ევროპულ-ქართული ინსტიტუტი იწყებს მიმდინარე კვირაში განვითარებული მოვლენების ორენოვანი მიმოხილვის პროექტს. პროექტი ხორციელდება შვედეთის საერთაშორისო ლიბერალური ცენტრის (SILC) მხარდაჭერით. გთავაზობთ ჩვენს მეთოთხმეტე დაიჯესტს. დაიჯესტის პერიოდია: 30.IV.2021 –07.V.2021

  • „ევროპულ-ქართული ინსტიტუტი” ნიდერლანდების სამეფოს განთავისუფლების დღეს ულოცავს !
  • „ევროპულ-ქართული ინსტიტუტი”ლატვიას დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს ულოცავს !

ლევან ვასაძე პოლიტიკურ მოძრაობას აფუძნებს

კონსერვატული შეხედულებების მქონე ქართველმა ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ დღეს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ იგი პოლიტიკაში მოდის და საზოგადოებრივ მოძრაობას – „ერთობა, რაობა, იმედს“ აფუძნებს.

„გადაწყვეტილების ძირითადი მიზეზი გახდა ის ფაქტი, რომ ქვეყანა შესული არის პერმანენტული კრიზისის პირობებში, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური, კულტურული, სოციალური, იდეოლოგიური თვალსაზრისით“, – განაცხადა ლევან ვასაძემ და დაამატა, რომ მისთვის „ბოლო წვეთი“ ე.წ. დანიელსონის დოკუმენტზე ხელის მოწერა იყო, რითაც მისივე შეფასებით, „მოხდა ქვეყნის სუვერენიტეტის უხეში ხელყოფა“.

ვასაძემ ქვეყნის უკუსვლის მთავარ მიზეზად პოლიტიკური წყობის ცვლილება – საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლა და პრეზიდენტის ინსტიტუტის შესუსტება დაასახელა. მანვე დააანონსა, რომ ახლადშექმნილი საზოგადოებრივი მოძრაობა 16 მაისს თბილისში საპროტესტო აქციას გამართავს.

ლევან ვასაძის პოლიტიკაში შემოსვლა შეაფასეს ექსპერტებმა და პოლიტიკოსებმა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ ლევან ვასაძის პოლიტიკური განაცხადი იმის დასტურია, რომ რუსეთი საქართველოში პოლიტიკურ საყრდენებს ეძებს. ვასაძის პოლიტიკურ განაცხადს გამოეხმაურა ექსპერტი გია ხუხაშვილი: “დარჩა ღარიბაშვილი ამომრჩევლის გარეშე. ულტრა-კონსერვატული ფლანგი ვასაძეს მიაქვს… მშვიდობა-სტაბილურობა გახარიას… ნუ, რასაც იყიდის,  მხოლოდ ის რჩება.”

ვენეციის კომისიამ და ეუთო/ოდირმა საქართველოს საარჩევნო კოდექსის ცვლილებასთან დაკავშირებით რეკომენდაციები გამოაქვეყნა

ვენეციის კომისიამ და ეუთო/ოდირმა საქართველოს საარჩევნო კოდექსის ცვლილებასთან დაკავშირებით რეკომენდაციები გამოაქვეყნა. რეკომენდაციები შეეხო ცენტრალური საარჩევნო კომისიის არჩევის წესს, საოლქო და საუბნო კომისიებში პროფესიული ნიშნით დასანიშნი წევრების არჩევის პროცედურასა და გამჭვირვალობის აუცილებლობას, საარჩევნო კომისიის მოხსნის წესის თვალნათლივ განსაზღვრას და ა.შ. ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის განცხადებით აქამდე გაცემული რეკომენდაციების ნაწილი დაკმაყოფილებულია, ნაწილი კი ისევ შეუსრულებელი რჩება. მათი თქმით, საარჩევნო კანონში შეტანილი ცვლილებების სიხშირე საფრთხეს უქმნის საარჩევნო პროცესის მთლიანობასა და დემოკრატიის კონსოლიდაციას. ეუთო/ოდირი და ვენეციის კომისია აჟღერებენ კიდევ ერთ რეკომენდაციას – 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დაინერგოს საარჩევნო ტექნოლოგიების საპილოტე პროგრამა.

ევროსასამართლომ მიხეილ სააკაშვილის სარჩელი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ წარმოებაში მიიღო

„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ – ევროსასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის სარჩელი წარმოებაში მიიღო. სააკაშვილის ადვოკატის გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, საუბარია სისხლის სამართლის ორ საქმეზე, ერთია ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტთან და მეორე – შეწყალების საქმესთან დაკავშირებული. 

„ორივე საქმეზე მიმდინარეობს განხილვა, შესაბამისი კითხვები გადმოგზავნილია პროკურატურაში და შემდგომ ეტაპზე ჩვენ მოგვიწევს კონკრეტულ პოზიციებზე დაზუსტებული პასუხების გაგზავნა. მესამე პრეზიდენტის მიმართ საქართველოში, ეროვნული სასამართლოების დონეზე გამოტანილია არაობიექტური განაჩენი, ვინაიდან საქმეში არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულებები, არაჯეროვნად იყო საქმე შესწავლილი და დადგა გამამტყუნებელი განაჩენი“, – განუცხადა „ტვ პირველს“ გიორგი ჩივიაშვილმა. 

მიხეილ სააკაშვილის შეფასებით კი, ევროსასამართლოს კითხვები არის სრულიად არაორაზროვანი, ძალიან ნათელი და კონკრეტული. „საერთოდ არ არის საჭირო სტრასბურგი, იმისათვის რაც იცის თითოეულმა ქართველმა, რომ ეს არის თავიდან ბოლომდე ივანიშვილის „კაპრიზებზე“ რუსეთის დაკვეთით შექმნილი ყალბი, ცრუ საქმეები, რომელსაც არაფერი კავშირი არა აქვს სამართალთან და სამართლიანობასთან.”

საქართველოში „სინოფარმით“ ვაქცინაცია დაიწყო

საქართველოში 4 მაისს ჩინური წარმოების ვაქცინა „სინოფარმით“ 18 წელს ზევით ასაკის მოქალაქეების ვაქცინაცია დაიწყო. „სინოფარმი“ რიგით მესამე ვაქცინაა, რომელიც ქვეყანაში „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ შემდეგ შემოვიდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე პირველი იყო, რომელიც დღეს დილით „სინოფარმით“ საჯაროდ აიცრა. 6 მაისს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი, ხათუნა ზახაშვილი აიცრა სინოფარმის ვაქცინით. ამავე ვაქცინით აიცრნენ იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე და საქართველოს პარლამენტის წევრები.

საქართველოში 18 წელს ზევით მოქალაქეების „სინოფარმზე“ რეგისტრაცია 27 აპრილს, მას შემდეგ დაიწყო, რაც 3 აპრილს საქართველოში ვაქცინის 100 000 დოზა ჩამოვიდა. 7 მაისის მონაცემებით საქართველოში ჯამურად ჩატარდა 54 687 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 8700 ადამიანი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.