პარლამენტმა „რუსული კანონი“ პირველი მოსმენით მიიღო

17 აპრილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რუსულ კანონს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს. კანონპროექტის განხილვა გუშინ დაიწყო და დღეს კენჭისყრით დასრულდა. კანონპროექტს 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო წინააღმდეგი არავინ იყო.

იურიდიულმა კომიტეტმა რუსული კანონი I მოსმენით 15 აპრილს მიიღო. პარალელურად, პარლამენტთან კანონის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობდა.  სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს არ მისცეს უფლება პარლამენტის გარშემო მსვლელობა მოეწყოთ, ასევე რუსთაველის გამზირზე მობილიზებული იყო წყლის ჭავლის მანქანა და სპეცრაზმი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 15 აპრილის აქციაზე 14 ადამიანი დააკავა.

პარლამენტის სხდომის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი ჩაატარა, სადაც მან განაცხადა: “მინდა მადლობა გადავუხადო პოლიციელებს, რომლებიც მოთმინებით იტანდნენ აგრესიული ჯგუფების შეურაცხყოფას და რამდენიმე ინცინდენტს თუ არ ჩავთვლით, უმაღლესი ევროპული სტანდარტებით დაუპირისპირდნენ მომიტინგეთა აგრესიულ ნაწილს, რომლებიც უკიდურესად არაევროპულად მოქმედებდნენ. უნდა გავაფრთხილოთ კულისებიდან მოქმედი ადმაიანები, რომლებიც შედომაში შეყვანილ ადამიანებს პროვოკაციებისთვის იყენებენ. სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვას და კანონის საბოლოოდ მიღებას ვერაფერი დაუდგება წინ.”

მისი თქმით, NGO-ები აქტიურად ცდილობენ თავს დაესხან მართლმადიდებელ ეკლესიას და შელახონ მისი რეპუტაცია, ამას ვხედავთ მთელი ამ წლების განმავლობაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ იქნებოდა ამ წლების განმავლობაში კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, მეტი პასუხისმგებლობა ექნებოდათ NGO-ებს საკუთარი დონორების შესახებ და ასეთ უხერხულ მდგომარეობაში არ ჩააგდებდნენ ამ დონორ ორგანიზაციებს.

ხელისუფლებას უკვე მეორედ სურს გასულ წელს მოქალაქეების პროტესტით შეჩერებული რუსული კანონის მიღება. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა “აგენტი” ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.

ზურაბიშვილი: ამ კანონს ვეტოს დავადებ, ეს ხალხის ხმაა 

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “ქართული ოცნების” მიერ ხელახლა ინიცირებული რუსული კანონის შესახებ BBC-სთან ისაუბრა.

“არ არის გამჭვირვალე კორუფცია მაღალ სამთავრობო დონეზე და გადაწყვეტილების მიღების პროცესი. განსაკუთრებით კი გადაწყვეტილება იმ კანონპროექტის დაბრუნების შესახებ, რომელზეც ყველა ჩვენი ევროპელი პარტნიორი ამბობს, რომ ეს ეწინააღმდეგება ჩვენს ევროპულ მომავალსა და ინტეგრაციას. ვინ მიიღო ამ კანონპროექტის ხელახლა დაბრუნების გადაწყვეტილება? იყო ეს საქართველოში, თუ ჩვენს საზღვრებს მიღმა? ეს გადაწყვეტილება რუსეთში ხომ არ მიიღეს? ეს არის გამჭვირვალობის შესახებ მთავარი კითხვა, რაზეც საქართველოს მოსახლეობის ბევრად უფრო დიდი ნაწილი ითხოვს პასუხს.” – აღნიშნა პრეზიდენტმა.

ზურაბიშვილის განცხადებით, ის ამ კანონს ვეტოს აუცილებლად დაადებს, რადგანაც ეს არამხოლოდ მის, არამედ მთელი მოსახლეობის მოთხოვნას წარმოადგენს.

“მე კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ, ისევე როგორც ყველა სხვა კანონის შემთხვევაში ვაკეთებ. რადგან ეს მხოლოდ ერთი არ არის, ეს არის მთელი სტრატეგია, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება. ჩემი ვეტო პარლამენტში დაძლეული იქნება, სადაც უმრავლესობას ეს შეუძლია. მაგრამ ჩემი ვეტო ხალხის ხმაა და ამ ხმას ხმამაღლა და ნათლად გაიგებენ,” – თქვა საქართველოს პრეზიდენტმა.

ბორელი და ვარჰეი: ეს კანონი ევროკავშირის ძირითად ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელია

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლი, ჯოზეფ ბორელი და  გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი პირველი მოსმენით რუსული კანონის მიღებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

„დღეს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, მიუხედავად ევროკავშირის არაერთი მოწოდების უარი ეთქვა მსგავს კანონმდებლობაზე და მიუხედავად მასობრივი პროტესტისა.

მოვლენათა ამგვარი განვითარება ძალზე შემაშფოთებელია და ამ კანონის საბოლოო მიღება უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს წინსვლაზე ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ეს კანონი ევროკავშირის ძირითად ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელია.

საქართველოს ჰყავს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის წარმატებულ წინსვლას ევროკავშირს წევრობისკენ. შემოთავაზებულმა კანონმდებლობამ შესაძლოა შეზღუდოს როგორც სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციების თავისუფალი მუშაობის შესაძლებლობა, ასევე გამოხატვის თავისუფლება და მოახდინოს საქართველოს მოქალაქეებისთვის სარგებლის მომტანი ორგანიზაციების უსამართლოდ სტიგმატიზირება.

ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა დაათმობინოს – ის გზა, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა უჭერს მხარს.” – ვკითხულობთ განცხადებაში.

თბილისში რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტის მიერ რუსული კანონის მიღების შემდეგ, თბილისში საპროტესტო აქციები დაიწყო.

მასშტაბური აქცია ჩატარდა 17 აპრილს. აქციის მონაწილეებს ხელოვნებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა მიმართეს.

“არცერთი სხვა სახელი ივანიშვილის რეჟიმს არ ეკუთვნის. მათი სახელი ამიერიდან და  ყოველთვის იქნება რუსული რეჟიმი. ჩვენ ვხედავთ, რომ ივანიშვილის უკან დგანან მათი მეხოტბე, ტექსტებს ტექსტებზე აქვეყნებენ არამზადა დიმიტრი მედვედევივით. ქართველთმოძულე პუტინი, ჩამომდგარია მთელი რუსეთი, რუსული პროპაგანდა და ზურგს უმაგრებს ივანიშვილის რეჟიმს, რათა საქართველომ არ გააღწიოს სამშვიდობოს და თავი არ დააღწიოს რუსეთს. აქეთ კი ვდგავართ ჩვენ ქართველი ერი.” – განაცხადა მწერალმა ლაშა ბუღაძემ. 

„რუსეთის კანონის მიღების წინააღმდეგ ღირსეული პროტესტის მესამე ღამე! ერთ მხარეს ქართველი ხალხი, მეორე მხარეს 83 პარლამენტარი, რომლებმაც ხმა მისცა ჩვენი ევროპული მომავლის წინააღმდეგ. ხალხი ყოველთვის იმარჯვებს!“ – აღნიშნა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

საპროტესტო აქციები შემდეგ დღეეებშიც გაგრძელდა. ახალგაზრდები რუსთაველის გამზირიდან მსვლელობით სხვადასხვა მიმართულებით გადაადგილდებიან და კანონის მიღებას აპროტესტებენ.

პარლამენტის წევრ ალეკო ელისშვილს პოლიციამ სცემა

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ 17 აპრილს, მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ სცემა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „ფორმულას“ განუცხადა.

ის ფიზიკურ ანგარიშსწორებაში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ვაჟა სირაძეს ადანაშაულებს .

„უშუალოდ ვაჟა სირაძის დავალებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, ამ შეთრევის დროს წავიქეცი და დაგდებულს მირტყამდნენ გამეტებით. შემდეგ რამდენიმე საათით გადამიყვანეს შსს-ს დიდუბის განყოფილებაში, იქ ადამიანური გარემო იყო. შემდეგ მოვედი კლინიკაში და აღმოჩნდა, რომ ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი“, – აღნიშნა ელისაშვილმა, რომელსაც დაზიანებები სახეზეც ეტყობა. 

პოლიციის მანქანაში ძალის გამოყენებით მისი ჩასმის ვიდეო ტვ „პირველმა“ გაავრცელა.

ალეკო ელისაშვილმა 15 აპრილს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „ქართული ოცნების“ წევრს, უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძეს იმ დროს დაარტყა, როცა ის რუსულ კანონზე საუბრობდა. ოპოზიციონერ დეპუტატს კომიტეტის დარბაზშივე რამდენიმე დეპუტატი იქვე გაუსწორდა ჯგუფურად, რის შემდეგაც ელისაშვილმა პარლამენტის შენობა დატოვა.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.