ევროპულ-ქართული ინსტიტუტი აგრძელებს მიმდინარე კვირაში განვითარებული მოვლენების ორენოვანი მიმოხილვის პროექტს. პროექტი ხორციელდება შვედეთის საერთაშორისო ლიბერალური ცენტრის (SILC) მხარდაჭერით. გთავაზობთ ჩვენს ოცდამეორე დაიჯესტს. დაიჯესტის პერიოდია: 18.IX.2021 –  24.IX.2021

 

ევროკავშირმა სავარაუდო მიყურადების გამო საქართველოს ელჩი დაიბარა

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა 22 სექტემბერს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს ელჩი ბრიუსელში, ვახტანგ მახარობლიშვილი ევროკავშირის დიპლომატიურ მისიაზე სავარაუდო ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით გუშინ ევროკავშირის შტაბბინაში პოზიციების გასარკვევად დაიბარეს

ელჩმა ჰარცელმა განაცხადა, რომ საქართველოს მიერ დიპლომატების სავარაუდო მოსმენა „კითხვებს ბადებს ვენის კონვენციის თვალსაზრისით და არ მივიჩნევთ ბუნებრივად, რომ ისეთი ახლო მეგობარი და პარტნიორი, როგორიც საქართველოა, ამ ტიპის მოქმედებებშია ჩართული ჩვენ წინააღმდეგ“. 

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია გაგრძელდეს დისკუსია თვალთვალის ხასიათთან დაკავშირებით. აღნიშნა რა, რომ ნებისმიერი უსაფრთხოების სამსახური დაინტერესებულია, რომ შეისწავლოს საფრთხეები, მათ შორის, ტერორიზმის ან ჯაშუშობის მიმართულებით, ელჩმა განაცხადა, რომ თვალთვალი სიფრთხილით უნდა განხორციელდეს და ის კონტროლს უნდა ექვემდებარებოდეს. 

„თვალთვალი დემოკრატიული საზოგადოების ნაწილი არ უნდა იყოს”, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა და დედაქალაქის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ დიპლომატების მოსმენასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „აუცილებლად უნდა მოუსმინონ, ვისაც სჭირდებათ და მოსასმენია“.

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 22 სექტემბერს განაცხადა, რომ „[როდესაც] არის თუნდაც ნიშნები, იმის რომ, შეიძლება, ვიღაც ვიღაცას უსმენდეს უკანონოდ, ამით ჩვენი მეგობრები დაინტერესდებოდნენ და დაინტერესდნენ კიდეც“. თუმცა, მანვე დასძინა, რომ ელჩი ჰარცელის განცხადება „დიპლომატიურ სტანდარტებს ოდნავ, მემგონი, იყო აცდენილი, მითუმეტეს ამ წინასაარჩევნო პერიოდში“. იმავე დღეს, ელჩის განცხადება შეაფასა კულტურის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა, თეა წულუკიანმაც. „თქვენ ახლა კარლ ჰარცელივით ლაპარაკობთ, თითქოს ყველაფერი დადასტურებულია“, – უთხრა წულუკიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „ღამის კურიერის“ წამყვანს მოსმენების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.

24 სექტემბერს თბილისში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისის წინ ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს ირაკლი კობახიძესა და ნიკა მელიას შორის სიტყვიერ შეკამათებას ფიზიკური დაპირისპირებაც მოჰყვა. 

 ათასობით სავარაუდო ფარული ჩანაწერი ინტერნეტსივრცეში 12-13 სექტემბერს გავრცელდა. ფაილები, ძირითადად, შეიცავს ინფორმაციას სასულიერო პირების შესახებ, თუმცა ასევე ასახავს ქართველი ჟურნალისტების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, უცხოელი დიპლომატებისა და საჯარო მოხელეების საუბრებს. ფაილებში ასახულია ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის, ამერიკელი დიპლომატების, ისრაელის ელჩისა და სხვა დიპლომატთა საუბრების დეტალები.

კომპანია „ენკა“ საქართველოსთან „ნამახვანჰესის“ მშენებლობაზე კონტრაქტს წყვეტს

ნამახვანჰესის ინვესტორი კომპანია, ENKA Renewables-ი საქართველოს მთავრობასთან დადებულ ხელშეკრულებას წყვეტს და უარს ამბობს $800-მილიონიანი ჰიდროელექტროსადგურის აშენებაზე, რომელსაც თვეების განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა აქტივისტების ჯგუფი. Enka Renewables-ის გადაწყვეტილების შესახებ მისი მშობელი კომპანიის – ENKA İNŞAAT-ის მიერ სტამბოლის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებული განცხადებიდან ხდება ცნობილი. განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი მასში გათვალისწინებული პირობების დარღვევა და ფორსმაჟორი გახდა.

კონკრეტულად რა თანხა ექნება საქართველოს მთავრობას გადასახდელი კომპანიისთვის, ამ ეტაპზე რთული გამოსათვლელია. სხვადასხვა გათვლაზე დაფუძნებით სახელდება სხვადასხვა ოდენობა – 150 მილიონიდან მილიარდ 700 მილიონამდე. საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი აბრამიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ამ ეტაპისთვის „ენკას“ დახარჯული აქვს, სულ მცირე, 100 მილიონი მაინც და ამ თანხის უკან წაღებას ის აუცილებლად შეეცდება.

დმანისში ოპოზიციის კანდიდატს და აქტივისტებს თავს დაესხნენ

დმანისის მერს გიორგი ტატუაშვილს, რომელიც ქალაქში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატია, ასევე კახა ოქრიაშვილს და მათ მხარდამჭერებს სოფელ განთიადში თავს დაესხნენ. დანით დაიჭრა ოპოზიციის 2 აქტივისტი. კახა ოქრიაშვილის ინფორმაციით, თავდამსხმელები ქართული ოცნების აქტივისტები იყვნენ

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დმანისის სოფელ განთიადში მომხდარს არავითარი გამართლება არ აქვს და დამნაშავე უნდა დაისაჯოს. რაც შეეხება მომხდარზე „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობას, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ბოლო სამი თვეა „ქართული ოცნება“ ქვეყნის განვითარების გეგმაზე საუბრობს, ხოლო ტელევიზიები და „ნაციონალური მოძრაობა“ კი სიძულვილს თესავენ, ამიტომ პასუხისმგებლობა მათ ეკისრებათ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.