ევროპულ-ქართული ინსტიტუტი იწყებს მიმდინარე კვირაში განვითარებული მოვლენების ორენოვანი მიმოხილვის პროექტს. პროექტი ხორციელდება შვედეთის საერთაშორისო ლიბერალური ცენტრის (SILC) მხარდაჭერით. გთავაზობთ ჩვენს მეცხრამეტე დაიჯესტს. დაიჯესტის პერიოდია: 04.VI.2021 –11.VI.2021
ბიძინა ივანიშვილის განცხადება გიორგი გახარიასა და მისი პარტიის შესახებ
ქართული ოცნების დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ 7 ივნისს პირველი წერილი გამოაქვეყნა და თქვა რომ, თებერვალში ნიკა მელიას დაკავების გამო ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა იყო საკუთარი გუნდისა და საკუთარი სახელმწიფოს „პირდაპირი ღალატი“.
„უმაღლესი თანამდებობის პირის ამგვარ მოქმედებას, გაუგებრობის ხარისხით, მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაშიც კი ძნელად შეიძლება მოეძებნოს ანალოგი“, – თქვა ქართული ოცნების დამფუძნებელმა და ხაზი გაუსვა, რომ ამ ყველაფერმა მისი „მძიმე იმედგაცრუება გამოიწვია“.
ივანიშვილმა გააკრიტიკა გიორგი გახარიას ახალი პარტია და თქვა, რომ მას „არავითარი იდეოლოგიური თუ კონცეპტუალური საფუძველი“ არ აქვს და „აშკარად, მოაზრებულია როგორც სიტუაციური ინსტრუმენტი მმართველი გუნდისთვის საარჩევნო ხმების თუნდაც მცირე რაოდენობის წასართმევად“. მანვე ხაზი გაუსვა, რომ მმართველი პარტიის „ძლიერმა, პროგრესულმა და გამოცდილმა“ გუნდმა მარტივად შეძლო „სირთულეების დაძლევა და სახელმწიფო ინსტიტუტების გამყარება“. მისივე თქმით, მიუხედავად პოლიტიკიდან მისი გასვლიდან ორი წამყვანი სახელმწიფო თანამდებობის პირის [პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე] შეცვლისა, „სახელმწიფო აგრძელებს სტაბილურ ფუნქციონირებას“.
ივანიშვილის წერილამდე, გიორგი გახარია პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააკრიტიკა. მან ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ თებერვალში გიორგი გახარიამ, რომელიც მაშინ პრემიერი იყო, მოულოდნელად ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების ოპერაციის 2-3 დღით გადადება მოითხოვა. მისივე თქმით, ეს სწორედ მაშინ მოხდა, როდესაც ქართულმა ოცნებამ 17 თებერვალს, გახარიას გადადგომამდე ერთი დღით ადრე, კიევიდან ინფორმაცია მიიღო, რომ ნაციონალური მოძრაობა შეთქმულებას გეგმავდა და შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების ზოგიერთი თანამშრომლის მონაწილეობით ალტერნატიული მთავრობის“ ფორმირებას აპირებდა. „დასკვნები შეგიძლიათ თვითონ გამოიტანოთ!“, – განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ.
ივანიშვილის წერილის შემდეგ ყოფილი პრემიერის მიმართ კრიტიკული პოზიცია გამოხატა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა: „ჩვენ ვისმენდით ნიკა მელიას ქმედებებთან დაკავშირებით გუნდის შიგნით იმ ერთიან პოზიციას გიორგი გახარიასგან, რომელიც გვქონდა ჩვენც. მან მიიღო გადაწყვეტილება, შეცვალა ეს ჩვენება და გაგვაოცა ყველა. როგორც ჩანს გაოცება მხოლოდ ჩვენი არ იყო და ბიძინა ივანიშვილი მის ამგვარ გასაოცარ საქციელს ღალატის ტოლფას ქმედებად აფასებს.
პრინციპულად განსხვავებულია ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეფასებები. ლელო საქართველოსთვის წევრმა ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა: „გიორგი გახარია არის ბიძინა ივანიშვილისთვის სასარგებლო პროექტი. […] ეს ყველაფერი არის, რა თქმა უნდა, თამაში. “ევროპული საქართველოს” ლიდერმა, გიგა ბოკერიამ კი აღნიშნა, რომ „ივანიშვილის განცხადებამ დაგვიდასტურა ორი რამე რაც აქამდეც ვიცოდით ყველამ. ერთი, რომ ის მართავს ქვეყანას, ის აკონტროლებს მთავრობას, ანუ არსად არ წასულა. მეორე – დაადასტურა, რომ გახარიას პოლიტიკური გუნდით უნდა საპროტესტო ელექტორატს გაუყოს ხმები იმიტომ, რომ პოტენციურად მომავალში ძალიან რთულ მდგომარეობაში ხედავს ქართული ოცნების პოლიტიკურ შანსებს.”
8 ივნისს „ტელეკომპანია პირველთან“ ვრცელ ინტერვიუში გიორგი გახარიამ ბრალდებებს უპასუხა და მისი პარტიის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. გახარიამ განაცხადა, რომ ქართული ოცნების ლიდერებმა „საკუთარი თავი ამოწურეს“ და ახლა პარტია ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს. ყოფილმა პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ გადადგომის შესახებ მას შემდეგ განცხადა, რაც ივანიშვილმა მის ზარს არ უპასუხა. მისი თქმით, ის, რომ კითხვაზე პასუხის ვერ მიიღო, მისთვის თავისთავად უკვე პასუხი იყო.
გახარია ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციებსაც შეეხო და განაცხადა, რომ რიონის ხეობის მცველების მხარდაჭერის გარეშე ეს პროექტი ვერ განხორციელდება. ყოფილი პრემიერ-მინისტრის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეკონომიკას ჰესი სჭირდება, „თუ ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები, იმიტომ, რომ ეს სიტუაცია ასე გამწვავდა, პირადად არ ჩაერთვებიან ამაში და პირადად ამ ადამიანებს არ დაელაპარაკებიან, არ გამოვა ეს საქმე“.
ახლადდაფუძნებული პარტიის დაფინანსებაზე საუბრისას, გახარიამ განაცხადა, რომ პარტია მისი და პარტიის წევრთა პირადი დანაზოგებით ფინანსდება. მან იქვე აღნიშნა, რომ დაფინანსების „აბსოლუტურად ინოვაციური“ და გამჭვირვალე მექანიზმები ექნებათ.
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე რუსეთს ვალდებულების შესასრულებლად საბოლოო ვადა განუსაზღვრა
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, რომელიც ზედამხედველობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას, 2021 წლის 7-9 ივნისის სხდომაზე ე.წ. დეპორტირებულების საქმის აღსრულების პროცესი შეაფასა და გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, გადაწყვეტილების თანახმად, კომიტეტმა რუსეთს საბოლოო ვადად მიმდინარე წლის 6 სექტემბერი განუსაზღვრა, რათა ამ ვადაში გადაიხადოს კომპენსაცია პირდაპირ საქართველოს ხელისუფლებისთვის (მსხვერპლთათვის გასანაწილებლად), ან რუსეთის მიერ ხელი მოეწეროს მემორანდუმს, რათა შესაძლებელი გახდეს კომპენსაციის გადახდა ევროპის საბჭოს მეშვეობით.
2021 წლის მარტისა და ივნისის სხდომებზე რუსეთის პოზიცია აღარ ყოფილა თანხის გადახდის უარყოფა და ამის ნაცვლად, გამოთქვა მზადყოფნა, დაზარალებულებისთვის გადასახდელი კომპენსაცია ჩარიცხოს ევროპის საბჭოს ანგარიშზე და ამ მიზნით გააფორმოს მემორანდუმი ევროსაბჭოსთან.