ევროპულ-ქართული ინსტიტუტი იწყებს მიმდინარე კვირაში განვითარებული მოვლენების ორენოვანი მიმოხილვის პროექტს. პროექტი ხორციელდება შვედეთის საერთაშორისო ლიბერალური ცენტრის (SILC) მხარდაჭერით. გთავაზობთ ჩვენს მეჩვიდმეტე დაიჯესტს. დაიჯესტის პერიოდია: 21.V.2021 –28.V.2021

საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკის ფონზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 4 მოსამართლე წევრი აირჩიეს

საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკისა და ადგილობრივი სამოქალაქო სექტორის პროტესტის ფონზე, 26 მაისს გამართულ მოსამართლეთა კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე წევრი აირჩიეს.

ხმის მიცემის პროცესი ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მოძრაობა „სირცხვილიას“ პროტესტის ფონზე წარიმართა. მათი მტკიცებით, საბჭოს წევრების დამტკიცება სასამართლო სისტემაში გავლენიანი ჯგუფის, ე.წ. „კლანის“ გაძლიერებას ემსახურება. სამოქალაქო სექტორის განცხადებით კი – ეს ნაბიჯი 19 აპრილის შეთანხმების „სულისკვეთებას“ ეწინააღმდეგება. მათივე თქმით, მართლმსაჯულების სისტემის ამბიციური რეფორმის გატარების გარეშე, შერჩეულ კანდიდატებს არ ექნებათ „მაღალი საზოგადოებრივი ნდობა და ლეგიტიმაცია“.

საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა თქვა, რომ საბჭოს არჩეული წევრები ე.წ. „კლანის“ წარმომადგენლები არიან. „წარსულში მათი საქმიანობა სწორედ გამოირჩეოდა იმით, რომ მხარს უჭერდნენ კლანის გადაწყვეტილებებს, როგორც სამოსამართლო საქმიანობის, ისე ადმინისტრაციულ თანამდებობებზე“, – დასძინა მან.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი მიქაუტაძემ უარყო ბრალდებები და თქვა, რომ ისინი მოსამართლეთა კონფერენციაზე წინასწარ მომზადებული კანდიდატურებით არ მისულან.

საქართველოში აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებმა, კელი დეგნანმა და კარლ ჰარცელმა, ასევე ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა, ნატალია ვუტოვამ 22 მაისს სასამართლო სისტემაში დანიშვნის პროცესის „დაუყოვნებლივი“ შეჩერების მნიშნველობას გაუსვეს ხაზი. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელიც სასამართლო სისტემის მთავარი მაკოორდინირებელი ორგანოა, 15 წევრისგან შედგება. საბჭოში შედიან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული რვა მოსამართლე და ექვსი არამოსამართლე წევრი, რომელთაგან ხუთს საქართველოს პარლამენტი ირჩევს, ერთს კი – საქართველოს პრეზიდენტი წარადგენს.

აქციები ნამახვანჰესის წინააღმდეგ

23 მაისს თბილისში „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია გაიმართა. აქტივისტები დედაქალაქში ქუთაისიდან შუადღისთვის ჩამოვიდნენ, სადაც სხვა მხარდამჭერებს შეუერთდნენ და საკუთარი მოთხოვნები პირველი რესპუბლიკის მოედანზე გააჟღერეს. 

„ნამახვანჰესის“ საპროტესტო აქციების ერთ-ერთმა ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა ხელისუფლებას ჰესის მშენებელ კომპანიასთან გაფორმებული „ანტისახელმწიფოებრივი“ ხელშეკრულების შეწყვეტისკენ მოუწოდა. ამასთან, გოლეთიანმა კიდევ ერთხელ გააჟღერა ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას გადადგომის თაობაზე აქტივისტების მოთხოვნა და ყველა იმ პირის, მათ შორის, ნათია თურნავას მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვა, რომელიც კომპანიასთან ხელშეკრულების მომზადებაში იყო ჩართული და მას ხელი მოაწერა. აქტივისტები საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით პრიორიტეტების შემუშავებამდე, ენერგოსექტორში მორატორიუმის გამოცხადებასაც ითხოვენ.

„ნამახვანჰესის“ მშენებელმა კომპანია „ენკამ“ გამართული საპროტესტო აქციის საპასუხოდ განაცხადა, რომ ის მზად არის გააგრძელოს „საქმიანი დისკუსია ყველა დაინტერსებულ მხარესთან“. თუმცა, კომპანიამ იქვე ხაზი გასუვა, რომ „ნამახვანჰესის“ პროექტი „არის ქართული საქმე, რომელიც ემსახურება რიონის ხეობის მაცხოვრებლების და მთელი ქვეყნის კეთილდღეობას“.

25 მაისს, ონლაინგამოცემა „მთის ამბებმა“ განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტროს „გასაიდუმლოებული“ დასკვნა მოიპოვა, რომელიც „ნამახვანჰესის“ პროექტის ინვესტორთან საქართველოს ხელისუფლების მიერ დადებულ ხელშეკრულებაზე კრიტიკულ შენიშვნებს შეიცავს. ჰესის მოწინააღმდეგეები უკვე თვეებია ითხოვენ „ანტისახელმწიფოებრივი“ ხელშეკრულების გაუქმებას. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ხელშეკრულების მიხედვით, ცალკეული ფორსმაჟორული გარემოებები საქართველოს მთავრობას ვალდებულების შესრულებისგან არ ათავისუფლებს, მაშინ როდესაც კომპანია ასეთი ვალდებულებისგან თავისუფალია. დოკუმენტის თანახმად, ასევე საჭიროა იმ დებულების დამატებითი შეფასება, რომელიც საქართველოს მთავრობას ავალდებულებს, რომ კომპანია ბუნებრივი რესურსების მოპოვების ლიცენზიის აღების ვალდებულებისგან გაათავისუფლოს. დოკუმენტი შეიცავს რეკომენდაციას, რომ მოხდეს პირობების და ბუნდოვანი დებულებების შემდგომი დაზუსტება, და მოუწოდებს შესაბამის სამინისტროებს, მიზანშეწონილობის თაობაზე დამატებითი შეფასებები განხორციელონ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა დროის პერიოდი, არასასოფლოსამეურნეო მიწების გადაცემა, ან კომპანიის გადასახადებისგან გათავისუფლება.

27 მაისს, „რიონის ხეობის მცველები” ქუთაისში დაბრუნდნენ. ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო მოძრაობის წარმომადგენელმა ვარლამ გოლეთიანმა თქვა, რომ რიონის ხეობისკენ მიმავალი გზა გადაიკეტება სწორედ, გუმათის დასახლებასთან. აქციის მონაწილეები მხოლოდ კომპანია „ენკა“-ს ავტომანქანებს არ გაატარებენ. გარდა ამისა, ისინი გადაკეტავენ რიონის ხეობისკენ მიმავალ მეორე გზას. გოლეთიანმა ასევე თქვა, რომ გადაიკეტება ქუთაისიდან რაჭისკენ მიმავალი გზა, იმისთვის, რომ კომპანიამ არც ამ მიმართულებით ისარგებლოს.

28 მაისს, რიონის ხეობაში სოფელ გუმათში ღამით ვითარება დაიძაბა. ერთმანეთს პოლიცია და დემონსტრანტები დაუპირისპირდნენ, იქ სადაც პოლიციამ რკინის ბარიკადები აღმართა. აქციის მონაწილეებმა სწორედ ამ წინაღობაზე დაიწყეს ბრახუნი, რა დროსაც, პოლიცია ბარიკადების მეორე, აქციის მონაწილეების მხარეს გადავიდა. გუშინდელი ინციდენტის დროს 8 აქტივისტი დააკავეს. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფოც.

„გუმათჰესთან უსაფრთხოების მიზნით განთავსებული რკინის ჯებირების დაზიანების” ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის რამდენიმე მონაწილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით გამოძიება დაიწყო.  

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს

1918 წლის 26 მაისს თბილისში, გოლოვინის გამზირზე, შედგა საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომა. ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით მიმდინარე სხდომაზე ეროვნულმა საბჭომ ერთხმად დაამტკიცა „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი“.

2021 წელს, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად თბილისში, თავისუფლების მოედანზე სადღესასწაულო ღონისძიებები გაიმართა. საქართველოს პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა სტუმრობდა. მან ქვეყანას დამოუკდიებლობის დღე მიულოცა და მზადყოფნა გამოთქვა, რომ საქართველოს პოლონეთმა ვაქცინები გაუზიაროს. პოლონეთის პრეზიდენტმა ღიად დააფიქსირა მხარდაჭერა საქართველოს ინტეგრაციისადმი ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებშიც. „ქართველებო, გელით გაერთიანებულ ევროპაში, რადგან მისი მემკვიდრეობის ნაწილი ხართ. ქართველებო, გელოდებით NATO-ში, რადგან ამაყი ერი ხართ, რომელიც იმსახურებს თავისუფლებას” – ამ სიტყვებით მიმართა დუდამ ქართველ ხალხს.

საქართველოს პირველი რესპუბლიკის (1918-1921) არმიის გენერალი გიორგი კვინიტაძე საფრანგეთიდან საქართველოში გადმოსვენების შემდეგ თბილისში, მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონია სიმბოლურად დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს გაიმართა. 1918-1921 წლებში აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ფრონტზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის მიმდინარეობისას, 16 თებერვალს, ხელმეორედ დაინიშნა შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად. 

„არ არის ტყვია, რომელიც მე მომკლავს, რადგან ჩემი ფესვები იმ ქვეყანაშია, რომელსაც ჰკლავდნენ და არ კვდებოდა”, – ეს გიორგი კვინიტაძის სიტყვებია. მან ღრმა სიბერემდე იცოცხლა და 1970 წელს ემიგრაციაში გარდაიცვალა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.