აშშ-მა „ქართული ოცნების“ წევრებს, პარლამენტის წევრებს, ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს და სხვა პირებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მოქალაქეს სავიზო აკრძალვები დაუწესა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, სანქციები ეხება ათობით პირს, მათ შორის „ქართული ოცნების“ წევრებს, პარლამენტის წევრებს, ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს და სხვა მოქალაქეებს. 

სანქციების მიზეზად დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა და თავისუფლების შეზღუდვა დასახელდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის თქმით, თუ საქართველოში სიტუაცია გამოსწორებული არ იქნება, სანქციებს მოჰყვება დამატებითი ზომებიც.

„აშშ შეშფოთებული რჩება „ქართული ოცნების“ ანტი-დემოკრატიული ქმედებებით, ისევე როგორც მისი ბოლო დროის განცხადებებითა და რიტორიკით. ეს ქმედებები საქართველოს ევროპული მომავლის გზიდან გადახვევის რისკს აჩენს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ქართველი ხალხის სურვილს.

სავიზო აკრძალვებს ვუწესებთ, ათობით საქართველოს მოქალაქეს. ეს მოიცავს პირებს, ასევე მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელია ან თანამონაწილეობს საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში ისეთი ქმედებებით, როგორიცაა მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლებისთვის ძირის გამოთხრა, მშვიდობიან დემონსტრანტებზე თავდასხმა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დაშინება და საქართველოს მთავრობის დავალებით დეზინფორმაციის განზრახ გავრცელება. სავიზო შეზღუდვების ეს პირველი ტრანში მოიცავს „ქართული ოცნების“ პარტიის წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავებს და კერძო პირებს“, – განაცხადა სახდეპის პრესსპიკერმა და დასძინა, რომ ჯერ კიდევ არის დრო, საქართველოს მთავრობამ ტრაექტორია, რომელსაც მიჰყვება, შემოაბრუნოს.

რაც შეეხება სანქცირებული ადამიანების სახელების დასახელებას, მეთიუ მილერმა თქვა, რომ მათი დასახელება არ შეუძლია.

„კონკრეტული სახელების თქმა არ შემიძლია. სავიზო მონაცემები კანონით კონფიდენციალურია, მაგრამ ისეთი ხალხი გამოვიძიეთ, ვინც იმოქმედა დეზინფორმაციის გასავრცელებლად, დემოკრატიისთვის ძირის გამოსათხრელად, მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობის გამოყენებით თავდასხმისთვის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დასაშინებლად“, – განაცხადა მან.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ასევე განმარტავს, რომ ეს აშშ-ის მხრიდან გადადგმული პირველი ნაბიჯია და მომავალში მზად არიან საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობების სრული გადახედვა განახორციელონ.

ქართველი პოლიტიკოსები აშშ-ის მიერ ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებას ეხმაურებიან

საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აშშ-ის მიერ “ქართული ოცნების” წევრებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებას აფასებენ.

თბილისის მერმა კახა კალაძემ აღნიშნა, რომ „არასერიოზულია ყველაფერი, რაც ხდება, ღიმილისმომგვრელია. შესაბამისად, ჩვენ გაცხადებული გვაქვს ჩვენი პოლიტიკა, რომ ვიცავთ ქვეყნის ინტერესს. ვიღაცისთვის სადღაც წასვლა ან არწასვლა პრობლემას წარმოადგენს, ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს როდესაც ქვეყანაზე და სამშობლოზეა საუბარი“.

„შეიძლება, ალბათ, თამამად ითქვას, რომ ეს არის მორიგი შეცდომა, რომელსაც სამწუხაროდ, მათ და ჩვენდა სამწუხაროდ, ამერიკის შეერთებული შტატები უშვებს თავის სტრატერგიულ პარნტიორთან ურთიერთობაში. ალბათ, აქედან უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ მორიგი შეცდომის შემდეგ  კიდევ სხვა შეცდომებით იქნება დაშვებული, იმედი გვაქვს რომ არა, მაგრამ  დინამიკა ამას მე პირადად მავარაუდებინებს და ეს კიდევ უფრო გაახანგრძლივებს იმ დროს, რომელიც საჭიროა ასეთ დროს, რომ ორმხრივ ურთიერთობებში დადგეს დღე, როდესაც დაიწყება ფურცლის გადაშლა და ურთიერთობებში გადატვირთვა. ამიტომ არის შეცდომა“ – აღნიშნა საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

პარტია „ლელო – საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ თქვა, რომ „ამ ადამიანებს სანქციები დაუწესდათ იმის გამო, რომ მათ უღალატეს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და მათ იმოქმედეს არა ქართველი ხალხის, არამედ რუსეთის ხელისუფლების ინტერესებიდან გამომდინარე. მათ მიიღეს კანონი, რომელიც ქვეყანას დასავლური სამყაროსგან იზოლაციაში აქცევს, ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის 80 პროცენტის ნებას, რადგან გამორიცხავს ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყებას.“

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა: “ასეთ ქვეყანაში რომელი ინვესტორი შემოვა ან გაჩერდება?! ივანიშვილის პირობებში ეკონომიკური კოლაფსი გარდაუვალია! ივანიშვილის გუნდის მავნებლობა აისახება საქართველოს მოქალაქეების ჯიბეზე. მადლობა, ამერიკის შეერთებულ შტატებს ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის.”

აშშ-ის კონგრესის ჰელსინკის კომისიაში საქართველოს შესახებ მოსმენა ჩატარდა

4 ივნისს საქართველოს საკითხი აშშ-ის კონგრესის ჰელსინკის კომისიაში განიხილეს, რომლის თავმჯდომარეც MEGOBARI აქტის ინიციატორი კონგრესმენი ჯო ვილსონი არის.

სხდომაზე საქართველოში არსებული ვითარების შესახებ “სამოქალაქო საზოგადოების ფონდის” ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერმა ვანო ჩხიკვაძემ, ევროკავშირში საქართველოს ყოფილმა ელჩმა ნატალი საბანაძემ და შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა საქართველოში უილიამ კორტნიმ ისაუბრეს.

„ჩემი ქვეყანა და ჩემი ხალხი ახლა დგას გზაჯვარედინზე. საქართველო ან გააგრძელებს თავის სწრაფვას, ერთიანი ევროპის ნაწილი გახდეს, ან კიდევ ერთხელ იქცევა რუსეთის უკანა ეზოდ, როგორც ეს საბჭოთა კავშირში იყო,” – განაცხადა ვანო ჩხიკვაძემ.

მან ხაზი გაუსვა, რომ ქართველი ხალხი ირჩევს თავისუფლებას და ევროპას, თუმცა მმართველ „ქართულ ოცნებას“ მათი არ ესმის.

საქართველოს ყოფილმა ელჩმა ევროკავშირში ნატალი საბანაძემ თქვა, რომ ქართული ოცნების რეჟიმი „აღადგენს სტილისტურ სახელმძღვანელოს და ნადირობს მოღალატე აგენტებზე ქვეყნის შიგნით და გლობალურ მტრებზე – გარეთ“.

„დღევანდელ საქართველოში დემოკრატია განადგურებულია საპარლამენტო  უმრავლესობის მიერ. ერთი არაანგარიშვალდებული კაცის დავალებით უმრავლესობა ცვლის საქართველოს გრძელვადიან საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს. ანადგურებს 30- წლიან მეგობრობას და პარტნიორობას. მმართველი რეჟიმი არღვევს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დიდი ხნის „ოცნებას“. როგორც ორუელისეულ დისტოპიაში, ქართველებს ეუბნებიან, რომ მეგობრები არიან მტრები, რომლებსაც სურთ ომი და ნგრევა, ხოლო მტრები, რომლებსაც ოკუპირებული აქვთ ჩვენი ტერიტორიები, აღარ წარმოადგენს საფრთხეს“, – განაცხადა საბანაძემ.

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარის, კონგრესმენ ჯო უილსონის განცხადებით, რუსული კანონი „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიული კურსისთვის „აისბერგის მხოლოდ წვერია“.

„უფრო უარესი ისაა, რომ ეს „უცხოური აგენტების კანონი”, როგორც ჩანს, მთავრობის ანტიდემოკრატიული გადახვევის აისბერგის მხოლოდ წვერია“, – განაცხადა ჯო უილსონმა და იქვე გაიხსენა მმართველი გუნდის მიერ მიღებული სხვა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც, მისი თქმით, ცესკოს დამოუკიდებლობას ანადგურებს და სასამართლო სისტემის საბოლოოდ ხელში ჩაგდებას ემსახურება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.