ევროპულ-ქართული ინსტიტუტი იწყებს მიმდინარე კვირაში განვითარებული მოვლენების ორენოვანი მიმოხილვის პროექტს. პროექტი ხორციელდება შვედეთის საერთაშორისო ლიბერალური ცენტრის (SILC) მხარდაჭერით. გთავაზობთ ჩვენს მეთექვსმეტე დაიჯესტს. დაიჯესტის პერიოდია: 14.V.2021 –21.V.2021

  • „ევროპულ-ქართული ინსტიტუტი” უკრაინას ვიშივანკას დღეს ულოცავს !

2021 წელი ზაქარია ფალიაშვილის დაბადების 150-ე წლისთავია. ამასთან დაკავშირებით გამოიცა მის მიერ შექმნილი „მესა”, რომლის პრეზენტაციაზეც სიტყვით გამოვიდა ვატიკანის ელჩი, არქიეპისკოპოსი ჟოზე აველინო ბეტანკური, მან აღნიშნა: „ფალიაშვილმა მთელი თავისი სიცოცხლე მიუძღვნა ქართულ მუსიკას, მისი მდიდარი ტრადიციების შესწავლას, მის გაჟღერებას მსოფლიო სცენებზე, მის გამოყენებას ქართულ რელიგიურ, როგორც ლათინურ, ისევე მართლმადიდებლურ კონტექსტში.”

დაპირისპირება დმანისში

17 მაისს, ქვემო ქართლში, ქალაქ დმანისში მასობრივი არეულობა იყო და ათობით მოქალაქე ერთმანეთს ქვებითა და ჯოხებით დაუპირისპირდა. დაძაბულობის განმუხტვა და დაპირისპირებული მხარეების დამშვიდება სამართალდამცველებმა სცადეს, თუმცა ადგილობრივებმა პოლიციის ჯაჭვის გარღვევა რამდენჯერმე მოახერხეს. გავრცელებული ინფორმაციით, 16 მაისს ერთ-ერთ ადგილობრივ მაღაზიაში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, რა დროსაც მფლობელმა ერთ-ერთ მკვიდრს ალკოჰოლური სასმლის ნისიად მიყიდვაზე უარი უთხრა, ეთნიკურად შერეული მოქალაქეებით დასახლებული ქალაქის ქუჩებში დღეს ადგილობრივების ორი ჯგუფი ერთმანეთს დაუპირისპირდა.

17 მაისს დმანისს საქართველოს შს მინისტრი ვახტანგ გომელაური და და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი ეწვივნენ. მინისტრმა გომელაურმა განაცხადა, რომ გარკვეული „ძალები და ჯგუფები“ ცდილობენ დაპირისპირების ეთნიკურ ჭრილში გადაყვანას, რასაც საქართველოს ხელისუფლება „არ დაუშვებს“. „ეთნიკურად აზერბაიჯანელები არიან ჩვენი მოქალაქეები, პირველ რიგში და მეორე – აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, ჩვენი მოკავშირეა, ჩვენი მეზობელია და ჩვენი მეგობრები არიან. ეს არ უნდა დავუშვათ, ეს არის ქვეყნის მტრობა“, – განაცხადა მან.

მარნეულის სათემო რადიოს დირექტორმა, კამილა მამედოვამ განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, ხელისუფლება კონფლიქტის არა სამართლებრივი გზებით, არამედ „შინაურულად“, ადგილობრივი ავტორიტეტების, ნაცნობებისა და ნათესავების ჩართულობით ცდილობს. მისი შეფასებით, მსგავსი მეთოდით ადგილზე სიტუაცია დროებით კი დაწყნარდება, თუმცა რამდენიმე ხანში პრობლემა კვლავ „იფეთქებს“. „ნაღმზე ყოფნაა ასეთი თანაცხოვრება… თუ ჩვენ არასდროს მივხედავთ ინტეგრაციის საკითხს ასეთ დასახლებებში, ეს ყოველთვის იქნება შესაძლებელი“, – აღნიშნა მანვე.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა ხელისუფლება არასათანადო რეაგირებისა და თავდაპირველი დაპირისპირების შემდეგ, ვითარების გაუარესების პრევენციისთვის არასაკმარისი ზომების მიღების გამო გააკრიტიკეს. რესპუბლიკური პარტიის წევრის, თამარ კორძაიას შეფასებით, „არ შეიძლება“, რომ ეთნიკურ ნიადაგზე წარმოქმნილ პრობლემებს „მსუბუქად შევხედოთ“. „ძალიან დაძაბული ვითარებაა დმანისში, რომელიც შეიძლება ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდოს“, – განაცხადა მან.

მომხდარ ინციდენტსს გამოეხმაურა აზერბაიჯანის საელჩო თბილისში. საელჩომ განაცხადა, რომ ინციდენტი მხოლოდ შესაბამისმა სტრუქტურებმა უნდა შეაფასონ და დამნაშავეები საქართველოს კანონმდებლობით დაისაჯონ. საელჩომ ასევე დასძინა, რომ საელჩოს საქართველოს სამართალდამცველ სტრუქტურებთან აქვს კონტაქტი, რათა „ამ უსიამოვნო შემთხვევის რაიმე უარყოფითი შედეგები აღკვეთოს“.

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ კრიტიკულად შეაფასა მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან ადგილობრივებს შორის, „სავარაუდოდ კრიმინალური ხასიათის დაპირისპირებასთან დაკავშირებით“ უცხო ქვეყნის ხსენება. მას, სავარაუდოდ, შს მინისტრი ვახტანგ გომელაური ჰყავდა მხედველობაში, რომელმაც ადგილობრივებს შორის დაპირისპირების დასრულების მნიშვნელობაზე საუბრისას თქვა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს „სტრატეგიული მოკავშირე და პარტნიორია“. სახალხო დამცველი დმანისში მედიის წარმომადგენლებზე ფიზიკური თავდასხმისა და აპარატურის დაზიანების ფაქტებსაც შეეხო და შსს-ს შემთხვევების ეფექტიანი გამოძიებისა და ჟურნალისტებზე თავდამსხმელთა დასჯისკენ მოუწოდა. „სახალხო დამცველი შეისწავლის გამოძიების მიმდინარეობას“, – დასძინა ომბუდსმენმა.

ნიკა მელია კიევში მიხეილ საკაშვილს შეხვდა 

საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს კიევში შეხვდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია. როგორც ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, ნიკა მელიას აქვს დიდი გეგმები, მან ქართველი ხალხის დასახმარებლად შეძლო „ძალიან მაღალი ტალღის” აწევა.

ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე ამბობს, რომ სააკაშვილის დახმარებით კიევში ბევრ საინტერესო ადამიანს შეხვდა, როგორც უკრაინელს, ასევე არაუკრაინელს. სააკაშვილმა კი დაამატა, რომ ნიკა მელია უკვე გამარჯვებულია, რადგან საერთოდ გააქრო, ციხის, რეპრესიების და ზეწოლის შიში. მისი შეფასებით, მელიას ბოლო თვეების საქციელი არის გარდამტეხი მომენტი საქართველოს უახლეს ისტორიაში, „ახალი ძალა მიეცა მთელ ჩვენს ხალხს”.

“ნაციონალურ მოძრაობაში” ერთიანი პოზიცია ჯერ არ არის ჩამოყალიბებული “შარლ მიშელის დოკუმენტის” ხელმოწერისა და პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით. თავად ნიკა მელიამ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება გამჭვირვალედ იქნება მიღებული. ის არ გამორიცხავდა, რომ ისევე, როგორც მისი პარტიის თავმჯდომარედ არჩევის საკითხი, პარლამენტში შესვლის შესახებ გადაწყვეტილებაც “ფეისბუკზე” გამოკითხვის საფუძველზე იქნეს მიღებული.

არასამთავრობოები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევის შეჩერებას მოითხოვენ

ცხრა არასამთავრობო ორგანიზაციამ, მათ შორის, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ დღეს გავრცელებული ერთობლივი განცხადებით, 26 მაისს დაგეგმილ მოსამართლეთა კონფერენციის გაუქმება მოითხოვეს, რომელზეც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე წევრი უნდა აირჩიონ.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, 19 აპრილის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მართლმსაჯულების სისტემის ამბიციური რეფორმის გატარების გარეშე, შერჩეულ კანდიდატებს არ ექნებათ „მაღალი საზოგადოებრივი ნდობა და ლეგიტიმაცია“. ხელმომწერმა ორგანიზაციებმა მოუწოდეს კანონმდებლებს დაჩქარებული წესით მიიღონ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილება და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევის პროცესი „გამჭვირვალე და სამართლიანი“ გარემოს შექმნამდე შეაჩერონ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.