8 აპრილს პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია ჩატარდება

ორშაბათს, 8 აპრილს, 14:00 საათზე, საქართველოს პარლამენტთან და თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გაიმართება აქცია სახელწოდებით, „არა რუსულ კანონს — თავისუფლება ლაზარეს“!

აქციის ორგანიზატორები არიან სამოქალაქო მოძრაობები — ტალღა და ჯიუტი, რომლებმაც 4 აპრილს, რუსულის კანონის წინააღმდეგ სამოქმედო გეგმის შესადგენად, საქართველოს პარლამენტის წინ საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

აქციის ორგანიზატორების თქმით, ორშაბათს, პარლამენტში რუსულ კანონთან დაკავშირებული პროცედურები ხელახლა დაიწყება. თბილისის საქალაქო სასამართლოში კი, 2023 წლის მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის დასკვნითი პროცესი გაიმართება.

„ორშაბათს, ჩვენ საზოგადოებას უნდა ვაჩვენოთ კავშირი იმ პროცესებს შორის, რომელიც პარალელურად ვითარდება პარლამენტსა და სასამართლოში! გთავაზობთ, რომ გადავნაწილდეთ და შევიკრიბოთ როგორც პარლამენტის უკან, ასევე სასამართლოს წინ!“, — წერენ აქციის ორგანიზატორები.

ასევე, პარლამენტთან მოეწყობა ლაზარე გრიგორიადისის დასკვნითი პროცესის პირდაპირი ტრანსლაცია, რომელიც 8 აპრილს 15:00 საათზე გაიმართება.

3 აპრილს ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე „რუსული კანონის“ ხელახლა მიღება დააანონსა. 

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, დავაინიციროთ და მივიღოთ კანონი ყოველგვარი დაჩქარების გარეშე, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია, კომიტეტები და სესიები თავის დროზე, ხანგრძლივი პროცედურა, როგორც ჩვეულებრივ შემთხვევაშია. მოვიდნენ და წარმოადგინონ არგუმენტები“. – აღნიშნა მდინარაძემ.

ხელისუფლების ამ ინიციატივას მკაცრი საერთაშორისო კრიტიკა მოჰყვა.

აშშ-ის ჰელსინკის კომისიამ 5 აპრილს განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ კანონპროექტის ხელახალი ინიცირება არის „მიზანმიმართული თავდასხმა საქართველოს მყიფე დემოკრატიაზე, მისი კანდიდატის სტატუსის თვითსაბოტაჟი და ქართველი ხალხის უმრავლესობის მიერ რთულად მოპოვებული ევროატლანტიკური არჩევანის აშკარა უარყოფა“.

თორმეტი ევროპული სახელმწიფოს პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებმა 5 აპრილს ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც „უცხოელი აგენტების შესახებ ე.წ. რუსული კანონის“ ხელახალი ინიცირების გამო „ღრმა შეშფოთებას“ გამოხატავენ. მათ განაცხადეს, რომ ეს არის „მტრული ნაბიჯი ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისა და მათი მომავლის წინააღმდეგ“ და ხელისუფლებას მისი საპარლამენტო დღის წესრიგიდან მოხსნისკენ მოუწოდეს.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „სინანული“ გამოთქვა საქართველოში „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის ხელახლა ინიცირების გამო. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა სებასტიან ფიშერმა აღნიშნა, რომ„პრესისა და მედიის თავისუფლება… ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველი და ევროკავშირში გაწევრიანების მნიშვნელოვანი წინაპირობაა“.

საქართველოს ხელისუფლებამ მსგავსი კანონი შარშან უკვე დააინიცირა. 2023 წლის 7 მარტს ქართული ოცნების მიერ რუსული კანონი პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია ჩატარდა 8 მარტის საღამოსაც, რომელზეც, წინა დღის მსგავსად, საპოლიციო ძალებმა მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები გამოიყენეს. 

მასშტაბური აქციების შემდეგ ხელისუფლებამ უკან დაიხია და კანონი გაიწვია.

მთავრობამ პრეზიდენტს ლიეტუვაში ვიზიტის უფლება არ მისცა

საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ლიეტუვაში სამუშაო ვიზიტით წასვლაზე უარი უთხრა. პრეზიდენტი ვიზიტს 10 აპრილიდან 12 აპრილის ჩათვლით გეგმავდა.

განკარგულებას ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს. პრეზიდენტმა მთავრობას შესაბამისი თანხმობისთვის 27 მარტს მიმართა. უცნობია მაინც გაემგზავრება პირადი ხარჯებით ზურაბიშვილი ლიეტუვაში თუ არა.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა მთავრობა პრეზიდენტს უცხოეთში ვიზიტზე უარს ეუბნება. ევროკავშირის ქვეყნებში მთავრობის ნებართვის გარეშე წასვლის გამო „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურაც წამოიწყო.

მოსამართლეებმა სასამართლოს მეშვეობით ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მათი ქონების შემოწმების პროცესი გააჩერეს

5 აპრილს IDFI-მ განაცხადა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთხი მოსამართლის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შემოწმების პროცესი გააჩერა. ამ მოსამართლეთა შორისაა მათ შორის, აშშ-ს სახელმწიფო დეპარატმენტის მიერ “მნიშვნელოვან კორუფციაში ჩართულობისთვის” სანქცირებული ორი მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე.

2024 წლის 12 იანვარს ანტიკორუფციული ბიუროს მიერ შექმნილმა დამოუკიდებლმა კომისიამ შეარჩია 300 თანამდებობის პირი, მათ შორის 27 მოსამართლე, რომელთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაც უნდა შემოწმებულიყო 2024 წელს. კომისიამ ეს გადაწვეტილება მიიღო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და კორუფციის მაღალი რისკის კრიტერიუმების გამოყენებით.

ორგანიზაციის ცნობით, შერჩეულ პირთა სიაში მოხვდნენ მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, სერგო მეთოფიშვილი და ვასილ მშვენიერაძე. ამ მოსამართლეებმა მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვეს კომისიის სხდომის ოქმის ბათილად ცნობა. მოსამართლეებმა, ლიელა ფოლადიშვილმა, ვალერიანე ფილიშვილმა, ნინო ბუაჩიძემ და ლელა მილდენბერგერმა შეაჩერეს ჩინჩალაძის, მურუსიძის, მეთოფიშვილისა და მშვენიერაძის დეკლარაციების შემოწმება. აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური და პროფესიული პოზიციების მქონე შერჩეული 300 თანამდებობის პირიდან, მხოლოდ მოსამართლეებმა მოითხოვეს მათი ქონების შემოწმების პროცესის შეჩერება.

IDFI ანტიკორუფციულ ბიუროს მოუწოდებს, გაასაჯაროოს მოსამართლეთა მიერ შეტანილი სარჩელები, ისევე როგორც სასამართლოს მიერ მიღებული შუალედური აქტები და საზოგადოებას მიაწოდოს სრული ინფორმაცია განხილულ ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც მნიშვნელოვნად აზიანებს სასამართლოსადმი ნდობას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.