თავისუფლების მოედანზე ქართული ოცნების წინასაარჩევნო აქცია ჩატარდა

27 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურებამდე სამი დღით ადრე, ქართულმა ოცნებამ დედაქალაქში, თავისუფლების მოედანზე, ათასობით მხარდამჭერი შეკრიბა.

აქციაზე შეკრებილებს, სიტყვით მიმართეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ვიცე-პრემიერმა და კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანამ, ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის სპიკერმა კახა კუჭავამ, მოქმედმა მერმა კახა კალაძემ და მმართველი გუნდის სხვა ლიდერებმა.

პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ „სწორება მომავალზე უნდა ავიღოთ“, თუმცა „წარსულის გახსენება და შეხსენება ძალიან მნიშვნელოვანია“. მისივე თქმით, მმართველმა გუნდმა „ნაბიჯ-ნაბიჯ“ ნაბიჯ აღადგინა სამართლიანობა და „მჩაგვრელი და მოძალადე რეჟიმის მთავარი შემოქმედები“ – ბაჩო ახალაია, ვანო მერაბიშვილი და „[მიხეილ] სააკაშვილის ერთ-ერთი მთავარი ჯალათი, მეგის ქარდავა“ დააკავა. პრემიერისვე თქმით, იმის გამო, რომ ეკონომიკა ჯერ კიდევ „არ არის განვითარების იმ დონეზე, როგორც დემოკრატია“, ბევრ ადამიანს კვლავ სჭირდება დახმარება და „დიდ გამოწვევად რჩება უმუშევრობა და სიღარიბე“.

დედაქალაქის მოქმედმა მერმა და ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ ამომრჩევლებს 30 ოქტომბრის მეორე ტურებში მონაწილეობისკენ მოუწოდა, რათა „საბოლოოდ უნდა დავასრულოთ ძალადობასა და ბოროტებაზე დაფუძნებული პოლიტიკური ძალის ამბიციები ამ ქვეყანაში“. „ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაგვაკისრა პასუხისმგებლობა, დავიცვათ ჩვენი სახელმწიფოსა და ეკლესიის სიმტკიცე, დავიცვათ ადამიანის ღირსება და თავისუფლება“, – ხაზი გაუსვა თბილისის მერმა.

„სააკაშვილო, გამოიხედე ციხის საკნიდან! ნახე, რამდენი თავისუფალი ქართველია აქ, რომელსაც ახსოვს შენი მოძალადეობრივი რეჟიმი, რომელსაც არ უნდიხარ!“, – მიმართა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა პატიმრობაში მყოფ მოშიმშილე პრეზიდეტს, მიხეილ სააკაშვილს.

„რადიო თავისუფლების“ ცნობით, მმართველი გუნდის აქციაზე რეგიონებიდან მოქალაქეების ჩამოყვანას საჯარო მოხელეები, მათ შორის, ლაგოდეხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების საკრებულოების თავმჯდომარეები აორგანიზებდნენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ განაცხადა, შსს ვალდებულია, ხელი შეუწყოს შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარებას, თუმცა საპატრულო პოლიციის მიერ გატარებული ღონისძიებები სცდება ამ ვალდებულების ფარგლებს და „ატარებს ადმინისტრაციული რესურსების მმართველი პარტიის სასარგებლოდ გამოყენების ხასიათს“.

უკრაინელი ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი საქართველოში არ შემოუშვეს

უკრაინელი ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი საქართველოში არ შემოუშვეს. ინფორმაციას ამის შესახებ გორდონის კუთვნილი ონლაინ გამოცემა ავრცელებს

არსებული ინფორმაციით დიმიტრი გორდონი კიევიდან თბილისში დღეს დილით ჩამოფრინდა, თუმცა საპასპორტო კონტროლი ვერ გაიარა. “თბილისში დაახლოებით 1 საათის წინ ჩამოვფრინდი, მთელი ეს დრო საპასპორტო კონტროლის გავლას ველოდებოდი. სულ ცოტა ხნის წინ გამომიცხადეს, რომ საქართველოში შესვლა მეკრძალება. არანაირი მიზეზი არ დაუსახელებიათ”, – წერს დიმიტრი გორდონი. 

თავად უკრაინელი ჟურნალისტი მომხდარს მის მიერ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი განცხადებების გავრცელებას უკავშირებს. სააკაშვილსა და გორდონს პირადი მეგობრობა აკავშირებთ. “მომხდარს ცალსახად ვუკავშირებ იმას, რომ წინა დღეებში უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს შესაბამის უწყებებს მიმართა თხოვნით, რომ დაეორგანიზებინათ ჩემი ვიზიტი რუსთავის ციხეში”, – წერს გორდონი.

უკრაინელმა ჟურნალისტმა მომხდარს საერთაშორისო სკანდალი და საქართველოს მთავრობის სირცხვილი უწოდა. გორდონი წერს, რომ კიევში იმავე თვითმფრინავით დაბრუნდება, რითაც ჩამოფრინდა.

IPSOS-ისმა არჩევნების მეორე ტურამდე კვლევა გამოაქვეყნა, თუმცა უთანხმოების გამო „მთავარმა არხმა” კომპანიასთან კონტრაქტი გაწყვიტა და ჩივილს აპირებს

არჩევნების მე-2 ტურამდე “მთავარი არხის” დაკვეთით IPSOS-მა კვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვითად ხუთი ქალაქიდან ერთში – “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი ლიდერობს, ოთხში კი “ნაციონალური მოძრაობის”. კვლევის მიხედვით, კანდიდატებს შორის სხვაობა რიგ შემთხვევაში იმდენად მცირეა, რომ ცდომილების ზღვრების გათვალისწინებით, შესაძლოა საპირისპირო შედეგი დადგეს. ცდომილების ზღვარი 3 პროცენტია. შერჩეული ქალაქებიდან ოთხი თვითმმართველი ქალაქია – თბილისი, რუსთავი, ბათუმი და ქუთაისი; ერთი – ზუგდიდი კი არა.

თუმცა 29 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ „მთავარმა არხმა” კომპანიასთან კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო და რომ ჩივილს აპირებს. აღნიშნულის შესახებ მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა – ნიკა გვარამიამ განაცხადა. 28 ოქტომბერს ხელისუფლებამ განცხადება გაავრცელა, რომ „მთავარი არხის” მხრიდან მანიპულაციებს ჰქონდა ადგილი კვლევის შედეგებთან მიმართებით, ვინაიდან „მთავარის” მიერ გამოქვეყნებული შედეგები განსხვავდებოდა თავად კომპანია IPSOS-ის მიერ ატვირთულისგან. გვარამია იპსოსს არაკეთილსინდისიერებაში სდებს ბრალს და რეპუტაციური ზიანის ანაზღაურების მიზნით უჩივის, ადანაშაულებს კონტრაქტის უხეშ დარღვევაში და აღნიშნავს, რომ მოახდენს „პარტნიორი მედიისა და სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმირებას „იფსოსის“ არასაიმედოობის, არაკეთილსინდისიერების და კორუფციულ გარიგებებში სავარაუდო მონაწილეობის თაობაზე“, – წერს ნიკა გვარამია.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.