პროკურატურამ ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით გერმანიას და ბელგიას მიმართა

საქართველოს პროკურატურამ იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით გერმანიის და ბელგიის უწყებებს მიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, მიმართვა საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდა.„საქართველოს პროკურატურა, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ყველა კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებას ახორციელებს საქართველოში დანაშაულის ჩამდენი პირების ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარსადგენად, მიუხედავად მათი ადგილსამყოფელისა.

აღნიშნულ შემთხვევაშიც, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, პროკურატურამ მიმართა გერმანიის და ბელგიის კომპეტენტურ უწყებებს ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით”, – აცხადებენ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში.

იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილი ბრალდებულია პატიმრების წამების, ბუტა რობაქიძის მკვლელობის, კობა დავითაშვილის ცემის და სხვა სისხლის სამართლის საქმეებზე. აღსანიშნავია, რომ გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ პატიმრების წამების საქმეზე კიდევ ერთი ბრალდებული დავით ჭაკუა საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ქართულ მხარეს 2020 წელს გადასცა.

გერმანიაში გამართული შეხვედრების ამსახველი ფოტოები, რომლებზეც ზურაბ ადეიშვილი ჩანს, უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ “ფეისბუკის” გვერდზე გამოაქვეყნა. უკრაინის პროკურატურის ინფორმაციით, უკრაინის გენერალურმა პროკურურმა ანდრი კოსტინმა ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრაზე განიხილა ომის დანაშაულების მსხვერპლებთან და მოწმეებთან მუშაობის კოორდინაციისა და მათთვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის საკითხები. ასევე, უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისმა 6 მარტს გაავრცელა ფოტო, რომელზეც ანდრეი კოსტინსა და ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორის, გერტ იან კომპანს შორის შეხვედრაზე ზურაბ ადეიშვილიც იმყოფება.

საპასუხოდ, საქართველოში გერმანიის საელჩომ განმარტა, რომ ზურაბ ადეიშვილი 22 თებერვალს დებატების დროს იმყოფებოდა გერმანიის ბუნდესთაგის სტუმრებისთვის განკუთვნილ ტრიბუნაზე, როგორც უკრაინის ელჩის დელეგაციის წევრი. გერმანიაში არ არსებობდა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებზე დაფუძნებული მიზეზი იმისათვის, რომ მისთვის აეკრძალათ პარლამენტში შესვლა.

ნიკა მელიამ და ნიკა გვარამიამ პოლიტიკური პარტია შექმნეს

ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია და ტელეკომპანია “მთავარის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია საარჩევნოდ გაერთიანდნენ. ამის შესახებ მათ 11 მარტს შემაჯამებელი შეხვედრა და ერთიანი ბრიფინგი გამართეს.

პოლიტიკურ გაერთიანებას ახალი ერქმევა და საარჩევნო ნომერი – 4 იქნება

„ჩვენი პარტია არის ახალი, ჩვენ ვართ ერთად, ჩვენ ვიბრძვით საქართველოში ახალი გზებით ცვლილებებისთვის, ჩვენ შევცვლით, იმიტომ რომ ვიცით ბრძოლა, ვიცით რა ფასი აქვს მოუსყიდაობას, ვიცით რა ფასი აქვს სამშობლოს მსახურებას, ვიცით, როგორ დავძლიოთ სირთულეები და როგორ ვუპასუხოთ გამოწვევებს, ჩვენ ეს ვიცით, ჩვენ შევცვლით, მაგრამ ვიცით ასევე, როგორ ვმართოთ და ჩვენ გავაგრძელებთ ამ ქვეყნის ისტორიას წარმატებული ხელისუფლებით, წარმატებული ნაბიჯებით და ევროინტეგრაციით“. – თქვა ნიკა გვარამიამ პოლიტიკური გაერთიანების წარდგენისას.

მისივე თქმით, „ეს არ არის პარტიის პრეზენტაცია, ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება, რომ დავიწყოთ ერთად, დავიწყოთ სიახლით, დავიწყოთ შემდგომი გაერთიანებების სურვილით და მე გულმხურვალე მომხრე ვარ დიდი გაერთიანებების, მე ნებისმიერი დათმობისთვის ვარ თანახმა გამარჯვების სანაცვლოდ, მაგრამ ეს ვერ იქნება მხოლოდ ჩვენი ინიციატივა. ჩვენ არ მოგიწოდებთ არავის, რომ შემოგვიერთდეთ, გთავაზობთ, რომ გავერთიანდეთ. არ ვარ შემოერთებისთვის, გაერთიანებისტი ვარ და ამას გთავაზობთ“.

ნიკა მელიას თქმით, ცოტა ხანში გაიმართება პოლიტიკური გაერთიანების სადამფუძნებლო პარტიული ყრილობა. იგი დარწმუნებულია, რომ „ეს ერთობა მოიტანს ნიჰილიზმის დამარცხებას და გამარჯვების ბაცილის შეტანას ყველას ოჯახში, ქალაქსა და დაბაში“.

პოლიტიკური გაერთიანების პრეზენტაციაზე გარდა გვარამიასა და მელიასი, სიტყვით გამოვიდნენ ენმ-ს ყოფილი წევრი, გიორგი კირთაძე, პრეზიდენტის ყოფილი წარმომადგენელი, მაია კოპალეიშვილი და 2021 წელს ჭიათურის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი, ნოდარ ჩაჩანიძე.

უზენაესი სასამართლო „ვეტინგის“ შესახებ ინიციატივას აკრიტიკებს

საქართველოს უზენაესი სასამართლო მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო პროცედურის, ე.წ. ვეტინგის სისტემის დანერგვის ინიციატივასთან დაკავშირებით გამოთქვამს შეშფოთებას.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ნათელია, რომ ე.წ. ვეტინგი ერთმნიშვნელოვნად, არსებითად და პრინციპულად ლახავს სასამართლოსა თუ ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობას, ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას მართლმსაჯულების სისტემისადმი და მიზნად ისახავს „კეთილსინდისიერების“ შემოწმების საჭიროების თაობაზე უარყოფითი საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდაციას, რათა გაადვილდეს პოლიტიკური კონტროლის განხორციელება სასამართლო ხელისუფლებაზე.

„უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსამართლეთა მიმართ გარეგანი ზეწოლის როგორც მითითებული შინაარსი, ისე ამ მასშტაბით განხორციელება, საამისოდ გათვალისწინებული ფაქტობრივი მოცემულობის არარსებობის პირობებში, ქმნის გონივრულ ეჭვს, რომ აღნიშნული წარმოადგენს თითოეული მოსამართლისადმი ინდივიდუალურად მიმართულ გზავნილს – შესაბამისი დღის წესრიგით გაცხადებული პოლიტიკური კონტროლისათვის დაქვემდებარებაზე უარის გაცხადების პირობებში – მათ მიმართ შემოწმების საგანგებო მექანიზმების გავრცელება/გამოყენების დაშვების თაობაზე.” – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, უზენაესი სასამართლოს განცხადებით, ე.წ. ვეტინგის ინიციატორები მიზანმიმართულად კვლავ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს მიიჩნევენ ე.წ. ვეტინგის ადრესატებად.

ე.წ ვეტინგი, ანუ მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმება ევროკომისიის გაფართოების ანგარიშით არის რეკომენდებული.

ჩანაწერის თანახმად, უნდა შეიქმნას კეთილსინდისიერების საგანგებო შემოწმების სისტემა, რომელშიც ჩაერთვებიან საერთაშორისო ექსპერტები, რომლებსაც ამ პროცესში ექნებათ გადამწყვეტი როლი, რათა შემოწმდეს კანდიდატებისა და სასამართლო სისტემაში ხელმძღვანელ თანამდებობებზე უკვე დანიშნული პირების კეთილსინდისიერება.

საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ე.წ. ვეტინგი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. კეთილსინდისიერების შემოწმებას არ ეთანხმებიან ე.წ. კლანის წევრებად მიჩნეული მოსამართლეები. აშშ-ის მიერ სანქცირებული მოსამართლის, ლევან მურუსიძის თქმით, შემოწმება ყველას შეეხება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.