საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა დაასრულა

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა დაასრულა. 30 ივნისს, გერმანიაში, კიოლნის რაინ ენერგის სტადიონზე გამართული მერვედფინალური მატჩი ესპანეთის გამარჯვებით, 4:1 დასრულდა.

დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვება ერთა ლიგაში გამარჯვებით შეძლო. ტურნირის მერვედფინალში თამაში საქართველოსთვის ისტორიული შედეგია.

მატჩის დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა განაცხადა: “ეს ყველაფერი არ არის დასასრული. ჩვენ უფრო ძლიერები დავბრუნდებით, აუცილებლად. ქართველ გულშემატკივარს მინდა მოვუწოდო, რომ ირწმუნონ ჩვენი და აუცილებლად გავახარებთ მათ მომავალში.”

გახარია: ივანიშვილს ჰყავს გაგზავნილი მთავრობის წარმომადგენელი აშშ-ში პერსონალურ შიკრიკად

ყოფილი პერმიერმინისტრის და პარტია საქართველოსთვის ლიდერის, გიორგი გახარიას თქმით, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს აშშ-ში გაგზავნილი ჰყავს საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი წარმომადგენელი “პერსონალურ შიკრიკად”. გახარიას ცნობითვე, წარმომადგენელი პოლიტიკური, ძალოვანი ფიგურაა.

„ერთმნიშვნელოვნად, ჩვენი ხელისუფლება რომ პოზებში დგას, რომ, აი, ჩვენ რაღაც, ჩვენი სუვერენიტეტი და სხვისი აზრი არ გვაინტერესებს, გულში მჯიღებს რომ ირტყამენ, სინამდვილეში, იმდენად შეშინებულები არიან, რომ შიკრიკს შიკრიკზე აგზავნიან, იქნებ, როგორმე გაიგონ მაინც, იქ რა ხდება. ბიძინა ივანიშვილს ჰყავს გაგზავნილი საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი წარმომადგენელი თავის პერსონალურ შიკრიკად. გაგზავნილი ჰყავს იქ და ჯობდა, რომ არ გაეგზავნა.

ეს კიდევ ერთი მაგალითია, როგორ არ ესმის დღევანდელ ხელისუფლებას, როგორ ფუნქციონირებს ინსტიტუციონალური დემოკრატია, მათ მართლა ჰგონიათ, რომ ტრამპი, დემოკრატები იქნებიან თუ რესპუბლიკელები, ეს გრძელვადიან და საშუალოვადიან ამერიკულ სტრატეგიაზე საქართველოსთან მიმართებაში, რაიმეს რადიკალურად შეცვლის, ეს ჰგონიათ და მეორე, კიდევ ჰგონიათ, რომ პოლიტიკიდან გაწეული ეგრეთ წოდებული საპატიო თავმჯდომარე ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ, ნუ, ძალოვან ფიგურას რომ აგზავნის შიკრიკად, ფოსტალიონად უცხო ქვეყანაში, აი, ეს ჰგონია ან სწორად, ან თავისი უძლეველობის წარმომსახველად, საოცარია“ – თქვა გიორგი გახარიამ გახარიას კვირის ეთერში.

პარლამენტმა ანტი-ლგბტ კანონი I მოსმენით მიიღო

პარლამენტმა ლგბტ უფლებების შემზღუდველი “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვნების დაცვის შესახებ” კანონი პირველი მოსმენით მიიღო. პლენარულ სხდომაზე კანონპროექტს მხარი 78-მა დეპუტატმა დაუჭირა. ოპოზიციონერი დეპუტატების უმრავლესობა პლენარულ სხდომებს არ ესწრება, რადგანაც რუსული კანონის მიღების შემდეგ, ისინი პარლამენტის მუშაობას ბოიკოტს უცხადებენ.

კანონპროექტის მეორე და მესამე მოსმენა პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე არის დაგეგმილი.

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 4 ივნისს ლგბტ უფლებების შემზღუდველი “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანების დაცვის შესახებ” კანონის პაკეტი წარადგინა და დაასახელა 8 საკითხი, რომელიც მოწესრიგებული იქნება აღნიშნული 19 კანონის მეშვეობით.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა იმ ადმინისტრაციული ჯარიმების რაოდენობაზე ისაუბრა, რასაც ანტი-ლგბტ კანონი მასში წარმოდგენილი სხვადასხვა პუნქტის ნაწილის დარღვევის შემთხვევაში ითვალისწინებს” “რაც შეეხება პასუხისგების ნაწილს. მაგალითად, რეკლამის გავრცელების შემთხვევაში, ეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფარგლებში დარეგულირდება და ფიზიკური პირის შემთხვევაში ჯარიმა 800 ლარი იქნება, იურიდიულის პირის შემთხვევაში კი 2 500 ლარი. არასრულწლოვნისთვის პირდაპირი კომუნიკაციის გზით პროპაგანდის შემცველი ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში, ფიზიკური პირი 1 000 ლარით დაჯარიმდება, იურიდიული პირი კი 3 ათასით.”

26 ივნისს ვენეციის კომისიამ „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო კანონპროექტთან დაკავშირებით მოსაზრება გამოაქვეყნა, სადაც მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას „მთლიანად გადახედოს ამ საკანონმდებლო წინადადებას და არ გააგრძელოს მისი მიღება“ ან, თუ გააგრძელებს მის მიღებას, ამოიღოს/შეცვალოს ზოგიერთი მუხლი ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს ლგბტ ადამიანების მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრა და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან შესაბამისობა.

ლევან ცუცქირიძემ პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ შექმნა

მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის (EECMD) აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ცუცქირიძემ პოლიტიკურ მოძრაობას დააფუძნა.  

მოძრაობის დამფუძნებლები აცხადებენ, რომ მისი შექმნის მიზანი საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა და ისტორიული მისიის მიღწევაა. მათი თქმით, „თავისუფლების მოედანი“ ღია დემოკრატიული პლატფორმა იქნება:

„თავისუფლების მოედანი” პატრიოტი, პროფესიონალი და პატიოსანი მოქალაქეების ერთობაა თავისუფლებისა და დემოკრატიის გადასარჩენად. ჩვენი მიზანია, არ დავუშვათ საქართველოს გადაქცევა რუსეთის გუბერნიად, დავამარცხოთ დღევანდელი ხელისუფლება საპარლამენტო არჩევნებზე, დავამყაროთ რეალური დემოკრატია და მივაღწიოთ ევროკავშირის წევრობას. გვჯერა, რომ მშვიდობის საფუძველი სამართლიანობაა, ხოლო მმართველობის ყველაზე სამართლიანი სისტემა დემოკრატიაა.

გვაქვს მკაფიო ხედვა, როგორ მივიდეთ არჩევებამდე, როგორ დავიცვათ ჩვენი ხმები და როგორ განვაგრძოთ გზა არჩევნების შემდეგ – ეროვნული იდენტობისა და თვითმყოფადობის შენარჩუნებით, ეკონომიკის, ჯანდაცვის, კულტურისა და განათლების განვითარებით, უნიკალური ბუნებისა და გარემოს ეფექტიანი დაცვით“, – ვკითხულობთ მოძრაობის მანიფესტში.

პრეზენტაციაზე მოძრაობის წევრებმა გააკრიტიკეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკა და აღნიშნეს, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხელისუფლება აუცილებლად უნდა შეიცვალოს.

„ჩვენ მოვდივართ პოლიტიკაში არა პოლიტიკური სივრცის დანაწევრებისთვის, არამედ მისი გაერთიანებისთვის“, – თქვა ლევან ცუცქირიძემ მოძრაობის პრეზენტაციაზე. 

ლევან ცუცქირიძემ წარადგინა მოძრაობის წევრებიც, რომელთა შორის არიან ზურაბ ფარჯიანი, სიმონ ჯანაშია, რევაზ აფხაზავა, ირაკლი ქობალია და სხვები.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.