„ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონი კიდევ ერთხელ დააინიცირა

3 აპრილს ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე „რუსული კანონის“ ხელახლა მიღება დააანონსა.

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, დავაინიციროთ და მივიღოთ კანონი ყოველგვარი დაჩქარების გარეშე, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია, კომიტეტები და სესიები თავის დროზე, ხანგრძლივი პროცედურა, როგორც ჩვეულებრივ შემთხვევაშია. მოვიდნენ და წარმოადგინონ არგუმენტები“. – აღნიშნა მდინარაძემ.

ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების ნაწილი მამუკა მდინარაძის განცხადებას გამოეხმაურა. ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ანა წითლიძემ, ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა და დამოუკიდებელმა დეპუტატებმა, ხატია დეკანოიძემ და თეონა აქუბარდიამ ერთობლივი განცხადება გააკეთეს.

„ქართული ოცნება მარცხდება და როგორც ყველა ბოროტ ძალას სჩვევია, გადაწყვიტა, რომ თავის მარცხში მთელი ქვეყანა ჩაიყოლოს. თუმცა, ეს არ გამოუვათ. რუსული კანონი თავიდან იმიტომ შემოიტანეს, რომ საქართველო რუსეთს საბოლოოდ მიაჯაჭვონ. მაშინ, როცა ჩვენ, თქვენ და ამ ქვეყნის ყველა საღად მოაზროვნე მოქალაქეს მკაფიოდ აქვს გაკეთებული არჩევანი – საქართველო მიდის ევროპისკენ. ჩვენ ვივლით წინ, ევროპისკენ“. – ამბობს ნაცვლიშვილი.

„ეს არის ანტიქართული პროპაგანდა, რომელსაც თქვენ აქ ეწევით. ქართულ პარლამენტში ანტიქართულ პროპაგანდას და ამ ძახილის უფლებას არ მოგცემთ, ყველასთან გავთიშავ მიკროფონს, ვინც რუსულ კანონს გამოიყენებს. ანტიქართულ პროპაგანდას დაანებეთ, ქართველ ხალხს ნუ ატყუებთ, გაგივიდათ შარშან, წელს არ გამოგივათ“. – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პარლამენტში.  

არასამთავრობო ორგანიზაციების „ფინანსების გამჭვირვალობაზე“ ქართული ოცნება რუსულ კანონს ხელახლა აინიცირებს. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის ტექსტი ზუსტად იგივე იქნება. ერთადერთი, „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლდება ტერმინით – „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელი დარჩება.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა: „დღეს უკვე ყველაფერი ნათელია, ოცნებამ თავისი განაცხადი ძალიან მკაფიოდ გააკეთა – ევროპას უთხრა არა, ყველა მიმართულებით, რაც წინა რეკომენდაციებში ეწერა, რაც ახლა 9 პუნქტში წერია“.

2023 წლის 7 მარტს ქართული ოცნების მიერ რუსული კანონი პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია ჩატარდა 8 მარტის საღამოსაც, რომელზეც, წინა დღის მსგავსად, საპოლიციო ძალებმა მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები გამოიყენეს. ასევე, 9 მარტის დილის 06:00 საათზე სპეცრაზმმა აქციის დარბევა დაიწყო – გაარღვიეს ბარიკადები, რომლებიც მოქალაქეებმა მათგან დასაცავად ააშენეს. დარბევისას ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს.

პრეზიდენტი საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების საკითხზე საგარეო საქმეთა სამინისტროს აკრიტიკებს

საქართველოს პრეზიდენტი ცესკოს, სახალხო დამცველის, არასამთავრობოებისა და ევროკავშირის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის თემა საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეებისთვის ხმის მიცემის შესაძლებლობის მიცემა იყო.

სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრაზე საგარეო საქმეთა სამინისტრო გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ უწყება არ მონაწილეობს ამ საკითხის შესახებ გამართულ შეხვედრებში.

„პირველი ძალიან მნიშვნელოვანი ხარვეზი ის არის, რომ საგარეო არ მონაწილეობს ამ შეხვედრებში და უარს ამბობს, პასუხისმგებლობას იხსნის, რაც საკმაოდ გაუგებარია, რადგან მთელი ეს პროცესი ძალიანაა დაკავშირებული საგარეოს მუშაობასთან. საკონსულოებში ტარდება საკონსულო რეგისტრაცია, რომელიც არის წინაპირობა იმისთვის, რომ მოთხოვნა იყოს უბნის გახსნისთვის. საკონსულოებიდან საგარეოში უნდა გადაეცეს ინფორმაცია ამ უბნების გახსნის შესახებ და საგარეომ უნდა გადმოსცეს შემდგომ ცესკოს.

ასევე, საგარეო არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ საარჩევნო და სარეგისტრაციო კამპანია ჩატარდეს და ეს საინფორმაციო კამპანია, მოთავსდეს საელჩოების საიტებზე. ჩვენ გადავხედეთ და ამ კუთხით ჯერ არაფერი კიდევ გაკეთებული არ არის და ყველამ ვიცით, რომ რეგისტრაცია ახლა არის მნიშვნელოვანი და არა ოთხ თვეში.

საგარეოზე არის დამოკიდებული შემდეგ ეტაპზე უკვე საარჩევნო აღრიცხვა, რეგისტრაცია, რომელიც ტარდება საარჩევნო პერიოდი როცა იხსნება; სიების გადმოცემა ასევე ცესკოსთვის. მთელ ამ პროცესში გადაჯაჭვული არის საგარეო და ცესკო. ერთი მეორეს გარეშე წარმოუდგენელი არის და აქედან იბადება ძალიან ბევრი ხარვეზი. თუ არ არსებობს ერთობლივი სურვილი მუშაობის, მერე ყოველთვის შეიძლება პინგ-პონგი: ჩემი ბრალი არ არის, ის არ მაძლევს ინფორმაციას; ჩემი ბრალი არ არის, მე ამაში არ ვმონაწილეობ, ეს მათი პასუხისმგებლობა არის და ეს უკვე დღეს გვესმის.” – თქვა მან.

სალომე ზურაბიშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმაზე, როგორ აწესრიგებს კანონმდებლობა საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის საკითხს და აღნიშნა, რომ საგარეო უწყება ამ კანონს უგულებელყოფს.

“იმას კი არ გვეუბნებიან, რომ ნაწილობრივ მაინც რამდენი უბანიც შესაძლებელი იქნება, იმდენს გავხსნით… კატეგორიულად არის გაცხადებული, რომ არა შეუძლებელია, ხან რესურსები არა გვაქვსო, ხან ყოველ პადიეზდში არ გავხსნითო. საკმაოდ ჩემთვის გაუგებარი ტერმინებია. და არანაირი პასუხი არ არის გაცემული იმაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს… ხო კიდევ ერთი მიზეზი, რაც არის გამოყენებული, რომ ეს მოითხოვს პროცედურების ჩატარებას უცხო ქვეყნებთან, რაც მართალი არის, იმისთვის, რომ საკონსულომ გახსნას სხვადასხვა ქალაქში მის დაქვემდებარებაში სივრცეები, რომელიც იქნება გამოყენებული უბნის გახსნისთვის. მაგრამ ეს არის სრულიად შესაძლებელი. ჩვენ გვქონდა აქა და გვექნება კიდევ მომავალ კვირას შეხვედრები ელჩებთან, რომელთანაც ეს შეიძლება მოგვარდეს.” – აღნიშნა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ დიასპორა მზადაა, ჩაერთოს და დაეხმაროს ქართულ უწყებებს ამ საკითხის მოგვარებაში. მისი თქმით, დაუშვებელია საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების დისკრიმინაცია.

პაპუაშვილი: მედიაში ვეცნობი ე.წ ვეტინგზე მსჯელობის ამონარიდებს – სასამართლოზე თავდასხმებია

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში საქართველოში მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო პროცედურის, ე.წ. ვეტინგის დანერგვის თემას კიდევ ერთხელ ეხმიანება. ის მოსამართლეებისადმი პატივისცემას გამოხატავს და ამბობს, რომ სასამართლო ხელისუფლებას “პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვების მიზნის მქონე” არასამთავრობო ორგანიზაციები უსამართლოდ ესმიან თავს.

“მედიაში ვეცნობი უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომაზე ე.წ. “ვეტინგის” საკითხზე მოსამართლეთა მსჯელობის ამონარიდებს, რომელიც, კიდევ უფრო, მიმყარებს, ბოლო პერიოდში, ამ საკითხზე სხვადასხვა ჯგუფთან საუბრისას ჩამოყალიბებულ აზრს. კიდევ ერთხელ, მინდა, პატივისცემა დავუდასტურო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ქალბატონ ნინო ქადაგიძეს და ქართველ მოსამართლეებს.

სამწუხაროა, რომ პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვების მიზნის მქონე რამდენიმე ენჯეოს წყალობით, მართლმსაჯულების საკითხებში უცხოური ორგანიზაციების მონაწილეობა დღეს გაიგივდა სასამართლო ხელისუფლებაზე თავდასხმასთან, მოსამართლეების მიმართ მტრულ რიტორიკასა და მათი ოჯახის წევრებზე მორალურ ტერორთან, ანუ ყველაფერ იმასთან, რაც ანტიევროპაა.

საქართველოს პარლამენტი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ შეწყდეს ეს უსამართლო თავდასხმები, რომლის მიზანიც სასამართლოს რეპუტაციის შელახვასთან ერთად, ქართული სახელმწიფოს დაზიანებაა”. – წერს პაპუაშვილი Facebook-ზე.

მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო, ევროკომიის რეკომენდაციებში სასამართლოსთან დაკავშირებით ახალი ჩანაწერი გაჩნდა. საქართველოს ხელისუფლებას მოსამართლეების ნაწილის კეთილსინდისიერების შემოწმება დაევალა. 

კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმი დროებითი იქნება და სასამართლო სისტემაში მხოლოდ მნიშვნელოვანი თანამდებობის მქონე მოსამართლეებს შეეხება. 

ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა,  რომ სასამართლო სისტემის ყოვლისმომცველი რეფორმა, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა და სასამართლო სისტემაში წამყვან პოზიციებზე მყოფ მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმება, გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობაა.

რუსი აქტივისტი საქართველოში არ შემოუშვეს

საქართველოში არ შემოუშვეს კიდევ ერთი რუსი აქტივისტი, იგორ მიგლანი. ამის შესახებ წერს ორგანიზაცია Free Russia Foundation-ის სამხრეთ კავკასიის განყოფილების დირექტორი ეგორ კუროპტევი და ხელისუფლებას, კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, მიგლანის ქვეყანაში შეშვების თხოვნით მიმართავს.

„ამ დროისთვის, 15 საათზე მეტია, აქტივისტი იგორ მიგლანი თბილისის საერთაშორისო აეროპორტშია. იგორი, ისევე როგორც სხვა ბევრი რუსი აქტივისტი, ახსნა-განმარტების გარეშე არ შეუშვეს საქართველოში.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან იგი საქართველოში კოლეგებთან ერთად მუშაობდა პროექტზე “ემიგრაცია მოქმედებისთვის”, უკრაინელი ლტოლვილების მხარდასაჭერად. იგორისა და მთელი გუნდის წყალობით, 8 ათასზე მეტმა უკრაინელმა ლტოლვილმა მიიღო სამედიცინო დახმარება. ეწინააღმდეგება თუ არა ეს საქართველოს ინტერესებს? დარწმუნებული ვარ, არა. დარწმუნებული ვარ, საქართველოსა და სხვა ქვეყნის მოქალაქეების მიერ შექმნილი მსგავსი პროექტები, ისევე როგორც ლტოლვილთა მხარდაჭერის ინიციატივები, არის ის, რომლითაც ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია, იამაყოს“, – წერს ეგორ კუროპტევი.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან იგი საქართველოში კოლეგებთან ერთად მუშაობდა პროექტზე “ემიგრაცია მოქმედებისთვის”, უკრაინელი ლტოლვილების მხარდასაჭერად. იგორისა და მთელი გუნდის წყალობით, 8 ათასზე მეტმა უკრაინელმა ლტოლვილმა მიიღო სამედიცინო დახმარება. ეწინააღმდეგება თუ არა ეს საქართველოს ინტერესებს? დარწმუნებული ვარ, არა. დარწმუნებული ვარ, საქართველოსა და სხვა ქვეყნის მოქალაქეების მიერ შექმნილი მსგავსი პროექტები, ისევე როგორც ლტოლვილთა მხარდაჭერის ინიციატივები, არის ის, რომლითაც ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია, იამაყოს”, – წერს ეგორ კუროპტევი.

მისი თქმით, მიგლანს საქართველოში არც ერთი კანონი არ დაურღვევია, არამედ რითაც შეუძლია, ეხმარება ადამიანებს. მიგლანის ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს უწყებებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, დამოუკიდებელ ჟურნალისტებს, უფლებადამცველებს და აქტივისტებს არაერთხელ უთხრეს უარი საქართველოში შესვლაზე. უმეტეს შემთხვევაში, მიზეზები არ განუმარტავთ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.