ან ჩაშალონ ან, თუ ვერ ჩაშალეს, მიატოვონ”. – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

„უმდიდრესი ხუთი არასამთავრობო ორგანიზაცია უფრო მეტ ფულს განაგებს, ვიდრე ყველა პოლიტიკური პარტია, ერთად აღებული, არასაარჩევნო პერიოდში. თანაც, მთელი ეს ფული უცხოური წყაროებიდან მომდინარეობს. იბადება შეკითხვა, რატომ? საქართველოში ხალხიც და ბიზნესიც ფულს წირავს პოლიტიკურ პარტიებს, ოპოზიციური პარტიების ჩათვლით. ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკური შურისგების საშიშროება არ დგას. მეტიც, საკმაოდ დიდი ფული იხარჯება ქველმოქმედებაზე, რაც ნიშნავს, რომ მოსახლეობაც და ბიზნესიც საკმაოდ ხელგაშლილია. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, გასაკვირია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ვერაფრით მოახერხეს ხალხისა და ბიზნესის დარწმუნება, რომ მათგან დაფინანსება მიიღონ და, ამიტომაც, თითქმის მთლიანად უცხოეთზე არიან დამოკიდებულნი.” – აღნიშნავს ის.

გარდა ამისა, შალვა პაპუაშვილისთვის პრობლემაა „უცხოური დაფინანსების გაუმჭვირვალობა“ – NGO-ების დაფინანსების გამჭვირვალობის საბაბით 2023 წელს „ქართულმა ოცნებამ“ აგენტების შესახებ რუსული კანონის მიღება სცადა, თუმცა მასშტაბური პროტესტის შემდეგ გაიწვია.

„ერთობის  პლატფორმა ევროპისთვის“ ფარგლებში პრეზიდენტმა ოპოზიციასთან შეხვედრები გამართა

6 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოვიდა ინიციაივით, შექიმნას “ერთობის პლატფორმა ევროპისთვის”.

“მიზანი გაგვაჩნია – ევროპული მომავალი, ამისათვის მთავარ პრიორიტეტებზე შეჯერებაა საჭირო. ამის მიღწევა შესაძლებელია ერთობლივი პლატფორმის ჩამოყალიბებით. ეს არის ის, რასაც გთავაზობთ, შევქმნათ, მომავლის ქარტია -“ერთობის პლატფორმა ევროპისთვის”! მე მზად ვარ ამ პლატფორმის ჩამოყალიბებაში ჩემი პასუხისმგებლობა ავიღო და ჩემს ადმინისტრაციასთან დავაარსო საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც ევროპულ პრიორიტეტებზე ყველა კონკრეტულ შეთავაზებას მოუყრის თავს და დიალოგით და კონსენსუსის წესით ხელს შეუწყობს ერთობლივი დოკუმენტის ჩამოაყალიბებას.” – აღნიშნა პრეზიდენტმა.

იმავე დღეს, “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ მისი პარტია და “ნაციონალური მოძრაობა” მზად არიან აღნიშნულ ინიციატივას შეუერთდნენ, თუმცა მისი თქმით, დიდ ერთიანობას სააკაშვილის გათავისუფლება სჭირდება.

7 თებერვალს, სალომე ზურაბიშვილი პარტია “ლელო – საქართველოსთვის” ლიდერებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს შეხვდა.

“პრეზიდენტთან შეხვედრა იყო მის ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც მან გააჟღერა გუშინ პარლამენტში გამოსვლისას. ეს ინიციატივა ემსახურება იმას, რომ მოხდეს პროქართული ძალების გაერთიანება ქვეყნის ძირითადი მიზნის ირგვლივ, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ქვეყანამ რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებაზე და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა. სწორედ ეს არის ის ინიციატივა, რომელიც უპირისპირდება ქართული ოცნების მცდელობას, რომ გახლიჩოს საზოგადოება და ჩვენ ამას უნდა დავუპირისპიროთ სწორედ გაერთიანებისკენ გადადგმული ნაბიჯები”- თქვა ბადრი ჯაფარიძემ შეხვედრის შემდეგ.

ამ ინიციატივის ფარგლებში ზურაბიშვილი პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლბეს შეხვდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.