დაიჯესტი მოიცავს პერიოდს – 16.10.2021 – 22.10.2021

 

ნიკა მელიამ თბილისის მთავრობის ჩრდილოვანი კაბინეტი წარადგინა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ და დედაქალაქის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ საზოგადოებას 30 ოქტომბრის მეორე ტურის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, დედაქალაქის კოალიციური მთავრობის, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელობის, ასევე თბილისის რაიონების გამგებლობის კანდიდატები წარუდგინა, რომელშიც ლელოს, გირჩი-მეტი თავისუფლების, დროას, ევროპული საქართველოსა და ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის წევრებიც შედიან. ნიკა მელიას მერად არჩევის შემთხვევაში, მერის მოადგილეების პოსტებს შემდეგი კანდიდატები გაინაწილებენ: მამუკა ხაზარაძე – ლელო საქართველოსთვის; ზურაბ გირჩი-ჯაფარიძე – გირჩი-მეტი თავისუფლება; ელენე ხოშტარია – დროა; ირაკლი აბესაძე – იურისტი, ყოფილი დეპუტატი.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ხაზი გაუსვა, რომ „პირველად ისტორიაში“ ოპოზიცია წარადგენს მრავალფეროვან, კოალიციურ გუნდს, რომელიც დედაქალაქის წინაშე არსებული უამრავი პრობლემის გადაჭრისა და კორუფციის აღმოფხვრის „საუკეთესო მექანიზმია“. 

მისივე თქმით, იქ სადაც არის პოლიტიკური მრავალფეროვნება, ურთიერთკონტროლი და ბალანსი, იბადება „ყველაზე სწორი გადაწყვეტილებები“. „ქვეყანას სჭირდება დაბალანსებული გუნდი ქვეყნისა და დედაქალაქის მმართველობაში, რომ შევძლოთ საჭირო რეფორმების გატარება“, – დასძინა მანვე. 

მელიამ ასევე აღნიშნა, რომ 30 ოქტომბრის მეორე ტურში გამარჯვების შემდეგ, იგი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის პოსტს დატოვებს და პარტიის რიგით წევრად დარჩება. „არ მგონია, რომ სწორი იყოს, რომ იყო მილიონნახევრიანი დედაქალაქის არჩეული მერი და ერთი მხრივ ატარებდე მთავრობის სხდომას და მეორე მხრივ ატარებდე საკუთარ პარტიაში თათბირს… ვშიშობ, თუკი ეს ორი ძალიან მნიშვნელოვანი თანამდებობა მექნება დაკავებული, თბილისელებთან მიმართებით არ ვიქნები გულახდილი“, – განაცხადა მანვე. 

მელიას თქმით, მის გუნდს, რომელიც დედაქალაქის განვითარების „საწინდარია“, სურს უპასუხოს გამოწვევებს და არა გადაერთოს „ზიზღის კამპანიაში“, როგორც ამას მისი კონკურენტი, კახა კალაძე აკეთებს.

სტრასბურგის სასამართლომ აგვისტოს ომის საქმეზე საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელები დაუშვებლად ცნო

ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ 21 ოქტომბერს განაცხადა, რომ „დაუშვებლად“ ცნო საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი ორი სარჩელი, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევებს ეხებოდა

სარჩელები რუსეთის რამდენიმე მოქალაქემ შეიტანა, რომლებიც ომის დროს ცხინვალის რეგიონში ან თავად ცხოვრობდნენ, ან შეიარაღებული კონფლიქტის დროს მათი ოჯახის წევრები დაზარალდნენ. 

ევროპული სასამართლოს მოსამართლეებმა 5 ოქტომბრის სხდომაზე დაადგინეს, რომ იურისდიქციის განხორციელება ამგვარი განაჩენისთვის „აუცილებელი პირობაა“. თუმცა, მათ ასევე აღნიშნეს, რომ იურისდიქციის „ნორმალური“ განხორციელება, შესაძლოა, შეიზღუდოს ისეთ გამონაკლის შემთხვევებში, როგორებიცაა სამხედრო ოკუპაცია ან ომი, რაც „მნიშვნელოვნად ამცირებს“ კონვენციით  სახელმწიფოს პასუხისმგებლობას. სასამართლომ განაცხადა, რომ ქვეყანა ვერ იქნება პასუხისმგებელი მხოლოდ იმიტომ, რომ ის ტერიტორია, სადაც საომარი მოქმედებები მოხდა, ფორმალურად, საქართველოს ეკუთვნოდა.

გადაწყვეტილებაში, სასამართლომ აღნიშნა, რომ ომის დროს ცხინვალის რეგიონი აქტიურად იბომბებოდა ერთდროულად რუსეთისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების მხრიდან, რაც შეუძლებელს ხდის მოსარჩელეთა მწუხარებაზე პასუხისმგებელი მხარის გამოვლენას.

ამერიკის თავდაცვის მდივანი პრემიერ ღარიბაშვილს თბილისში შეხვდა

ამერიკის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი 18 ოქტომბერს თბილისს ესტუმრა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში ორმხრივ თანამშრომლობაზე, ასევე საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებზე იმსჯელეს. საქართველოს პრემიერმა ხაზი გაუსვა აშშ-ის როლს საქართველოს თავდაცვის ძალების მოდერნიზაციაში და დაარწმუნა პენტაგონის მაღალჩინოსანი, რომ „ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოს სახით რეგიონში ერთგული მოკავშირე ჰყავს“. 

ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრაზე სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და ნდობის აღდგენის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ამ კონტექსტში მან, აშშ-ისა და საქართველოს ჩართულობით ივნისში, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიღწეულ შეთანხმებასა და გაეროში მის მიერვე გაჟღერებულ „სამეზობლოს მშვიდობიან ინიციატივაზე“ გაამახვილა ყურადღება. 

ლოიდ ოსტინმა კიდევ ერთხელ გაიმეორა აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოსადმი. „საქართველო თანმიმდევრულად და მტკიცედ უჭერდა მხარს აშშ-ს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის საქმეში“, – დაწერა მან Twitter-ზე. „და მე მოხარული ვარ ამ შესაძლებლობისთვის, რომ კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, – დასძინა მანვე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.