„უნდა აიკრძალოს აშკარა ლგბტ პროპაგანდა“ – „ქართული ოცნება“
ახალ კანონპროექტს აანონსებს

„ქართული ოცნება“ ამზადებს კანონპროექტს, რომელიც მამუკა მდინარაძის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მტკიცებით, საზოგადოებას დაიცავს „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან“ და „მისი მავნე შედეგებისგან“. მდინარაძემ ამის შესახებ 29 თებერვალს ბრიფინგზე განაცხადა.

მდინარაძის განცხადებით, „ფსევდოლიბერალური იდეოლოგია“ გულისხმობს „არატრადიციული ორიენტაციის“ პროპაგანდას და „გენდერულად ნეიტრალური ტერმინოლოგიის დანერგვას“, როგორიცაა „მშობელი 1, მშობელი 2“ და ასე შემდეგ. ჯერ კიდევ 2023 წლის მაისში მდინარაძე აცხადებდა, რომ „ოცნება“ არ მიიღებდა კანონპროექტს „ლგბტ-პროპაგანდის“ აკრძალვაზე.

მოცემული იდეოლოგიისა და „მისი მავნე შედეგების“ დასადასტურებლად მდინარაძემ მოიშველია „საერთაშორისო კვლევები“. მისი მტკიცებით, ისინი ადასტურებს, რომ ქვეყნებში, სადაც „პროპაგანდა მიმდინარეობს“, „18-25 წლის ახალგაზრდებს შორის არატრადიციული ორიენტაციის მქონე 20% ან მეტია“.

მდინარაძის განცხადებით, უახლოეს ორ კვირაში მმართველი გუნდი ამ კანონპროექტს მოამზადებს, თუმცა პირობას დებს, რომ „ადამიანის უფლებები იქნება დაცული“, ხოლო „ცენზურა არ დაწესდება“. თუმცა ამბობს, რომ „უნდა აიკრძალოს აშკარა პროპაგანდა“.

პრეზიდენტის ინტერვიუ BBC-სთან: რუსულ საფრთხეებზე, სააკაშვილზე და აფხაზეთში რუსეთის პორტზე

იმაზე უნდა ვიფიქროთ, რუსეთს რა სურს, თუ ჩვენ რა გვსურს? – ყველას უნდა გვეშინოდეს, თუკი პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ წარმატებას აღწევს – ის სამხედრო კუთხით ჯერ არ დამარცხებულა, მაგრამ გამარჯვებული არ არის – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა BBC-სთან HARDtalk-ში ისაუბრა.

ასევე, საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კითხვა დაუსვეს. თუმცა პრეზიდენტი არ პასუხობს კითხვას სააკაშვილის შეწყალებაზე და საუბრობს მხოლოდ მის ექსტრადიციის შესაძლებლობაზე.

კითხვაზე, შესაძლოა, თუ არა უკრაინაში ომის ფონზე ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის პორტის აშენებამ საქართველოს ომში ჩათრევა შეძლოს? – პრეზიდენტმა უპასუხა: “შეიძლება“.

“რუსეთი საქართველოში მინიმუმ სამჯერ შემოიჭრა. ის განაგრძობს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას. ეს არ ეხება ოკუპაციას, ეს ეხება პირდაპირ ოკუპაციას, რუსეთის სამხედრო ბაზებს ჩვენს ტერიტორიაზე. ის, რასაც ახლა რუსეთი ცდილობს და რასაც გააგრძელებს, როგორც ის ევროპის და სხვა ქვეყნებში აკეთებს, არის ჰიბრიდული ომი, რომელიც უკვე დაწყებულია. ის ცდილობს პროპაგანდის გზით გამარჯვების მოპოვებას, დესტაბილიზაციას. მას აქვს ძველი ამბიციები და მისწრაფებები, რომ დარჩეს იმპერიულ სახელმწიფოდ, მაგრამ ჩვენ იმაზე უნდა ვიფიქროთ, რუსეთს რა სურს, თუ ჩვენ რა გვსურს?“ – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

“რამდენად იქნება ქვეყანაში სამართლიანი არჩევნების ჩატარება იმ ფონზე, როცა საქართველოს მესამე პრეზიდენტი პატიმრობაშია?” – ამ კითხვაზე პასუხად პრეზიდენტმა თქვა, რომ “თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ სად იქნება სააკაშვილი”. მისი თქმით, სააკაშვილი არ არის პოლიტიკური ოპონენტი ციხეში და ის სასჯელს რეალური დანაშაულებისთვის იხდის.

სალომე ზურაბიშვილი დიდ ბრიტანეთში 27 თებერვალს გაემგზავრა. ის 28 თებერვალს Chatham House-ის საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრო.

ღონისძიებამდე სალომე ზურაბიშვილმა Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ოქტომბერში საქართველოში მნიშვნელოვანი არჩევნებია და “ვიცით, საქართველოზე ბევრად ძლიერი ქვეყნების გამოცდილება, როგორ შეუძლია რუსეთს არჩევნებში ჩარევა და ჰიბრიდული ომის გაჩაღება”.

ჯანდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა. 

“საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ესაუბრა ჯანდაცვის მინისტრს, რის შემდეგაც ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა. ჯანდაცვის ახალ მინისტრს მთავრობის მეთაური უახლოეს დღეებში წარადგენს”. – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადაყენების მიზეზი კომუნიკაციის მიმართულებით შექმნილი პრობლემებია. ჟურნალისტებთან საუბრის დროს ირაკლი კობახიძემ ამის საილუსტრაციოდ დაასახელა “რესპუბლიკური საავადმყოფოს” მაგალითი.

“ვხედავდი პრობლემებს მართვის კომუნიკაციის კუთხით. ამასთან დაკავშირებით იყო უკმაყოფილება სამედიცინო საზოგადოებაში… არ შედიოდა ჩემს გეგმაში ჯანდაცვის მინისტრის შეცვლა, მაგრამ დავინახე ხარვეზები… ეს, პრაქტიკულად, დღეს გადაწყვეტილი საკითხია”, – უთხრა ჟურნალისტებს ზურაბ აზარაშვილის გადაყენების მიზეზზე საუბრისას პრემიერ-მინისტრმა და დასძინა, რომ “არგუმენტებს სჭირდება მოსმენა და სჭირდება გათვალისწინება”.

24 თებერვალს, ირაკლი კობახიძემ შეცვალა “რესპუბლიკური საავადმყოფოს​” დანგრევაზე ყოფილი პრემიერისა და ჯანდაცვის მინისტრის გადაწყვეტილება.

 

პაპუაშვილი: დროა, ევროკავშირი ევროპარლამენტარების ცილისმწამებლურ განცხადებებს გაემიჯნოს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში პოლონელი ევროპარლამენტარის, ანა ფოტიგას მიერ ევროპარლამენტის რეზოლუციაში შეტანილ შესწორებას გამოეხმაურა, რომლითაც სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს. პაპუაშვილის მითითებით, იგივე მოთხოვნა წამოაყენა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკისმაც. პაპუაშვილი წერს, რომ დროა, ევროკავშირი ევროპარლამენტარების განცხადებებს ოფიციალურად გაემიჯნოს.

პაპუაშვილის აზრით, სააკაშვილის შესახებ მისი უცხოელ მფარველების წარმოდგენებსა თუ “აუხსნელ განცხადებებს” და ქართველი ხალხის დამოკიდებულებას შორის არსებული გაუგებრობა კოგნიტურ დისონანს იწვევს, რაც ქვეყნის საგარეო ურთიერთობებს უქმნის საფრთხეს.

“ამგვარი განცხადებების ავტორები საერთოდ ვერ ხვდებიან სააკაშვილისა და მისი უცხოელი მფარველების მიმართ ქართული საზოგადოების უმრავლესობის მხრიდან ნეგატიურ დამოკიდებულებას. მაშინ, როდესაც სააკაშვილის ლობისტები მიესალმებიან საქართველოს ექსპრეზიდენტის “დამსახურებებს”, ქართველების უმეტესობისთვის ყველაფერი დიამეტრალურად საპირისპიროა. უფრო მეტიც, დასავლელი პოლიტიკოსების ასეთი აუხსნელი განცხადებები გარკვეულ კოგნიტიურ დისონანსს იწვევს, როდესაც ადამიანები იწყებენ კითხვას, თუ როგორ შეუძლია დემოკრატიულ დასავლეთს, კვლავ მხარს უჭერდეს ავტორიტარულ ფიგურას. ეს ასევე ბადებს ეჭვებს იმის შესახებ, ხომ არ არის დეკლარირებული “დასავლური ღირებულებები” უბრალო ხრიკი გარკვეული გეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად […].

შალვა პაპუაშვილის თქმით, სააკაშვილის მხარდამჭერი უცხოელი პოლიტიკოსები ცდილობენ მას იმიჯი შეუქმნან დემოკრატიულ ტრანსფორმაციაში მის როლზე, ინსტიტუციების მშენებლობასა და 2008 წელს რუსეთის შემოჭრის მოგერიებაზე საუბრით, რაც საქართველოს მოსახლეობის უმეტესობისათვის გამაოგნებელია, მათ მოსაზრებებთან შეუსაბამოა.

პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირს მოუწოდებს, გაემიჯნოს ევროპარლამენტარების “ცილისმწამებლურ” განცხადებებს და მისი პოზიცია დააფიქსიროს.

28 თებერვალს ევროპარლამენტმა ორი ანგარიში მიიღო, რომლებშიც საქართველოსადმი მხარდაჭერაა გამოხატული, ერთ-ერთი შესწორება კი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, რომ მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს. ამ შესწორების ავტორი პოლონელი ევროპარლამენტარი, ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმების ჯგუფისგენერალური მდივანი, ანა ფოტიგაა.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.