მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველოში ჩამოვიდა, შსს ინფორმაციას უარყოფს

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 1 ოქტმბერს განაცხადა, რომ  საქართველოში ჩამოვიდა. Facebook-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში, რომელიც გვიან ღამით არის გადაღებული, სააკაშვილი მოქალაქეებს, სავარაუდოდ, ქალაქ ბათუმიდან მიმართავს. მანამდე, მან 2 ოქტომბრით დათარიღებული კიევი-თბილისის ბილეთი გამოაქვეყნა და თქვა, რომ მალე თბილისში იქნებოდა. 

მედიის ცნობით, შსს ინფორმაციას არ ადასტურებს და ამბობს, რომ ყოფილ პრეზიდენტს საზღვარ არ გადმოუკვეთავს. 

ვიდეომიმართვისას, ყოფილმა პრეზიდენტმა მოქალაქეებს ნაციონალური მოძრაობისა და ნიკა მელიას, ასევე იმ „სხვა პატარა პარტიების“, მხარდაჭერისკენ მოუწოდა, „რომელიც გესიმპატიურებათ და მიგაჩნიათ პატიოსნად“. „არ მივცეთ ხმა არც ივანიშვილს, არც გახარიას, რომელიც მე ციხეში მიპირებს გამოკეტვას. არც იმ პატარა პარტიებს, რომლებიც აშკარად ფულს იღებენ ივანიშვილისგან“, – დასძინა მანვე. 

სააკაშვილმა ამომრჩევლებს, 3 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე დღეს, თავისუფლების მოედანზე შეკრებისკენაც მოუწოდა. „თუ ვიქნებით 100 000 ადამიანი, ჩვენ ვერავინ ვეღარ დაგვამარცხებს“, – განაცხადა სააკაშვილმა. „მეც, რა თქმა უნდა, შემოგიერთდებით“, – დასძინა მანვე. „3 ოქტომბერს დილიდან მთელი საქართველოდან დავიძრათ თბილისისკენ არჩევნების შედეგების დასაცავად. მეც შევუერთდები ერთ-ერთ ასეთ კოლონას“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საპარლამენტო ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, რომ „არსებობს უტყუარი ინფორმაცია“, რომ სააკაშვილს უკრაინა არ დაუტოვებია, „შემძვრალია სადღაც სოროში, ემალება ყველას, რომ შექმნას ილუზია, თითქოს არის საქართველოში“. მანვე გამოთქვა ვარაუდი, რომ სააკაშვილის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოები არის ე.წ. „დიპფეიკი“, რომლის დადგენაზეც „ტექნიკოსები მუშაობენ“. მდინარაძემ ასევე დასძინა, რომ „როგორც კი [სააკაშვილი] ფეხს ჩამოადგამს [საქართველოში] იმ წუთას მოხვდება იქ, სადაც უნდა იყოს მისი ადგილი – [ციხეში]“., ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის შესახებ ცნობები უარყო ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემაც და თქვა, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიერ გავრცელებული ვიდეოები „არ არის ჩაწერილი საქართველოში“.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხდა: “ხელისუფლების რეაქცია არ არის, ის რაც ევალება, რასაც საზოგადოება ელოდება და რაც მას დაამშვიდებს და დააბრუნებს წინასაარჩევნო განწყობაზე.”

სააკაშვილის შესაძლო დაბრუნებაზე კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემაც. “აქტიური კომუნიკაცია გვქონდა უკრაინულ მხარესთან. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის სახელმწიფო საზღვარი არ დაუტოვებია” – თქვა მან.

გაერთიანებული ოპოზიციის ფოთის მერობის კანდიდატმა გიგი უგულავამ თქვა, რომ „ოცნება“ ვირთხის დღეშია. თუ უარყოფენ მიშას დაბრუნების ფაქტს და იღლიცინებენ, მათი ამომრჩეველიც იგივეს იზამს, შესაბამისად არ დაირაზმება. თუ იტყვიან რომ მართალია, მაშინ მათი ამომრჩეველი გახარიასკენ გადაიხრება, პრინციპით შენ თუ მიშასგან ვეღარ მიცავ, აგერ გახარია დამიცავს. ამასობაში ოპოზიციური ამომრჩეველი აღტკინებული და დარაზმულია. მე ეს საკუთარი თვალით ვნახე ამ წამს კარდაკარზე ფოთში ნაბადას უბანში.”

პარტია “ლელო საქართველოსთვის” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ “თუ ეს ესეა, მაშინ ეს არის დადასტურება იმისა, რომ ჩვენ სახელმწიფო არა გვაქვს, არ გვყავს არანაირი სტრუქტურები, არც საზღვარი, არც შინაგან საქმეთა სამინისტრო, არც უსაფრთხოების სამსახური, რომელიც უსმენს სამღვდელოებას, გისმენთ თქვენ, უსმენს მშვიდობიან მოქალაქეებს. თუ ეს ესეა, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო ჩამოშლილია.”

სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ კოალიციური მთავრობა აუცილებელია

28 სექტემბერს, ფრანგული გამომცემლობა „კვირის ჟურნალისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ “9 წლის განმავლობაში სახელისუფლებო უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებული მთავრობის შემდეგ, ნათელია, რომ კოალიციური მთავრობა აუცილებელია.”

როგორც ზურაბიშვილი ინტერვიუში აღნიშნავს, რთულია იმის დანახვა, თუ როგორ შეძლებს კოალიციური მთავრობა ფუნქციონირებას, როდესაც პოზიციები ამდენად ანტაგონისტურია. ამასთან, ზურაბიშვილის თქმით, დასრულდა თუ არა საქართველოში ღრმა პოლიტიკური კრიზისი, ამას მომავალი ადგილობრივი არჩევნები გვიჩვენებს. „პოლარიზაციის გადალახვა ძალიან რთულია. 9 წლის განმავლობაში სახელისუფლებო უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებული მთავრობის შემდეგ, ნათელია, რომ კოალიციური მთავრობა აუცილებელია. თუმცა, რთულია იმის დანახვა, თუ როგორ შეძლებს ფუნქციონირებას, როდესაც პოზიციები ამდენად ანტაგონისტურია“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.