ჩვენი ყოველკვირეული დაიჯესტი დაბრუნდა ! გთავაზობთ ჩვენს ოცდამეერთე დაიჯესტს. დაიჯესტის პერიოდია: 29.08.2021 – 03.09.2021
საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის 75 მლნ ევროიან სესხზე უარი თქვა
31 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობამ გადაწყვიტა თავი შეიკავოს ევროკაშირის 75 მლნ ევროიანი სესხის აღებისგან, რომლის მიღებაც სასამართლო სისტემის რეფორმის განხორციელებასა და 19 აპრილის შეთანხმების პირობების შესრულებაზეა დამოკიდებული. პრემიერმა ოპოზიცია ქვეყნის მიმართ საბოტაჟში დაადანაშაულა და თქვა, რომ ოპონენტების ერთადერთი მიზანია, „როგორღაც შეზღუდონ და შეაფერხონ ჩვენი ქვეყნის წინსვლა დასავლეთის მიმართულებით“.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამდე ერთი დღით ადრე, ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ევროკავშრის მაკროფინანსურ დახმარებას „დატვირთვა პრაქტიკულად აღარ აქვს“, მას შემდეგ, რაც ქვეყანის „ეკონომიკური ვითარება არის განსხვავებული“ და ბიუჯეტში დამატებით დაახლოებით „მილიარდი ლარის აკუმულირება მოხერხდა პროგნოზირებულთან შედარებით“.
ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას ოპოზიციის მწვავე კრიტიკა მოჰყვა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ევროკავშირი ამ თანხის საქართველოსთვის მიცემას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის და ქართული ოცნების მიერ შარლ მიშელის შეთანხმების დატოვების გამო არ გეგმავდა და საქართველოს ხელისუფლებამ თავად ამიტომ თქვა უარი ამ თანხაზე. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ საქართველოსთვის 75 მილიონიანი დახმარების შეჩერება საფრთხეს უქმნის ევროკავშირთან ასოცირებას და შესაძლოა მომავალში უვიზო მიმოსვლის საკითხიც დადგეს დღის წესრიგში. პარტია “ლელო საქართველოსთვის” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ „ევროკავშირის დახმარებაზე უარის თქმა არის სრული უპასუხისმგებლობა ქვეყნის და ხალხის წინაშე”.
2 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ხელისუფლება ევროკავშირის დახმარებაზე უარის გამო გაარიტიკა და თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება მისთვის და „მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის საკმაოდ გაუგებარი ნაბიჯია“. მისივე თქმით, ხელისუფლების მიერ 75 მლნ ევროს ოდენობის სესხის აღების საპიროწონედ წარმოდგენილი არგუმენტი, რომ ეს გადაწყვეტილება საგარეო ვალის შემცირებას ემსახურება, „ანალიზს ვერ უძლებს“.
ევროკავშირის დახმარებაზე უარი კრიტიკულად შეაფასა ექვსმა არასამთავრობო ორგანიზაციამ. ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირის დახმარებაზე უარი საქართველოს ევრო-ატლანტიკური კურსიდან გადახვევის ღია დეკლარირებაა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 19 აპრილის შეთანხმებას შეუერთდა
1 სექტემბერს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ მისი პარტია ევროკავშირის შუამავლობით ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის 19 აპრილს მიღწეულ შეთანხმებას უერთდება. ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ თქვა, რომ ქართული ოცნების უარი ევროკავშირის სესხზე, რომლის გაცემის წინაპირობადაც ბრიუსელი სასამართლო რეფორმასა და 19 აპრილის შეთანხმებას მოითხოვდა, ღია განაცხადია, რომ ხელისუფლება ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ ვექტორი შეცვალა და ზურგი აქცია ევროპულ გზას.
ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის დაძლევის მიზნით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელი უშუალო მედიაციის შედეგად, ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა 19 აპრილს შეთანხმებას მოაწერეს ხელი. 28 ივლისს ქართულმა ოცნებამ შეთანხმება ცალმხრივად დატოვა და თქვა, რომ ის ანულირებულია. მმართველ პარტიაში შეთანხმებიდან გასვლის მიზეზად ის დაასახელეს, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ დოკუმენტს ხელი არ მოაწერა.
მთავარი ოპოზციური პარტიის გადაწყვეტილება პოზიტიურად შეაფასეს საერთაშორისო პარტნიორებმა და სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებმაც შეთანხმებას 19 აპრილს მოაწერეს ხელი.
თბილისში პარტია „საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატი გიორგი გახარია იქნება
1 სექტემბერს პარტია „საქართველოსთვის“ თავამჯდომარემ და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები და პროპოციული სია წარადგინა. პარტიის მერობის კანდიდატი თავად გიორგი გახარია იქნება. “თბილისში დავიბადე, გავიზარდე, ამ ქალაქის სისხლი და ხორცი ვარ და ბევრზე უკეთესად ვიცი, რა სჭირდება ამ ქალაქს”, – განაცხადა ყოფილმა პრემიერმა.
გიორგი გახარიას პარტიული ღონისძიების დასრულების შემდეგ, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პრეზენტაციის დღეს გიორგი გახარია ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატს, კახა კალაძეს შეხვდა. მისი თქმით, გახარია ფინანსური მხარდაჭერის სანაცვლოდ მზად იყო უარი ეთქვა თბილისის მერის არჩევნებში ჩართვაზე. შეხვედრის ფაქტი ორივე მხარემ დაადასტურა, თუმცა ფინანსებზე საუბარს გიორგი გახარიაც და კახა კალაძეც უარყოფს.
„ეს არის ნიკანორ მელიასთვის გადამდგარი ყოფილი პრემიერი, რომელიც ახლა დააყენეს მერობის კანდიდატად, რომ რამენაირად მელია გაათრიონ (უხეშ ტერმინს გამოვიყენებ) მეორე ტურში“, – თქვა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ. კობახიძის საპასუხოდ, ნიკა მელიამ განაცხადა: “ჩემთვის არაფერს ცვლის არჩევნებში გიორგი გახარიას მონაწილეობა – პირველ ტურში მე გავიმარჯვებ, ვინ იქნება მეორე-მესამე ადგილზე, ეს კალაძესა და გახარიას შორის გადაწყდება.”