ევროპულ-ქართული ინსტიტუტი იწყებს მიმდინარე კვირაში განვითარებული მოვლენების ორენოვანი მიმოხილვის პროექტს. პროექტი ხორციელდება შვედეთის საერთაშორისო ლიბერალური ცენტრის (SILC) მხარდაჭერით. გთავაზობთ ჩვენს მეთვრამეტე დაიჯესტს. დაიჯესტის პერიოდია: 28.V.2021 –04.VI.2021
გიორგი გახარიამ პარტია „საქართველოსთვის” დააფუძნა
29 მაისს საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ახალი პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელი ყრილობა და პრეზენტაცია გამართა. „დღეს ჩვენ ვერთიანდებით საქართველოსთვის, მაგრამ არავის წინააღმდეგ“, – განაცხადა ყოფილმა პრემიერმა. გიორგი გახარიამ ქვეყნის მთავარ გამოწვევებად სუსტი სახელმწიფო ინსტიტუტები და მათდამი საზოგადოების უნდობლობა, სოციალური დაცვის მექანიზმების ნაკლებობა, განათლების რეფორმა, სიღარიბე და უმუშევრობა დაასახელა, რომელთა მოგვარების გარეშეც, მისივე თქმით, „ჩვენ სამართლიან და ძლიერ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ“.
გიორგი გახარიამ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ ქართული ოცნება „დაშორდა რიგითი მოქალაქეების რეალურ პრობლემებს“ და „მისი პარტიული ინტერესები დააყენა სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა“. მანვე პოსტიდან წასვლის ერთ-ერთ მიზეზად ისიც დაასახელა, რომ „8-წლიანი მმართველობის შემდგომ“, ქართული ოცნება „თავის თუნდაც ყველაზე დიდ მიღწევებს, ადარებდა 10-15 წლის წინ რეალობას და ამით განვითარების პერსპექტივას უკლავდა ჩვენს ქვეყანას“.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მიხედვით, გიორგი გახარია პოლიტიკოსებს შორის ყველაზე მაღალი მოწონება – 65% ჰქონდა.
ყოფილი პრემიერის მიერ პარტიის დაფუძნება შეაფასეს ხელისუფლების და ოპოზიციური
პარტიების წარმომადგენლებმა. „ჩემი პირადი პოზიცია არის, რომ გახარია არის ბიძინა ივანიშვილის მიერ შემოყვანილი მოთამაშე და ალბათ, რომ ელექტორატის რაღაც ნაწილი იქნებ მიიზიდოს ამ მოთამაშემ“, – განაცხადა ლელო საქართველოსთვის ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ. ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ სწორედ გახარიას პრემიერ-მინისტრობის დროს ხდებოდა „კორუფცია, ნეპოტიზმი რომ ყვავის, თურმე, დღეს ხელისუფლებაში“.
ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 31 მაისს განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებამდე გადადგომით, გახარიამ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინტერესების შესაბამისად იმოქმედა. კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ გახარიას გადადგომის შემდეგ, ოპოზიციის მხარდამჭერმა ორმა ტელეკომპანიებმა – „ფორმულამ“ და „ტვ პირველმა“ ყოფილი პრემიერ-მინისტრის „გაპიარება“ დაიწყეს.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში შედის
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის. ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, ბოიკოტის შესახებ ოპოზიციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააზრებული და გამართლებული იყო და დამტკიცდა, რომ მიტაცებული სახელმწიფოს გასათავისუფლებლად ბრძოლა შეუძლიათ.
მელიამ განაცხადა, ოპოზიციამ აჩვენა, რომ შეუძლია იყოს ერთიანი, რაც ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარია, რაც მომავალი გამარჯვებების საწინდარი გახდება. მისივე თქმით, ქვეყნის ყველა მეგობარი და პარტნიორი დგას ქართველ ხალხთან ერთად, რათა „მიტაცებული სახელმწიფო ოლიგარქს გამოსტაცონ“ და „ბრძოლა არათუ გრძელდება, არამედ გადადის დამაგვირგვინებელ გადამწყვეტ ფაზაში.“
ამავდროულად პარტიამ განაცხადა, რომ არ აპირებენ ხელი მოაწერონ შარლ მიშელის მედიაციით შექმნილ დოკუმენტს. “ამ შეთანხმებაში არის ერთი პუნქტი, რომელიც კატეგორიულად მიუღებელი არის და ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჩვენ ხელმოწერას ამ დოკუმენტზე ვერ დავსვამთ, თუმცა, რა თქმა უნდა, სხვა საკითხებთან მიმართებაში ჩვენ თავიდან ბოლომდე ჩავერთვებით საკანონმდებლო საკითხების გადაწყვეტაში და ვიბრძოლებთ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, რომ ეს მავნებლობა, რომელსაც ადგილი აქვს „ქართული ოცნების“ მხრიდან და უკვე დაარღვიეს არაერთი შეთანხმება, შევბოჭოთ და არ მივცეთ გასაქანი დამატებით მავნებლობას“, – განაცხადა მელიამ. ხატია დეკანოიძემ განმარტა, ის, რის გამოც ენმ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერს, ამნესტიის მუხლია.
სენატორ რობ პორტმანისა და ჯინ შაჰინის საქართველოში ვიზიტი დასრულდა
აშშ-ის კონგრესის დელეგაცია, სენატორ ჯინ შაჰინის ხელმძღვანელობითა და სენატორ რობ პორტმანის მონაწილეობით 2-4 ივნისის ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეწვია. სენატორები ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებს – ზემო ნიქოზსა და ერგნეთს ესტუმრნენ, სადაც მათ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ უმასპინძლა. შემდეგ კი სენატორები ხელისუფლების, საპარლამენტო ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
3 ივნისს სენატორები – შაჰინი და პორტმანი პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდნენ. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის გარდა, სენატორებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მხარდაჭერა საქართველოს ინტეგრაციის მიმართ ევროკავშირსა და ნატოში. საუბარი, ცხადია, რეფორმებსაც შეეხებოდა. სენატორმა ჯინ შაჰინმა განაცხადა: “იმისთვის, რომ ოქტომბრის არჩევნები მაქსიმალურად სამართლიანი და თავისუფალი იყოს, მნიშვნელოვანია, რეფორმების სვლის გაგრძელება დამოუკიდებელი სასამართლოს უზრუნველყოფით.”
იმავე დღეს სენატორები ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდნენ, საქმიან სადილზე. მათ შორის იყო ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია – „ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება სულ ახლახან მიიღო; თუმცა უარს ამბობს „შარლ მიშელის შეთანხმების“ ხელმოწერაზე. სენატორები ისურვებდნენ, და ეს პრესკონფერენციაზეც აღინიშნა, რომ ენმ-მ ხელი მოაწეროს ამ შეთანხმებას.
სწორედ არჩევნებისა და სასამართლო სისტემის რეფორმები იყო მთავარი თემები არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსა და სენატორებს შორის გამართულ შეხვედრაზე, რომელიც 3 ივნისს, თბილისში შედგა. როგორც ამ შეხვედრის მონაწილემ, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის” მართლმსაჯულების პროგრამის დირექტორმა, გურამ იმნაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, შეხვედრაზე მსჯელობა არაერთ კონკრეტულ საკითხსა და პრობლემას შეეხებოდა.
მართლმადიდებლური ეკლესიის ბავშვთა სახლის გარშემო დაპირისპირებამ ახალი სახე მიიღო
მართლმადიდებლური ეკლესიის ნინოწმინდის ბავშვთა სახლში არსებულ გარემოზე უთანხმოება 3 ივნისს უფრო გამწვავდა. პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2016 წელს გამოქვეყნებული ცნობების თანახმად, ბავშვთა თავშესაფრის მიმართ ოთხი სისხლის სამართლის საქმე გახსნილია.სამი მათგანი მოიცავს მცირე ძალადობის ბრალდებას, ხოლო ერთი სავარაუდო გაუპატიურებას გულისხმობს. გავრცელებული ინფორმაციით, დაზარალებულებმა სამართალდამცველ ორგანოებს მხოლოდ პანსიონიდან წასვლის შემდეგ მიმართეს..
თავდაპირველი უარის შემდეგ, გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას მონიტორინგის უზრუნველყოფა – დაწესებულებაში შესულიყო სახალხო დამცველის აპარატი, მაგრამ სახალხო დამცველის აპარატს შესვლის უფლება არ მისცეს.
საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მოკლე განცხადება გაავრცელა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდა, გამოძიების შესახებ დეტალები გასაჯაროებინა „ისე, რომ დაფარული არაფერი დარჩეს” და თავიდან აიცილონ „სპეკულაციები” ინციდენტების შესახებ.
დღეს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ დაადასტურა, რომ სახალხო დამცველის აპარატს აქვს იურიდიული უფლებამოსილება შევიდეს არასრულწლოვანთა საცხოვრებელ ნებისმიერ დაწესებულებაში და იმედი გამოთქვა, რომ საკითხი გადაწყდება საქართველოს მართმადიდებლურ ეკლესიასთან „კომუნიკაციის” საშუალებით. „დარწმუნებული ვარ, რომ საპატრიარქოს დასამალი არაფერი აქვს,” – აღნიშნა მან.
„ის, რაც ნინოწმინდაში [ბავშვთა სახლში] ხდება, აისბერგის წვერია”, – თქვა „გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ. ის ამტკიცებს, რომ საქართველოს საპატრიარქო „ამჟამინდელი ხელმძღვანელობით გადაიქცა” დახურულ ინსტიტუტად, რომელსაც აქვს პოლიტიკური გავლენა.
ცვლილებები რესპუბლიკურ პარტიაში
ლევან ბერძენიშვილმა და თამარ კორძაიამ – რესპუბლიკურმა პარტიის ორმა წევრმა 4 ივნისს პარტია დატოვეს.
„ვადასტურებ, რომ გავედი პარტიიდან. ფრაქცია, რომელიც პარლამენტში იქმნება და ხათუნა სამნიძე უნდა იყოს თავმჯდომარე, არ მიმაჩნია სწორ გადაწყვეტილებად „რესპუბლიკური პარტიისთვის“, მაგრამ აღმოვჩნდით უმცირესობაში, პარტიამ სხვაგვარად გადაწყვიტა. არც ერთი წევრი იმ ფრაქციის არ მიმაჩნია იმის ღირსად, რომ „რესპუბლიკელები“ მათთან თანამშრომლობდნენ. ეს მათ შორის ჩემი გემოვნების ამბავია, პოლიტიკურად არ მომწონს არც ვაშაძე და არც ერთი. პარტიაში თამარ კორძაიაც იყო და ვერ გაიტანა თავისი მოსაზრება, ის აცხადებდა, რომ დამოუკიდებელი დეპუტატების სახით ყოფილიყვნენ პარლამენტში წარმოდგენილი რესპუბლიკელები“ Განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
დავით ბერძენიშვილი, ასევე გამოეხმაურა აღნიშნულს – „თამარ კორძაიამ და ლევან ბერძენიშვილმა დაასახელეს პარტიიდან გასვლის მოტივი – წარმატებებს ვუსურვებ ლევანს საზოგადოებრივ და თამარს პოლიტიკურ ასპარეზზე“