ევროპულ-ქართული ინსტიტუტი იწყებს მიმდინარე კვირაში განვითარებული მოვლენების ორენოვანი მიმოხილვის პროექტს. პროექტი ხორციელდება შვედეთის საერთაშორისო ლიბერალური ცენტრის (SILC) მხარდაჭერით. გთავაზობთ ჩვენს მეოცე დაიჯესტს. დაიჯესტის პერიოდია: 11.VI.2021 –  18.VI.2021


ამ დაიჯესტის შემდგომ ჩვენი გუნდი საზაფხულო არდადეგებზე გადის. დიდი მადლობა, რომ ეცნობოდით ჩვენს დაიჯესტს ! ჩვენ აუცილებლად დაგიბრუნდებით ზაფხულის შემდგომ, ან იქამდეც, თუკი ქვეყანაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენები მოხდა. 


საქართველოს მთავრობის და ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანმა კონფლიქტისას დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ფასილიტაციითა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რიკერის ჩართულობით აზერბაიჯანმა სომხეთს 15 ტყვე გადასცა, რომლებიც სომხეთში საქართველოს გავლით დაბრუნდნენ, სანაცვლოდ სომხურმა მხარემ აზერბაიჯანს მნიშვნელოვანი მასალები გადასცა დანაღმული ტერიტორიების შესახებ.

“საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიესალმება მეზობელი სახელმწიფოების ამ გადაწყვეტილებას, რამაც საფუძველი უნდა დაუდოს რეგიონში დაძაბულობის შემცირებას და გრძელვადიან პერსპექტივაში თანამშრომლობის ატმოსფეროს შექმნას,” – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას დაპირისპირებულ მხარეებს შორის შუამდგომლობისთვის. “მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობას შუამდგომლის უმნიშვნელოვანესი როლის შესრულებისთვის მხარეთა შორის დისკუსიების ფარგლებში,” – ნათქვამია სახელმწიფო მდივნის ტვიტში.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მედიატორის ისტორიულ როლს დაუბრუნდა, აშშ და ევროკავშირი კავკასიაში დაბრუნდნენ.

ირაკლი კობახიძის ინტერვიუები ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ მედიაში

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ რამდენიმე ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ მედიასაშუალებას ინტერვიუ მისცა. ტელეკომპანია „მთავარ არხთან“ ვრცელ ინტერვიუში ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მთავრობაში გიორგი გახარიას მმართველობის დროს არსებულ უთანხმოებებსა და მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებზე ისაუბრა. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ გამოხატა ეჭვები, რომ მთავრობის ყოფილი მეთაური სავარაუდოდ ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილი სახელმწიფო გადატრიალების გეგმის შესაბამისად მოქმედებდა. კობახიძის თქმით, გახარიას ქმედებების უკან შესაძლოა „რაღაც მერკანტილური მოტივი“ ყოფილიყო.

მმართველი პარტიის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ „რაც კი პრობლემა დაუგროვდა ქართულ ოცნებას იმ მცირე მონაკვეთის განმავლობაში, ეს იყო დაახლოებით ერთწლიანი [გიორგი გახარიას შს მინისტრობის] მონაკვეთი, ყველაფერი უკავშირდებოდა სპეცოპერაციებს, რომლებიც იყო გახარიას მიერ ორგანიზებული.“ გახარიას გადადგომამდე „ჩვენ ეს გვეგონა შეცდომები“, განაცხადა კობახიძემ, მიანიშნა რა იმაზე, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი შესაძლოა ქართული ოცნებისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწეოდა.

ინტერვიუში კობახიძემ ასევე ისაუბრა მმართველი პარტიის გეგმებზე ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ისინი მოახლოებული არჩევნებისთვის მზადებას „უახლოეს მომავალში“ შეუდგებიან. „ჩვენ გვაქვს რწმენა, რომ გვექნება კარგი შედეგი ამ არჩევნებში, მათ შორის ამ 43%-იანი ბარიერის კუთხიდან“, – განაცხადა კობახიძემ. მან არ დაადასტურა იყრის თუ არა კენჭს თბილისის მოქმედი მერი კახა კალაძე ხელახლა და აღნიშნა, რომ ადრეულ ეტაპზე კანდიდატის დასახელება ოპონენტებს უპირატესობას მიანიჭებს – ამიტომ მიღებულია, რომ კანდიდატი უშუალოდ არჩევნების წინ დასახელდეს.

რაც შეეხება პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებულ პირველ წერილს, სადაც მან გახარიას „მოღალატე“ უწოდა ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით გადადგომის გამო, ქართული ოცნების თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის სახელს პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებდნენ და ამიტომ, მან თავი ვალდებულად ჩათვალა, საზოგადოებისთვის განმარტება გაეკეთებინა.

საქართველო ნატოს ბრიუსელის სამიტის კომუნიკეში

ნატოს 30 წევრი სახელმწიფოსა და მთავრობების მეთაურებმა 14 ივნისს ბრიუსელის სამიტის კომუნიკე გამოაქვეყნეს, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, კიდევ ერთხელ იმეორებს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას, რომ „საქართველო გახდება ალიანსის წევრი, ხოლო წევრობის სამოქმედო გეგმა ამ პროცესის შემადგენელი ნაწილი იქნება“. 

ნატოს ლიდერებმა ხაზი გაუსვეს, რომ ისინი მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს უფლებას, რომ თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი და საგარეო პოლიტიკური კურსი, გარედან ჩარევის გარეშე. დოკუმენტის თანახმად, ალიანსი მხარს უჭერს საქართველოს ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ  მდგრადობის გაზრდაში, წვრთნებსა და სწავლებებში, ასევე უსაფრთხო კომუნიკაციებში. 

კომუნიკეში ნათქვამია, ნატოს ოპერაციებში „მნიშვნელოვანი წვლილის“ შეტანით, საქართველომ, თავის მხრივ, აჩვენა მზადყოფნა და შესაძლებლობა, რომ ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს. 

ნატო მიესალმება ევროკავშირის შუამავლობით 19 აპრილს მიღწეულ შეთანხმებას. ნატოს ლიდერებმა განაცხადეს, რომ შეთანხმება „მნიშვნელოვან რეფორმებს გაუკვალავს გზას, რაც საქართველოს, როგორც ასპირანტ ქვეყანას, დაეხმარება, რომ წევრობისკენ მიმავალ გზაზე წინ წაიწიოს“.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.