საპროტესტო აქციის მონაწილეებს ღამით, სახლებთან თავს დაესხნენ

„ქართული ოცნების“ ორგანიზებულმა დაჯგუფებებმა 9 მაისის ღამეს სახლებთან საპროტესტო აქციების აქტიურ მონაწილეებს სცემეს.

ნაცემია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, დიმა ჩიქოვანი, რომლის თქმითაც, თავს მაშინ დაესხნენ როცა სახლში მარტო იმყოფებოდა.

ნაცემია ასევე რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ლაშა ღვინიანიძე. ტვ პირველმა გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც ჩანს როგორ გარბის რამდენიმე პირი ღვინიანიძეზე თავდასხმის შემდეგ.

„არ შეგვეშინდეს, ვერ მოგვერევიან, ესენი არიან ლაჩრები, ესენი არიან მშიშრები, ამ ქვეყანას ვერ გაარუსებენ, ეს არის რუსული მეთოდები“ – თქვა ჩიქოვანმა TV პირველთან.

ხელკეტებით სცემეს დიპლომატ გია ჯაფარიძეს, პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის ძმასაც.

„პირდაპირ ცემა დაიწყეს, ბევრი მირტყამდა, ორი ნაღდად იყო, რაღაც ჯოხებით [იყვნენ], რატომ ვეწინააღმდეგები რუსულ კანონს – ამას ამბობდნენ“. – თქვა ჯაფარიძემ.

პაპუაშვილი ოპონენტების შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნას აანონსებს

8 მაისს გამართულ ბრიფინგზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება შექმნას მონაცემთა ბაზა, სადაც „თავს მოიყრის ინფორმაცია ყველა იმ პირის შესახებ, რომელიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს.“

„ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიული სტრუქტურების მეშვეობით ვიწყებთ მონაცემთა ბაზის შექმნას, სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია ყველა იმ პირის შესახებ, რომელიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს. ეს მონაცემთა ბაზა განთავსდება სპეციალურ ვებგვერდზე და იქნება საჯარო და გამჭვირვალე საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამ პირთა წინააღმდეგ კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში მიღებული იქნება ყველა ზომა, რათა კანონდარღვევა, ძალადობა და მუქარა არ დარჩეს სახელმწიფოს, თუ საზოგადოების რეაგირების გარეშე.“ – აღნიშნა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი „მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობისა და სიმშვიდის უზრუნველყოფაში და შესაბამისად, ე.წ. დეპოლარიზაციაში, რაც საქართველოს მიმართ ევროკავშირის ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნაა“.

საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა შეუჩერდეს – ევროპარლამენტარები ბორელს

ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელს 31 ევროპარლამენტარი წერილს წერს, რომელშიც ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის ხელახლა წარდგენას აკრიტიკებენ და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერებასა და ევროკავშირის მიერ საქართველოს სამთავრობო პროგრამების დაფინანსების გადახედვას ითხოვენ.

„საქართველოს ხელისუფლების გაგრძელებულმა არადემოკრატიულმა ქცევამ, კერძოდ მისმა აგრესიულობამ უცხოეთის აგენტებზე „რუსული სტილის“ კანონის გატანაში, მშვიდობიანი დემონსტრანტების ჩახშობამ და მათ წინააღმდეგ ძალის გამოყენებამ, ხაზი გადაკვეთა.

ამგვარმა ქცევამ უფრო გაამძაფრა დაძაბულობა და პოლარიზაცია ქართულ პოლიტიკასა და საზოგადოებაში, რაც იმ ცხრა ნაბიჯს ეწინააღმდეგება, რომელთა ერთგულებაც საქართველოს მთავრობამ დაისახა, როდესაც მას კანდიდატის სტატუსი მიენიჭა და აღარ შეიძლება, რომ EU-ს მხრიდან უყურადღებოდ დარჩეს. მოგიწოდებთ, რომ მტკიცე პოზიცია დაიკავოთ და მიიღოთ შემდეგი ზომები, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებას თვალნათელ ნიშანს გაუგზავნის.

პირველი, საქართველოს ხელისუფლების და მმართველი პარტიის, ქართული ოცნების ქცევა EU-ს კანდიდატი ქვეყნის ვალდებულებებს ეწინააღმდეგება. შესაბამისად, საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა შეჩერდეს გაწევრიანების პროცესში შემდგომი პროგრესის გარეშე.

მეორე, EU-ს მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტისა და სამთავრობო პროგრამების დაფინანსება უნდა გადაიხედოს.

მესამე, კომისიის მიერ 2023 წლის 8 ნოემბერს გაცემულ რეკომენდაციებში წარმოდგენილი ცხრა ნაბიჯის შესრულებაში საქართველოს პროგრესის შუალედური შეფასება დაყოვნების გარეშე უნდა გაკეთდეს. ეს ნაბიჯი შესული იყო საქართველოში უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის მიღებისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვის მცდელობის შესახებ ევროპარლამენტის 2024 წლის 25 აპრილის რეზოლუციაში.

უკანასკნელ წლებში ჩვენ დაუღალავად ვშრომობდით ქართველი ხალხისა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მათი მისწრაფებების მხარდასაჭერად. კვლავ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ ასე გავაგრძელოთ, მაგრამ დემოკრატიული კრიტერიუმები ყველა EU-ს კანდიდატი ქვეყნისთვის ერთია და დაცული უნდა იყოს.” – ნათქვამია განცხადებაში.

სუს: უცხოელი ინსტრუქტორების დავალებით აქციებზე პროვოკაციებს და არეულობას გეგმავენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, გარკვეული ჯგუფები ცდილობენ პარლამენტთან აქციების დროს მოაწყონ პროვოკაციები, “რაც მიზნად ისახავს დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებას და რომელიც იმართება უცხო ქვეყნებიდან მომდინარე დაფინანსებით”. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, „აღნიშნულ დანაშაულებრივ გეგმებში აქტიურად არიან ჩართული ქვეყნის გარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები, კერძოდ, უკრაინაში მებრძოლი ქართველების კონკრეტული ნაწილი, რომლებიც აცხადებენ მზადყოფნას, ჩამოვიდნენ საქართველოში და აქტიური მონაწილეობა მიიღონ პოლიციის წინააღმდეგ დაგეგმილ ძალადობაში”.

როგორც სუს-ის განცხადებაშია ნათქვამი, „აქციის ორგანიზატორებისთვის სასურველია საპროტესტო აქციებს მოჰყვეს ადამიანური მსხვერპლი“. მათივე განცხადებით, აღნიშნული სავალალო შედეგები გაზრდის საპროტესტო მუხტს და რადიკალიზმს.

უწყების ცნობითვე, საპროტესტო აქციის ორგანიზატორების აგრესიის განსაკუთრებულ სამიზნეს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები წარმოადგენენ.

„სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მოქალაქეთა მშვიდობიანი თანაცხოვრების ინტერესებიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მიღებული ინფორმაციით, პირთა გარკვეული ჯგუფები ცდილობენ საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს მოაწყონ პროვოკაციები, რაც მიზნად ისახავს დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებას და რომელიც იმართება უცხო ქვეყნებიდან მომდინარე დაფინანსებით, საპარლამენტო და არასაპარლამენტო კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ლიდერების და არასამთავრობო ორგანიზაციათა ხელმძღვანელების მიერ. აღნიშნულ დანაშაულებრივ გეგმებში აქტიურად არიან ჩართული ქვეყნის გარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები, კერძოდ, უკრაინაში მებრძოლი ქართველების კონკრეტული ნაწილი, რომლებიც აცხადებენ მზადყოფნას, ჩამოვიდნენ საქართველოში და აქტიური მონაწილეობა მიიღონ პოლიციის წინააღმდეგ დაგეგმილ ძალადობაში. ზემოთ აღნიშნული პირები აქტიურ კომუნიკაციაში არიან საქართველოში მყოფ თავის თანამოაზრეებთან და განიხილავენ პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციისა და სხვა სამთავრობო შენობების ბლოკირების და პარალიზების გეგმებს.“ – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.