ევროპულ-ქართული ინსტიტუტი იწყებს მიმდინარე კვირაში განვითარებული მოვლენების ორენოვანი მიმოხილვის პროექტს. პროექტი ხორციელდება შვედეთის საერთაშორისო ლიბერალური ცენტრის (SILC) მხარდაჭერით. გთავაზობთ ჩვენს მეცამეტე დაიჯესტს. დაიჯესტის პერიოდია: 23.IV.2021 –30.IV.2021

  • „ევროპულ-ქართული ინსტიტუტი” ნიდერლანდების სამეფოს მეფის დღეს ულოცავს !
  • „ევროპულ-ქართული ინსტიტუტი“ ყველას ულოცავს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ! 
  • „ევროპულ-ქართული ინსტიტუტი“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს დიდი ქომაგის და ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის პრეზიდენტის ჰანს ვან ბაალენის გარდაცვალების გამო.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი რურუა შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუა, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე შეიწყალა. „მივესალმები შეთანხმების პირველი ეტაპის შესრულებას! ჩემი მხრივ შევასრულე ჩემი სიტყვა და ხელი მოვაწერე შეწყალების აქტს“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ოფიციალურ წერილში.

ოპოზიცია გიორგი რურუას, რომელიც 2019 წლის 24 სექტემბრიდან „მთავარ არხის“ 2.5%-იანი წილის მფლობელია, „პოლიტპატიმრად“ მიიჩნევდა. 2019 წლის ნოემბერში იგი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს, ოთხწლიანი პატიმრობა კი 2020 წლის ივლისში შეუფარდეს. გიორგი რურუას საქმეში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით გარანტირებული უფლებებისა და თავისუფლებების არამართლზომიერად შეზღუდვაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოც” საუბრობდა

საქართველოში ევროკავშირის დელეგაცია, 27 აპრილს გავრცელებული განცხადებით, მიესალმა ქართველ პოლიტიკოსთა მიერ 19 აპრილის შეთანხმების კვალად გადადგმულ ნაბიჯებს, კერძოდ, ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილის პარლამენტში შესვლასა და და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ „მთავარი არხის“ მეწილის გიორგი რურუას შეწყალებას.

2021 წლის 19 აპრილს მიღწეული შეთანხმებით ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციამ აიღეს ვალდებულება, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, გადაეჭრათ „პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმული ორი საკითხი [მელიას და რურუას], ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს“.

პარლამენტმა პოლიციის დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის სასჯელი გაამკაცრა

საქართველოს პარლამენტმა 29 აპრილს მესამე მოსმენით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები მიიღო, რომლებიც წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის დაუმორჩილებლობის ქმედებების განმეორებითი ჩადენისთვის ჯარიმისა და ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ზრდას ითვალისწინებს.

პარტია „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ ცვლილებები იმ მოქალაქეების პროტესტის უფლების წართმევის მცდელობაა, რომლებიც ამჟამინდელი მმართველობით უკმაყოფილოები არიან.

კანონის გამკაცრება კრიტიკულად შეაფასეს არასამთავრობო ორგანიზაციებმაც. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) 27 აპრილს განაცხადა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ყოვლისმომცველი რეფორმის ნაცვლად, კოდექსით გათვალისწინებული „რეპრესიული ნაწილის არსებითად გამკაცრება დამაზიანებლად იმოქმედებს ადამიანის უფლებებზე“. სოციალური სამართლიანობის ცენტრმა 28 აპრილს განაცხადა, რომ ცვლილებები „კიდევ უფრო დიდ სივრცეს ხსნის საპოლიციო რეპრესიული მექანიზმებისა და სახდელების თვითნებურად გამოყენებისთვის“.

ცვლილებები კრიტიკულად შეაფასა აშშ-ს საელჩომ თბილისში. „ჩვენ ძალიან იმედგაცრუებული ვართ მმართველი პარტიის მიერ დღეს საქართველოს ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების ნაჩქარევად მიღების გამო,“ – აღნიშნულია ამერიკის საელჩოს განცხადებაში. მათი თქმით იმედგაცრუებულები არიან, რომ ასეთ მნიშვნელოვან კანონმდებლობაზე დაინტერესებულ მხარეებთან საფუძვლიანი კონსულტაციები არ გაიმართა და ამის გამო, ქართულმა ოცნებამ ამ შემთხვევაში მოლოდინი არ გაამართლა.

ქართულმა ოცნებამ და საპარლამენტო ოპოზიციამ პარლამენტში ამნისტიის სხვადასხვა კანონპროექტები წარადგინეს

2021 წლის 19 აპრილს, ხელისუფლების და ოპოზიციის ნაწილის მიერ ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე, ქართულმა ოცნებამ და საპარლამენტო ოპოზიციამ პარლამენტს ამნისტიის კანონპროექტები წარუდგინეს.

27 აპრილს ქართულმა ოცნებამ დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს 2019 წლის 19-21 ივნისს მიმდინარე მოვლენების დროს ბრალდებული ყველა პირის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას. ქართული ოცნების წევრის, ანრი ოხანაშვილის განმარტებით არ შეიძლება ამნისტია გავრცელდეს წამებაზე, წამების მუქარაზე, არაადამიანურ მოპყრობაზე და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაზე. მალევე გამოქვეყნდა ოპოზიციის მიერ ინიცირებული ამნისტიის კანონის შინაარსიც. ოპოზიციისთვის მთავარი პრობლემა ამნისტიის კანონის შემთხვევაში არის ის, რომ შესაძლოა ამნისტიის კანონის მიხედვით იმ პოლიციელებისა და ძალოვნების პასუხისმგებლობაც შეიძლება მოიხსნას, რომელთაც ბრალი ედებათ 19-21 ივნისის მოვლენების დროს ძალაუფლების გადამეტებასა და ადამიანების დასახიჩრებაში. ოპოზიციის ვერსიაში შალვა შავგულიძის თქმით განსხვავება არის ის, რომ „პოლიციელთა მიმართ ამნისტია გამოიყენება მხოლოდ დაზარალებულის თანხმობის პირობებში, იგივე მოთხოვნა კი არ არის აქციის მონაწილეთა მიმართ“. 

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის – ნიკა მელიას გათავისუფლების ერთ-ერთ გზად სწორედ ამნისტიის შესახებ კანონი განიხილება. მას შემდეგ რაც ამნისტიის კანონის შედეგად სამართალდამცავების პასუხისმგებლობის შესაძლო მოხსნა დადგა დღის წესრიგში, თავად ნიკა მელიამ განაცხადა რომ მისთვის ეს კატეგორიულად მიუღებელია და იგი მზადაა დათანხმდეს ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდას, თუ კანონპროექტს ამნისტიის შესახებ უკან გაიწვევენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.