ევროპულ-ქართული ინსტიტუტი იწყებს მიმდინარე კვირაში განვითარებული მოვლენების ორენოვანი მიმოხილვის პროექტს. პროექტი ხორციელდება შვედეთის საერთაშორისო ლიბერალური ცენტრის (SILC) მხარდაჭერით. გთავაზობთ ჩვენს მეთხუთმეტე დაიჯესტს. დაიჯესტის პერიოდია: 07.V.2021 –14.V.2021

ნიკა მელია განთავისუფლდა

8 მაისს ევროკავშირმა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობიდან გასათავისუფლებლად 40 000 ლარის ოდენობის გირაო გადაიხადა. ორგანიზაციის ეს ქმედება საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შორის 19 აპრილს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებას მოჰყვა.

საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად 19 აპრილს მიღწეული შეთანხმების ფარგლებში, ხელმომწერებმა ვალდებულება აიღეს, რომ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, „რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს“.

ნიკა მელიამ რუსთავის საპატიმრო დაწესებულება 10 მაისს დატოვა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებს – კარლ ჰარცელსა და კელი დეგნანს, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ევროკავშირის მედიაციით გამართულ მოლაპარაკებებში შეტანილი წვლილისათვის.

ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის მიერ ციხის დატოვება შეაფასეს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა. ქართული ოცნების წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ „ევროკავშირმა სააკაშვილს არ მისცა რუსული დესტაბილიზაციის სცენარის განხორციელების შესაძლებლობა, ვინაიდან გადაიხადა გირაო და ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც, ანუ მელიას საშუალებით, სურდა სააკაშვილს, რომ ეს რუსული სცენარი განეხორციელებინა, აღკვეთა.” პარტია „ლელო საქართველოსთვის” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ მელიას განთავისუფლება ასე შეაფასა: „სტაბილიზაციისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი იქნა გადადგმული და ეს იქნა მიღწეული შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერით. ეს არის შედეგი, როდესაც ორი პოლიტპატიმარი უკვე არის საპყრობილეს გარეთ. რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის შემოსვლას პარლამენტში, ეს ბუნებრივია, მათი გადასაწყვეტია, მაგრამ ლოგიკური იქნება, რომ მთელი პოლიტიკური ბრძოლა იქნას გადატანილი პარლამენტში…”

ნიკა მელიას ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება შევა თუ არა პარლამენტში. ევროპელმა და ამერიკელმა დეპუტატებმა 11 და 12 მაისს ნაციონალურ მოძრაობას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდეს. ამჟამად უცნობია როდის და რა ფორმატში მიიღებს პარტია პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას.

შარლ მიშელის მედიაციით შექმნილ დოკუმენტს ხელი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას” ბლოკით შესულმა რესპუბლიკური პარტიის ორმა დეპუტატმა – ხათუნა სამნიძემ და თამარ კორძაიამ, ენმ-ს ყოფილმა წევრმა სალომე სამადაშვილმა და ყოფილმა თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ მოაწერეს. 

პარლამენტში პირველი ოპოზიციური ფრაქცია ჩამოყალიბდა

დღეს პარლამენტში პირველი ოპოზიციური ფრაქცია „პარტნიორობა საქართველოსთვის“ ჩამოყალიბდა, რომელშიც პარტია „ლელოს“ ოთხი დეპუტატი და ცალკე სამი დამოუკიდებელი დეპუტატი, მათ შორის პარლამენტში ევროპული საქართველოს სიით შესული არმაზ ახვლედიანი და შალვა შავგულიძე შეუერთდა. ფრაქციაში შევიდა ასევე სალომე სამადაშვილი, რომელმაც ნაციონალური მოძრაობა ოფიციალურად გუშინ დატოვა.

ფრაქციის თავმჯდომარე პარტია „ლელოს“ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე იქნება, ხოლო სალომე სამადაშვილი თავმჯდომარის მოადგილის პოსტს დაიკავებს. ფრაქციის გეგმებზე საუბრისას, ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ, მართალია, ისინი „რადიკალური რეფორმების“ განხორციელებას ვერ შეძლებენ, მაგრამ 19 აპრილის შეთანხმება „გვაძლევს საშუალებას, ძირეული რეფორმებისთვის ფუნდამენტი მოვამზადოთ“. 

საქართველოში ვაქცინაზე რეგისტრაცია შეფერხდა საიტის გადატვირთვის გამო

12 მაისის 20:00-დან საქართველოში სინოფარმის ვაქცინის მეორე დოზაზე რეგისტრაცია  უნდა დაწყებულიყო. ასევე, ვებ-გვერდი გაიხსნა ასტრაზენეკას ვაქცინაზე დარეგისტრირების მსურველთათვის 45 წლის ზემოთ ასაკობრივი კატეგორიისთვის, თუმცა, მომხმარებლები რეგისტრაციას ვერ ახერხებდნენ ტექნიკური ხარვეზის გამო. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განმარტა, რომ ამის მიზეზი საიტზე ძალიან დიდი რაოდენობის ადამიანების შესვლა იყო. „როგორც ჩვენი საინფორმაციო სამსახურები, IT სამსახურები გვეუბნებიან, იყო ძალიან დიდი ტრაფიკი, ანუ სადღაც 800000-მდე შემოსვლის მცდელობა და ეს იყო, რომ სისტემამ ვერ გაუძლო ამას, შესაბამისად, მოხდა ეს ხარვეზი, რომლის გამოსწორებასაც საკმაო დრო დასჭირდა.”

14 მაისის მონაცემებით, საქართველოში ჯამურად ჩატარდა 81 076 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 13 507 ადამიანი.

გიორგი გახარიას გუნდის წევრები ხელისუფლებიდან ზეწოლაზე საუბრობენ

11 მაისს გორის მერის მოადგილეებმა – პაატა ივანიშვილმა და ერასტი ელიჯარაშვილმა ქართული ოცნება და თანამდებობები დატოვეს და ამის მიზეზად ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პოლიტიკურ გუნდთან კავშირების გამო გორის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის მხრიდან განხორციელებული ზეწოლა დაასახელეს.

მოგვიანებით გორის მერმა განმარტა, რომ მოადგილეებს გადადგომას იმიტომ სთხოვდა, რომ ისინი გახარიას ემხრობოდნენ და ყოფილი პრემიერის გუნდში მერიის სხვა თანამშრომლების გადაბირებასაც ცდილობდნენ.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია 18 თებერვალს გადადგა და მიზეზად ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებაზე მმართველ გუნდთან უთანხმოება დაასახელა. 22 მარტს გახარიამ განაცხადა, რომ იგი პოლიტიკიდან არ მიდის. მან ახალი პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბების გეგმებზე მიანიშნა. მოგვიანებით, 14 აპრილს, ქართული ოცნების ექვსმა დეპუტატმა მმართველი პარტია დატოვა და გახარიას გუნდს შეუერთდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.