ევროპულ-ქართული ინსტიტუტი აგრძელებს მიმდინარე კვირაში განვითარებული მოვლენების ორენოვანი მიმოხილვის პროექტს. პროექტი ხორციელდება შვედეთის საერთაშორისო ლიბერალური ცენტრის (SILC) მხარდაჭერით. გთავაზობთ ჩვენს ოცდამეორე დაიჯესტს. დაიჯესტის პერიოდია: 10.IX.2021 –  17.IX.2021

 


მედიაში სასულიერი პირების შესახებ სავარაუდოდ სუს-ის საიდუმლო მასალებმა გაჟონა

13 სექტემბერს, ანონიმურმა პირმა, რომელიც აცხადებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომელია, საიდუმლო მასალები გაავრცელა, რომლებიც სასულიერო პირებზე სავარაუდოდ განცორციელებული თვალთვალის შედეგად მოპოვებულ ინფორმაციას შეიცავს. ტექსტში, რომელიც ათობით ფაილს ახლავს თან, ნათქვამია, რომ „ჩვენ გისმენთ ყველას, ვაგროვებთ ცნობებს თქვენზე, ვაგროვებთ კომპრომატებს“. ზოგიერთი გამოქვეყნებული დოკუმენტი სავარაუდოდ სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტისთვის მომზადებულ ანგარიშებს და დოსიეებს წარმოადგენს. 

ქართული მედია საშუალებების მიერ გავრცელებულ დოკუმენტებში სასულიერო პირების სავარაუდო ბიზნეს საქმიანობებზე, ინტიმური კავშირებზე, სექსუალურ ორიენტაციასა და წარსულ საქმიანობაზე, მათ შორის სავარაუდო ნარკოდამოკიდებულებაზეა საუბარი. დოკუმენტებს სხვადასხვა სათაურები აქვს, მათ შორის „კრიმინალი და ნარკოტიკებზე დამოკიდებულება“, „საფრთხეები“, „საყვარლები“, „მრუშები“, „სიტუაცია პროტესტანტულ ეკლესიებში“. მასალების ავთენტურობა ჯერჯერობით დაუდასტურებელი რჩება. უცნობია ვინ გამოაქვეყნა მასალები.

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ „ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული ტელევიზიების“ მიერ გაჟონილი ფაილების გაშუქებას „ანტი-სახელმწიფოებრივი საქმე“ უწოდა, რომელიც „ეკლესიის დისკრედიტაციისკენაა“ მიმართული. 

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა, ხათუნა გოგორიშვილმა ევროპული საქართველოდან და მამუკა ხაზარაძემ ლელოდან სასულიერო პირებთან, ჩანაწერებში ნახსენები თავიანთი საუბრების ავთენტურობა დაადასტურეს. გოგორიშვილმა განაცხადა, რომ ქართულ ოცნებას იმდენად გაუჭირდა, რომ მას სჭირდება „ყელში მოჭერა საპატრიარქოსთვის, რომ თუ ჭკვიანად არ იქნებით და საჯაროდ ყველგან მხარს არ დაგვიჭერთ ამ არჩევნებზე… ასეთ ამბავს ვიზამთ“. დეპუტატმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ გაჟონილი დოკუმენტები შეიცავს მის „ზუსტ“ საუბარს ერთ-ერთ ქორეპისკოპოსთან, რომელიც, მისი თქმით, 2018 წლის ბოლოთი, ან 2019 წლის დასაწყისით თარიღდება. 

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ დაგმო ის ფაქტი, რომ „უსაფრთხოების სამსახურს აქვს შესაძლებლობა და არ არსებობს მასზე კონტროლის ეფექტური მექანიზმი, რომ დავიცვათ თავი ჩვენს პირად ცხოვრებაში მათი უკანონო ჩარევისგან“.

ქართული მედია საშუალებები იტყობინებიან, რომ ორი დღის წინ გავრცელებული სავარაუდო ფარული ჩანაწერები ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის, ამერიკელი დიპლომატების, ისრაელის ელჩის რან გიდორის, ასევე სხვა დიპლომატიური მისიების თანამშრომლების საუბრების დეტალებსაც შეიცავს

ტელეკომპანია „ფორმულამ“ განაცხადა, რომ ერთ-ერთ ფაილში მოყვანილია ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის საუბრები საკუთარ თანამშრომლებთან, სადაც ის 2020 წლის 9 ოქტომბერს დიპლომატების სასულიერო პირებთან დაგეგმილ შეხვედრაზე საუბრობს, ასევე მისი საუბარი ერთ-ერთ თანამშრომელს შორის, სადაც ისინი განიხილავენ პანდემიის პერიოდში ეკლესიაში არსებულ სიტუაციას და საპატრიარქოს პოზიციას რიტუალებთან და ცერემონიებთან დაკავშირებით. 

ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით, ფარულ ჩანაწერებში ასევე გაშიფრულია აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის თანაშემწის საუბარი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთან, რომლებიც სასულიერო პირებთან იგივე, 9 ოქტომბრის შეხვედრას განიხილავენ. „ამერიკელების კონტაქტები და ვიზიტები საპატრიარქოში აიყვანეთ კონტროლზე“, – ნათქვამია ამ ჩანაწერში. 

ტელეკომპანია „მთავარი არხმა“ 15 სექტემბერს განაცხადა, რომ ფარული ჩანაწერები შეიცავს აშშ-ს საელჩოში განხორციელებულ შიდა საუბრებსაც, მათ შორის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა ოფიცერ კეტრინ შვაიცერის საუბარს პოლიტიკურ საქმეთა ოფიცერთან აშშ-ს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ვიდეოს გადაღებაზე. ამავე ინფორმაციით, კეტრინ შვაიცერი გამოვიდა ინიციატივით, რომ ვიდეოში სასულიერო პირსაც მიეღო მონაწილეობა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 15 სექტემბერს განაცხადა, რომ სავარაუდო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფარული ჩანაწერების გავრცელებაში შესაძლოა მისი წინამორბედი გიორგი გახარია და მისი გარემოცვა იყვნენ ჩართულნი

ღარიბაშვილის ამ განცხადებას გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ საპასუხო განცხადება მოჰყვა. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ გამოძიება ყველა ვერსიას განიხილავს, მათ შორის იმას, იყვნენ თუ არა ჩართულნი გახარია და ალექსანდრე ხოჯევანიშვილი, რომელიც გახარიას პრემიერობის დროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე იყო, ფარული ჩანაწერების მონაწილე. ალექსანდრე ხოჯევანიშვილის ძმა, გიორგი ხოჯევანიშვილი ამჟამად გახარიას პარტიის წევრია.

პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა საპასუხოდ განაცხადა, რომ ქართული ოცნების მიზანი არის, რომ „განტევების ვაცი იპოვონ თავიან მთავარ კონკურენტში“. მან მმართველი პარტიის ხელმძღვანელობა უპასუხისმგებლო განცხადებების გაკეთებაში დაადანაშაულა, ვინაიდან ისინი, მისი თქმით, „არასწორ“ მინიშნებებს აკეთებენ, როდესაც გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

გუშინვე პარტიამ „საქართველოსთვის“ ფარული ჩანაწერის საქმის შესასწავლად პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ჩამოყალიბება და მიმდინარე გამოძიებაში სახალხო დამცველისა და საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა მოითხოვა. 

15 სექტემბერს ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ინტერვიუში, გიორგი გახარიამ, თავის მხრივ, უარყო, რომ პრემიერობის დროს ჰქონდა ინფორმაცია უცხოელ დიპლომატებზე, ჟურნალისტებზე, მასწავლებლებზე და სასულიერო პირებზე სავარაუდოდ განხორციელებული „მასშტაბური“ მოსმენების შესახებ.  

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.