ელენე ხოშტარიამ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო

3 ნოემბერს პარტია “დროას” დამფუძნებელმა, ელენე ხოშტარიამ, საკანონმდებლო ორგანოში, ლელოსა და ნაციონალურ მოძრაობასთან შეხედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ პატიმრობაში მყოფი მოშიმშილე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პარლამენტის შენობაში შიმშილობას იწყებს.

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 1 ოქტომბერს დააკავეს, უკვე 36-ე დღეა, შიმშილობს. მისი პირადი მკურნალი ექიმი, ადვოკატები და სახალხო დამცველი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეშფოთებას გამოხატავენ და ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვენ. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჭიროების შემთხვევაში, ექსპრეზიდენტს ციხის მე-18 სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ.

„სამწუხაროა, რომ 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც გაუქმებულია გაუქმებული და მიტაცებულია ინსტიტუტები და ჩვენ გვიწევს მსგავსი უკიდურესი ფორმებით ბრძოლა. თუმცა, თუ ეს ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, მე ვთვლი, რომ ეს არის ადეკვატური და აუცილებელი ფორმა“, – თქვა ხოშტარიამ.

5 ნოემბერს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ელენე ხოშტარიას შეხვდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ კუჭავამ განაცხადა, ხოშტარიასთან შეხვედრის მიზეზი მისი მდგომარეობის გაგება იყო. 

„უბრალოდ მოვინახულე, მაინტერესებდა, ჰქონდა თუ არა ყველანაირი პირობა. მინდა ყველამ იცოდეს, რომ პარლამენტში მთელი დღის განმავლობაში ექიმი მუშაობს და თუ საჭირო იქნება, ყოველთვის გამოყენებული იქნება მისი მომსახურებაც. უბრალოდ, მაინტერესებდა, თუ რამე პირობები აკლდა. ის ყველაფრით არის კმაყოფილი და ხაზზე ვიქნები, თუ საჭირო იქნება.” – თქვა კუჭავამ.


საერთაშორისო კრიტიკის ფონზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი მოსამართლე წევრი აირჩიეს

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი აწ უკვე ყოფილი საბჭოს წევრის ვადაზე ადრე გადადგომის შემდეგ, მოსამართლეებმა 30-ე კონფერენციაზე 4 წლის ვადით საბჭოს ორი ახალი მოსამართლე წევრი აირჩიეს.

თეა ლეონიძე საბჭოს წევრად 2020 წლის ოქტომბერში დაინიშნა და თანამდებობა ვადის ამოწურვამდე 3 წლით ადრე დატოვა, თამარ ონიანი საბჭოში 2018 წლის მარტიდან იყო და პოსტი ვადის ამოწურვამდე ოთხი თვით ადრე დატოვა. გადადგომის მიზეზები საჯაროდ არცერთ მათგანს განუმარტავს. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მათი გადადგომის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ახალი წევრების არჩევის შემდეგ გამოაქვეყნა. მოსამართლეთა კონფერენცია თვითმმართველობის არჩევნების 30 ოქტომბრის დაძაბული მეორე ტურების მეორე დღეს, 31 ოქტომბერს გაიმართა და მას 266 მოსამართლე ესწრებოდა. მოსამართლეებმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე პაატა სილაგაძე და გიორგი გოგინაშვილი აირჩიეს. ორივე მათგანი თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა.

მოსამართლეთა კონფერენცია არასამთავრობო სექტორის კრიტიკის ფონზე წარიმართა. კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის, რომელიც 40-მდე ორგანიზაციას აერთიანებს, 29 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში „გამჭვირვალე“ და „სამართლიანი“ გარემოს შექმნამდე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრთა დანიშვნების შეჩერების აუცილებლობას გაუსვა ხაზი. კოალიციამ ასევე გამოთქვა ეჭვი, რომ ქვეყანაში არსებული „პოლიტიკური კრიზისის“ ფონზე, როდესაც საზოგადოებრივი ინტერესი სასამართლო სისტემიდან სხვა საკითხებზეა მიმართული, სასამართლო სისტემაში არსებული „გავლენიანი ჯგუფები“ ძალაუფლების განმტკიცებას „ნაჩქარევად“ ცდილობენ.

არასამთავრობოების მტკიცებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო წლებია ხელისუფლებასთან ერთად, „მართლმსაჯულების დამაზიანებელ ერთ-ერთ მთავარ აქტორად“ იქცა და სისტემაში არსებული გავლენიანი მოსამართლეთა ჯგუფი ძალაუფლებას სწორედ საბჭოს მეშვეობით ინარჩუნებს.

სალომე ზურაბიშვილმა მოსახლეობას „მშვიდად ჩატარებული“ არჩევნები მიულოცა

3 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოსახლეობას “არნახული პოლარიზაციის და სიძულვილის ენის გამოყენების მიუხედავად“, „მშვიდად ჩატარებული არჩევნები“ მიულოცა.

„რეალურად გამარჯვებულად თავი არავინ უნდა ჩათვალოს, რამეთუ გამარჯვებული არც ქვეყანაა და არც საზოგადოება“, – ხაზი გაუსვა პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე, რომელიც უკვე 35-ე დღეა შიმშილობს, მისი პოზიცია „მყარი და უცვლელია“. „არა და არასდროს“, – თქვა მან.

გარდა ამისა, სალომე ზურაბიშვილმა ხელისუფლებას გაუარესებული ეპიდვითარების შესაჩერებლად სასწრაფო და მკაცრი ზომების მიღებისკენ მოუწოდა. „სავალდებულო გახდეს აცრა რისკ ჯგუფებისთვის. კოვიდპასპორტის შემოტანა საჯარო სივრცეებში შესვლისთვის და თუნდაც ფასიანი მკურნალობა აუცრელი ადამიანებისთვის. მივმართავ მედიებს, გახშირდეს გადაცემები ამ პრობლემის გასაშუქებლად. სამოქალაქო სექტორს გააქტიურებისკენ და პარტიებს თავშეკავებისკენ მოვიწოდებ. კიდევ ერთხელ მივმართავ საპატრიარქოს, როგორც დღეს გავაკეთე, რომ ეკლესიამ მისცეს მრევლს მკაფიო მითითება და მაგალითი“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ცნობილი გახდა, რომ „მთავარმა არხმა” კომპანიასთან კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო და რომ ჩივილს აპირებს. აღნიშნულის შესახებ მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა – ნიკა გვარამიამ განაცხადა. 28 ოქტომბერს ხელისუფლებამ განცხადება გაავრცელა, რომ „მთავარი არხის” მხრიდან მანიპულაციებს ჰქონდა ადგილი კვლევის შედეგებთან მიმართებით, ვინაიდან „მთავარის” მიერ გამოქვეყნებული შედეგები განსხვავდებოდა თავად კომპანია IPSOS-ის მიერ ატვირთულისგან. გვარამია იპსოსს არაკეთილსინდისიერებაში სდებს ბრალს და რეპუტაციური ზიანის ანაზღაურების მიზნით უჩივის, ადანაშაულებს კონტრაქტის უხეშ დარღვევაში და აღნიშნავს, რომ მოახდენს „პარტნიორი მედიისა და სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმირებას „იფსოსის“ არასაიმედოობის, არაკეთილსინდისიერების და კორუფციულ გარიგებებში სავარაუდო მონაწილეობის თაობაზე“, – წერს ნიკა გვარამია.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.