დაიჯესტი მოიცავს პერიოდს: 09.10.2021 – 15.10.2021
მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით თბილისში ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართა.
14 ოქტომბერს დედაქალაქის ცენტრში ათასობით ადამიანი შეიკრიბა და 1 ოქტომებრს, თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე დაკავებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მოითხოვა.
პროტესტის მონაწილეები პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და შეძახილებით – „საქართველო, საქართველო“ და „თავისუფლება მიშას“ რუსთაველის გამზირის გავლით, თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობით გაემართნენ. საპროტესტო აქციას მოქალაქეები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან შემოუერთდნენ. ისინი, დედაქალაქისკენ მანქანების კოლონებით დაიძრნენ. მათ გზად, რამდენიმე ადგილას, მათ შორის, აბაშის მუნიციპალიტეტსა და ქალაქ რუსთავთან კონტრდემონსტანტები, სავარაუდოდ, ადგილობრივ თვითმმართველობებში დასაქმებული მოხელეები ცოცხებით დახვდნენ და თბილისისკენ მომავლები შეურაცხმყოფელი სიტყვებით შეამკეს.
აქციის დასაწყისში ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, რომელიც ამავე დროს სააკაშვილის ადვოკატიცაა, თავისუფლების მოედანზე შეკრებულებს რუსთავის საპატიმრობდან მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოგზავნილი წერილი წაუკითხა. „ჩემი უპირველესი ნატვრა და მთავარი სურვილია, ქართველებს ჰქონდეთ სახელმწიფო, გამორჩეული თავისუფლებით და კეთილდღეობით, სამართლიანობით და დაცულობით, უძველეს ევროპელებს უნდა გვქონდეს ევროპული ქვეყანა“, – ამბობს სააკაშვილი.
სააკაშვილის თქმით, „ბოლო ნაბიჯი დაგვრჩა გადასადგმელი და ივანიშვილის რეჟიმი, ეს სიცრუის, ბოროტების და ჩაგვრის კართაგენი აუცილებლად დაინგრევა“.
საპროტესტო აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას გამოსვლით დასრულდა. მან ხაზი გაუსვა სააკაშვილის „თავდადებას“ და „თავგანწირვას“ და აღნიშნა, რომ მისმა ნაბიჯებმა „რეჟიმი გაბზარა“.
მოგვიანებით, მელიამ აქცია დასრულებულად გამოაცხადა და შეკრებილებს 30 ოქტომბერს გასამართ მეორე ტურებისთვის მომზადებისკენ მოუწოდა.
საერთაშორისო მედიაში აქციის მონაწილეთა რაოდენობაზე განსხვავებული შეფასებები იყო. Aljazeera-ს შეფასებით აქციას 50 000 დემონსტრანტი ესწრებოდა, France 24 – 50 000, Agency France Press – 60 000.
აქციას არ შეურთდნენ სხვა ოპოზიციური პარტიები და მისი ორგანიზატორი მხოლოდ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იყო”.
აშშ-ის თავდაცვის მდივანი მომავალ კვირას საქართველოს ეწვევა
პენტაგონის პრესმდივანმა, ჯონ კირბმა 12 ოქტომბერს განაცხადა, რომ მომავალ კვირას საქართველოს აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი ეწვევა.
თავდაცვის მდივანი და მისი გუნდი ევროპის ტურნეს ფარგლებში უკრაინას და რუმინეთსაც ეწვევიან. „მისი ეს მნიშვნელოვანი ვიზიტი ბრიუსელში მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ნატოს თავდაცვის მინისტერიალზე დასრულდება“, – დასძინა კირბიმ.
საქართველოში ვიზიტის ზუსტი თარიღები ჯერჯერობით უცნობია. ნატოს მინისტერიალი ბრიუსელში 21-22 ოქტომბერს გაიმართება. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 13 ოქტომბერს განაცხადა, რომ თავდაცვის მდივნის ვიზიტი „კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცესა და თანამშრომლობის მაღალ დონეს, საერთო ღირებულებებზე დამყარებული პარტნიორობის განსამტკიცებლად“.
ბათუმში კორპუსის სადარბაზო მთლიანად ჩამოიშალა, ტრაგედიას 9 ადამიანი ემსხვერპლა
8 ოქტომბერს ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის სარდაფში მიმდინარე უნებართვო სამუშაოებს საყრდენი კედლის მოშლა მოჰყვა და კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოიშალა. ნანგრევებში მოყვა 10 ადამიანი, რომელთაგანაც 7, მათ შორის, სამი არასრულწლოვანი ნანგრევებიდან ამოყვანის დროს უკვე გარდაცვლილი იყო. ნანგრევებში მოყოლილი კიდევ ორი პირი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ამ დროისთვის მკურნალობას აგრძელებს ერთადერთი გადარჩენილი.
პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ განაცხადა, რომ “სამშენებლო ზედამხედველობის გამკაცრების კუთხით საკანონმდებლო ცვლილებები იქნება.”
თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ “თბილისობისთვის გამოყოფილი თანხა ბათუმში დაზარალებულთა ოჯახებს გადაერიცხებათ.”
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 3 პირი: პირველი სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრე 1975 წელს დაბადებული ზ.ბ., 1962 წელს დაბადებული ხ.ს. და 1992 წელს დაბადებულ გ.ს. დააკავა. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულზე ერთ-ერთი ბინის მფლობელმა ზ.ბ.-მ ბინაში სარემონტო სამუშაოებისთვის ხ.ს. და გ.ს. დაიქირავა. ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები აწარმოა, რამაც მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია.