სალომე ზურაბიშვილმა რუსულ კანონს ვეტო დაადო 

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსულ კანონს ვეტო დაადო. ამის შესახებ მან ორბელიანების სასახლეშ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და თქვა, რომ ვეტო პარლამენტს დღესვე გადაეცემა.

„დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი არის თავისი არსით, თავისი სულისკვეთებით რუსული კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს კონსტიტუციას, ეწინააღმდეგება ყველა ევროპულ სტანდარტს და ამდენად, წარმოადგენს შეფერხებას ჩვენს ევროპულ გზაზე.

ეს ვეტო არის სრულიად გამართული იურიდიულად და დღესვე გადაეცემა პარლამენტს. ეს კანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, არავითარ გაუმჯობესებას და ამდენად არის ძალიან მარტივი ვეტო. ეს კანონი უნდა გაუქმდეს“. – თქვა ზურაბიშვილმა.

14 მაისს, რუსულმა რეჟიმმა რუსული კანონი III მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 30 დეპუტატი.

რუსული კანონით მოთხოვნისას სქესობრივ ცხოვრებაზე ინფორმაციის წარდგენა სავალდებულო ხდება

რუსული კანონის საბოლოო ვერსიით, იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილ პირს ფიზიკური პირების პერსონალური მონაცემების, მათ შორის საიდუმლოებებისა და “განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების” – სქესობრივი ცხოვრების, ფილოსოფიური და სხვაგვარი მრწამსის, პოლიტიკური შეხედულებების, პროფესიული კავშირის წევრობის შესახებ ინფორმაციისა და სხვა ცნობების მოძიების უფლება ექნება.

როგორც კანონში წერია, უფლებამოსილ პირს “უფლება აქვს, კანონის შესაბამისად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემი, სხვა პერსონალური მონაცემი და საიდუმლოების (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებისა) შემცველი ინფორმაცია”.

“განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემი − მონაცემი, რომელიც უკავშირდება ფიზიკური პირის რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებას, პოლიტიკურ შეხედულებებს, რელიგიურ, ფილოსოფიურ ან სხვაგვარ მრწამსს, პროფესიული კავშირის წევრობას, ჯანმრთელობას, სქესობრივ ცხოვრებას, ბრალდებულის, მსჯავრდებულის, გამართლებულის ან დაზარალებულის სტატუსს სისხლის სამართლის პროცესში, მსჯავრდებას, ნასამართლობას, განრიდებას, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ან „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დანაშაულის მსხვერპლად ცნობას, პატიმრობას და მის მიმართ სასჯელის აღსრულებას, აგრეთვე ბიომეტრიულ და გენეტიკურ მონაცემებს, რომლებიც ფიზიკური პირის უნიკალური იდენტიფიცირების მიზნით მუშავდება” – წერია “პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ” კანონის მე-3 მუხლის “ბ” ქვეპუნქტში.

უფლებამოსილი პირს ამ ინფორმაციის გამოთხოვნის შესაძლებლობა სააგენტოს მიერ შეტანილი განაცხადის, საფინანსო დეკლარაციის ან რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნის გამოსაკვლევად და მონიტორინგის მიზნით ექნება.

ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, პირი 5 000 ლარით ჯარიმდება.

რუსულ კანონის საბოლოო ვერსია ინფორმაციის წარუდგენლობისთვის ფიზიკური პირების 5 000 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს.

„ქართული ოცნების“ ლიდერები ევროპელ ლიდერებს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებენ

თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოში ვიზიტით მყოფი ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრების პარლამენტთან, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე მისვლა უცხო ქვეყნის საქმეებში ჩარევაა.

„სამწუხაროდ, ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ. ამის საუკეთესო მაგალითი გუშინდელი აქცია იყო, სადაც ევროპელი პოლიტიკოსები მივიდნენ და სიტყვით გამოვიდნენ. ეს უცხო ქვეყნის საქმეებში პირდაპირი ჩარევაა.“ – თქვა მან.

მსგავსი განცხადება გააკეთა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაუაშვილმაც.

„უცხოელი ოფიციალური პირების მიერ ამ პროტესტში მონაწილეობა, საქართველოს სუვერენიტეტისა და დიპლომატიური პრაქტიკის უგულებელყოფით და „დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების“ სახელით, უკეთეს შემთხვევაში, ფარისევლობაა, ხოლო უარეს შემთხვევაში – ქვეყნის აყირავების მცდელობა. საქართველოს ესაჭიროება მეგობრები და მხარდაჭერა და არა ფარისევლობა და ძირის გამოთხრა. ორივე უკვე საკმარისად გამოვცადეთ, ჩრდილოეთიდან“. – აღნიშნა პაპუაშვილი.

15 მაისს საქართველოში ვიზიტით მყოფი ესტონეთის, ლიეტუვისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები ე.წ. აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქცია-მსვლელობას შეუერთდნენ. მათ დემონსტრანტებთან ერთად გაიარეს რუსთაველის გამზირი პარლამენტის შენობამდე. მინისტრებმა შეკრებილ მომიტინგეებს პარლამენტის წინ განთავსებული სცენიდან სიტყვით მიმართეს.

მშვიდობიან აქციაზე სპეცრაზმელებმა „ანტი-საოკუპაციო მოძრაობის“ ლიდერს სცემეს

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა ამბობს, რომ მას სპეცრაზმელებმა უმოწყალოდ სცემეს, რის შედეგადაც ჩაემტვრა თვალბუდის ძვალი, დაემტვრა ზედა ყბა და ასევე, აქვს ტვინის შერყევა.

„დაახლოებით, 30-40 წუთის განმავლობაში სპეცრაზმელებმა 4-ჯერ მცემეს – უმოწყალოდ და გამეტებით […] მათ სპეციალური ხელთათმანები ეკეთათ, რომელსაც ისეთი გამონაზარდები აქვს, რაც, ფაქტობრივად, კასტეტის ფუნქციას ასრულებს […] თვალბუდის ძვალი მაქვს ჩამტვრეული, ზედა ყბა კი დამტვრეული. გარდა ამისა, თავზე მაქვს სერიოზული ჰემატომები და საკმაოდ მძიმე ფორმის ტვინის შერყევა. ოპერაცია ჩამიტარდა და პლასტინა ჩამიდგეს“. – თქვა ქაცარავამ TV პირველთან საუბარში.

ქაცარავა ამბობს, რომ მისი დაკავება და ცემა შეკვეთილი იყო. 

„სურათები გადაიღეს და თავის დამკვეთებს გაუგზავნეს […] ეს რომ მათი პირადი ინიციატივა არ იყო, ამაში დარწმუნებული ვარ. ეს შეკვეთილი ეგზეკუცია იყო“ – ამბობს ქაცარავა.

დავით ქაცარავა 14 მაისს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.