დაიჯესტის პერიოდია – 02.10.2021 – 08.10.2021

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში “ქართულმა ოცნებამ” გაიმარჯვა, დიდ ქალაქებში მეორე ტურები გაიმართება

2021 წლის 2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები  ჩატარდა. ცენტრალური სარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, ქართულმა ოცნებამ ხმების 46.73% მიიღო, მეორე ადგილზე კი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გავიდა 30.6%-ით. მესამე ადგილზეა ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის” – 7.8%.

მეორე ტურები იქნება ხუთივე თვითმმართველ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავსა და ფოთში, სადაც ქართული ოცნების კანდიდატები ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს დაუპირისპირდებიან.

ქართულმა ოცნებამ მერების არჩევნები 59-დან 44 მუნიციპალიტეტში პირველივე ტურში მოიგო, 15-ში მეორე ტურები გაიმართება. 15-დან 12 მუნიციპალიტეტში მმართველი პარტიის კანდიდატები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებს დაუპირისპირდებიან. აქედან სამში – სენაკში, ზუგდიდსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები ლიდერობენ.

მმართველმა პარტიამ უმრავლესობა დაკარგა ბათუმის საკრებულოში, სადაც გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის” წევრებზეა დამოკიდებული ხელისუფლების ბედი.

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ დამოუკიდებლად შეძლო უმრავლესობის მოპოვება ზუგდიდის საკრეულოში, თუმცა 8 ოქტომბერს, ცესკომ ერთ-ერთი მაჟორიტარული ოლქის შედეგები გადათვალა, რომელშიც გამარჯვებულად ენმ-ს წარმომადგენლის ნაცვლად ქართული ოცნების კანდიდატი დასახელდა. შესაბამისად, ზუგდიდშიც უმრავლესობის შესაქმნელად პარტია “საქართველოსთვის” მხარდაჭერა აუცილებელი იქნება.

საარჩევნო პროცესი კრიტიკულად შეაფასეს ოპოზიციამ და საერთაშორისო დამკვირვებლებმა. ყოფილმა პრემიერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ „არჩევნების დღეს სისტემური ხასიათი ჰქონდა ამომრჩევლის მოსყიდვას, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევას, „კარუსელებს“.” პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ კი განაცხადა: “შეუძლებელია, იმას, რაც ხდებოდა ბოლო პერიოდში, ან რაც ხდება არჩევნების დღეს, დაერქვას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები.”

„სამართლიანი არჩევნების“ თქმით, პრობლემური იყო ზოგიერთი უბნის მიმდებარედ არსებული გარემო, სადაც გამოიკვეთა ამომრჩეველთა მობილიზების, აღრიცხვისა და სავარაუდო მოსყიდვის არაერთი ფაქტი. „საია“-მ ამომრჩევლის ნების კონტროლზე გაამახვილა ყურადღება. ორგანიზაციის თქმით, დღის განმავლობაში არაერთი უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიმჩნეოდა პირთა კონცენტრაცია, რაც „კენჭისყრის მიმდინარეობისას თვალთვალის გარემოს ქმნიდა და ხელს უშლიდა ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლინებას“. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ განაცხადა, რომ წინასაარჩევნო პერიოდისა და არჩევნების დღის ანალიზმა აჩვენა, რომ „ხელისუფლებას კვლავ არ გააჩნია არჩევნების მაღალი დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარების პოლიტიკური ნება და საარჩევნო რეფორმისას დასახული ამბიციური მიზნების მიღწევისგან ქვეყანა ჯერ კიდევ შორსაა“.

კრიტიკული იყო საერთაშორისო პარტნიორების შეფასებებიც. აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, რესპუბლიკელმა ჯიმ რიშმა 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს „უაღრესად იმედგამაცრუებელი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ის დრამატულად განსხვავდებოდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისგან, რომელსაც ის აკვირდებოდა. სენატორის საპასუხოდ, ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა: “ჯიმ რიში ქართველი არ არის და არ იცის, მაგრამ თქვენ ხომ იცით? – 2012 წელს როგორ ადარებთ 2021 წლის არჩევნებს.”

საქართველოში დაბრუნებული მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია და შიმშილობს

1 ოქტომბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქზე ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც აცხადებდა, რომ ბათუმში იმყოფება და საქართველოში დაბრუნდა. ვიდეომიმართვისას, ყოფილმა პრეზიდენტმა მოქალაქეებს ნაციონალური მოძრაობისა და ნიკა მელიას, ასევე იმ „სხვა პატარა პარტიების“, მხარდაჭერისკენ მოუწოდა, „რომელიც გესიმპატიურებათ და მიგაჩნიათ პატიოსნად“.

მმართველი პარტია კი ამბობდა, რომ სააკაშვილს არც უკრაინის საზღვარი გადაუკვეთავს და არც საქართველოში შემოსულა. საპარლამენტო ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, რომ „არსებობს უტყუარი ინფორმაცია“, რომ სააკაშვილს უკრაინა არ დაუტოვებია, „შემძვრალია სადღაც სოროში, ემალება ყველას, რომ შექმნას ილუზია, თითქოს არის საქართველოში“.

იმავე დღეს, საღამოს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ „საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ძებნილი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია და გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში“. 2018 წელს ყოფილ პრეზიდენტი სასამართლომ ორ სხვადასხვა საქმეზე დამნაშავედ ცნო. კერძოდ, მას შს სამინისტროს ყოფილი თანამდებობის პირების შეწყალებისთვის, რომლების სანდრო გირგვლიანის გახმაურებულზე საქმეზე იყვნენ მსჯავრდებულები, სამი წელი მიუსაჯეს. ყოფილი პარლამენტარის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე კი – სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, 3 ოქტომბერს, ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „იმედის კვირასთან“ საუბარში, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბარს დიდი დრო დაუთმო, ინტერვიუს დასასრულს კი – იგი გააფრთხილა კიდეც. „წესიერად მოიქცეს, თორემ დავუმატებს კიდევ სხვა მუხლებს“, – თქვა პრემიერ-მინისტრმა.

3 ოქტომბერს ქვეყნის მესამე პრეზიდენტმა შიმშილობა დაიწყო. პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა მას პატრიარქის თხოვნა გადასცა, რომ შიმშილობა შეეწყვიტა, თუმცა, სააკაშვილმა ამაზე უარი თქვა. ის ყველა ბრალდებას უარყოფს და თავს პოლიტიკური დევნის მსხვერპლად თვლის. 

თბილისში ევროპულ-ქართული ინსტიტუტის ორგანიზებით შავი ზღვის რეგიონის მომავლის კონფერენცია FLEECE გაიმართა

29-30 სექტემბერს ევროპულ-ქართული ინსტიტუტის, ფრიდრის ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის სამხრეთ კავკასიის ოფისისა და სტრატეგიული დიალოგის ცენტრის ორგანიზებით შავი ზღვის რეგიონის მომავლის კონფერენცია გაიმართა. ის ორი დღე გაგრძელდა. პირველ დღეს საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა მიმოიხილეს შავი ზღვის რეგიონის გამოწვევები და პერსპექტივები. მეორე დღეს კი კონფერენციის მენტორობის პროგრამის მონაწილე ახალგაზრდა მკვლევარებმა წარადგინეს საკუთარი ნაშრომები – თვალსაზრისის ფურცლები. გარდა ამისა, მეორე დღეს გაიმართა ონლაინ ინტერვიუ საქართველოში აშშ-ის ყოფილ ელჩ იან კელისთან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.