მოსამართლეთა კონფერენციამ დაგმო ე.წ. ვეტინგი და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი წევრი აირჩია

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ლევან მურუსიძის ინფორმაციით, მოსამართლეთა XXXII კონფერენციაზე, რომელიც 24 მარტს გაიმართა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად ვასილ მშვენიერაძე და ლევან თევზაძე აირჩიეს, მდივნის პოზიციაზე კი ნიკოლოზ მარსაგიშვილის კანდიდატურას დაუჭირეს მხარი.

მურუსიძის თქმით, აღნიშნული პირები ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით აირჩიეს.

საქართველოს მოსამართლეთა XXXII კონფერენციამ, რომელსაც 295 მოსამართლე დაესწრო, ასევე გაავრცელა განცხადება, რომელშიც კრიტიკულად არის შეფასებული მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო პროცედურის დანერგვის მოთხოვნა:

„საქართველოს უზენაესი სასამართლო კატეგორიულად ეწინააღმდეგება საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემის, ინდივიდუალური მოსამართლისა თუ მოსამართლეთა ცალკეული ჯგუფების წინააღმდეგ მიმართული ღირსების, დამოუკიდებლობის, ინსტიტუციური რეპუტაციის შემლახველ პროცედურას და იმედს გამოთქვამს, რომ აღნიშნული სწორად იქნება აღქმული საზოგადოების მხრიდან“.

მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო, ევროკომიის რეკომენდაციებში სასამართლოსთან დაკავშირებით ახალი ჩანაწერი გაჩნდა. საქართველოს ხელისუფლებას მოსამართლეების ნაწილის კეთილსინდისიერების შემოწმება დაევალა.  

კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმი დროებითი იქნება და სასამართლო სისტემაში მხოლოდ მნიშვნელოვანი თანამდებობის მქონე მოსამართლეებს შეეხება.

ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა,  რომ სასამართლო სისტემის ყოვლისმომცველი რეფორმა, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა და სასამართლო სისტემაში წამყვან პოზიციებზე მყოფ მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმება, გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობაა.  

„ქართული ოცნება“ ანტი-LGBTQ საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს

„ქართული ოცნება“ ოჯახურ ღირებულებათა შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს, რომელიც LGBTQ საზოგოგადოების წინააღმდეგ არის მიმართული. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ, პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ დავაანონსეთ საკანონმდებლო ცვლილებები ფსევდოლიბერალური პროპაგანდის წინააღმდეგ, რასთან დაკავშირებითაც განვსაზღვრეთ ორკვირიანი ვადა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს და დაინტერესებულ პირებს წარმოედგინათ ამ საკითხის დარეგულირების შესახებ მოსაზრებები თუ საკუთარი ვერსიები. ამის მიუხედავად, დღემდე, ამ დრომდე არც ერთი მსგავსი ინიციატივა არავის მხრიდან არ გახმოვანებულა, პირიქით, ვნახეთ წინასწარი მზადებებიც კი ჯერ კიდევ დაუწერელი ინიციატივის წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ჩვენი პასუხისმგებლობაა, ერთი მხრივ, დავიცვათ ნებისმიერი ადამიანის ყველა კონსტიტუციური უფლება და თავისუფლება, როგორი არატრადიციული და განსხვავებული ცხოვრების წესიც არ უნდა გააჩნდეთ ამ ადამიანებს და მეორე მხრივ, ასევე ძალიან პრინციპულად უნდა დავიცვათ ოჯახური ღირებულებები და ჩვენი მომავალი თაობები ფსევდოლიბერალური პროპაგანდის მოსალოდნელი გამოუსწორებელი შედეგებისგან.

აქვე ვაცხადებთ, რომ ჩვენი დღევანდელი ოპოზიციიდან გამომდინარე, დიდი იმედი ნამდვილად არ გვაქვს, რომ ისინი მხარს დაუჭერენ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს, თუმცა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ახლა თუ არა, მომავალი მოწვევის პარლამენტში მაინც მისი მხარდაჭერა იყოს უზრუნველყოფილი, ხოლო კანონებში ცვლილებები, რომელიც ამ საკონსტიტუციო ცვლილებების გაცილებით მეტი კონკრეტიკა იქნება მიმდინარე წელს გარანტირებულად იქნება მიღებული”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მთავრობამ საპატრიარქოს დაფინანსება გაუზარდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპატრიარქოს საგანმანათლებლო პროექტების დაფინანსება ხუთი მილიონი ლარით გაიზარდა. საერთო ჯამში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან საპატრიარქოს დაქვემდებარებული ორგანიზაციების დაფინანსებამ 60 მილიონ ლარს მიაღწია.

პრემიერმა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ღონისძიების შემდეგ, მედიის შეკითხვის პასუხად განმარტა, რომ მოქმედებს საპატრიარქოს 25-მილიონიანი საერთო დაფინანსება, მაგრამ ამის მიღმა ჯერ კიდევ შარშან, 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ჩაიდო 30-მილიონიანი ასიგნება, რომელიც ხმარდება საპატრიარქოს საგანმანათლებლო პროექტებს და სწორედ ეს დაფინანსება გაიზარდა დამატებით ხუთი მილიონით. კობახიძის თქმით, დაფინანსებას არჩევნებთან კავშირი არ აქვს.

„საუბარია რამდენიმე ათეული საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსებაზე, რამდენიმე ათეულ სკოლაზე, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, სასკოლო დაწესებულებებზე, ანუ მთლიანობაში მოხდა ხუთი მილიონით მათი დაფინანსების გაზრდა”, – დაამატა მან.

მთავრობამ შესაბამისი განკარგულება 15 მარტს გამოსცა.

ხელისუფლების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი: “არ შემიძლია, არ დავეთანხმო მიტროპოლიტ ანტონს, რომელმაც თქვა, რომ გაძვირდა ყველაფერი, ყველაფერს ათმაგი ფასი აქვს. ცხადია, ეს გაძვირება აისახება ყველაზე, როგორც მოქალაქეებისთვის და ბიზნესისთვის, ისე სასულიერო პირებისთვისაც.”

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ არის პარტია, რომლის დროსაც საპატრიარქოს ბიუჯეტი სამჯერ გაიზარდა.

მისი თქმით, ენმ არის „დიდი ევროპული, ქრისტიან-დემოკრატიული პოლიტიკური გაერთიანების ოჯახის წევრი და ძალა, რომლის პირობებშიც ათობით მილიონი ლარი დაიხარჯა ეკლესია-მონასტრების აღდგენაში, მშენებლობაში.“

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.