მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაიყვანეს
8 ნოემბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გლდანის ციხის საავადმყოფოში მისი გადაყვანის შესახებ განცხადება დაახლოებით 19 საათზე გაავრცელა. სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ მანამდე დღისით განაცხადა, რომ ექიმების კონსილიუმმა სააკაშვილის მულტიპროფილურ, მაღალტექნოლოგიურ ჰოსპიტალში დაუყოვნებლივ გადაყვანის რეკომენდაცია გასცა.
მიხეილ სააკაშვილი 40 დღეზე მეტია შიმშილობს. ბოლო რამდენიმე კვირაა, თავად სააკაშვილი, მისი ექიმი ყიფშიძე, მისი ოჯახის წევრები, ადვოკატები და სახალხო დამცველი, სხვადასხვა რისკისა და საფრთხის გათვალისწინებით, ციხის ჰოსპიტალში გადაყვანას ეწინააღმდეგებოდნენ. ხელისუფლება კი აცხადებდა, რომ მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში ყოფილ პრეზიდენტს გლდანის ციხის მე-18 საავადმყოფოში მოათავსებდნენ.
სხვადასხვა მედიასაშუალებაში გლდანის პენიტენციური დაწესებულებიდან გავრცელდა კადრები, თუ როგორ აგინებენ იქ მყოფი პატიმრები ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც თავად სააკაშვილის, მისი ექიმის, ოჯახისა და ადვოკატების ნების საწინააღმდეგოდ რუსთავის N12 ციხიდან გლდანის N18 ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ მიუხედავად დაწესებულების ადმინისტრაციის გაცხადებული მზადყოფნისა, „დაიცვას ნებისმიერი პატიმრის უსაფრთხოება“, თავად დაწესებულების „ინფრასტრუქტურა და გარემო ვერ გამორიცხავს პატიმართა გარკვეული ჯგუფების მხრიდან [სააკაშვილისადმი] ვერბალური აგრესიისა და ხმაურის, სიტყვიერი შეურაცხყოფის თუ ფსიქოლოგიური ზეწოლის რისკებს“. 9 ნოემბერს სახალხო დამცველის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოთავსება პენიტენციური სამსახურის სამკურნალო დაწესებულებაში „ცალსახად არღვევს სახელმწიფოს მიერ ადამიანის ღირსების პატივისცემის ვალდებულებას“. მან იუსტიციის მინისტრსა და პენიტენციურ სამსახურს სააკაშვილის ალტერნატიულ სამედიცინო დაწესებულებაში დაუყოვნებლივ გადაყვანისკენ მოუწოდა.
საპასუხოდ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ნინო ლომჯარიასა და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ „ერთი და იგივე დღის წესრიგი“ აქვთ.
სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანას საერთაშორისო გამოხმაურებაც მოჰყვა. აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა დაჟინებით მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დაუყონებლივ მიეცეს საჭირო სამედიცინო დახმარება „სრულად აღჭურვილ სამედიცინო დაწესებულებაში“. მისი თქმით, „ნებისმიერ ქვეყანაში, ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობა, დაიცვას პატიმრები ფსიქოლოგიური ზეწოლისგან, ასევე უზრუნველყოს მათი სამედიცინო კეთილდღეობა და უსაფრთხოება“. 9 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა „დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები, სააკაშვილის გადაუდებელი ფსიქოლოგიური და სამედიცინო საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. კვლავაც მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად მოეპყრას, საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად“.
11 ნოემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ორი ვიდეო გაავრცელა. პირველ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ამბობს უარს მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის N18 საავადმყოფოში გადაყვანაზე და რუსთავის N12 საპყრობილეში დაბრუნებას ითხოვს. მეორე ვიდეო კი მისი ძალით გადაყვანის კადრებს ასახავს. ექს-პრეზიდენტის თქმით, ციხის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა უთხრა: „აჰა, ჩიტო, ჩაგიგდეთ ხელში“. სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ ხაზი გაუსვა, რომ ეს სიტყვები არც ერთ გავრცელებულ ჩანაწერში არ ისმის და ისიც, აღნიშნა რომ ორივე ვიდეო დამონტაჟებულია.
მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოპყრობა დაგმეს საერთაშორისო ორგანიზაციებმაც. ამნესთი ინთერნეიშენალმა განაცხადა, რომ „ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი (რომელიც უკვე მე-5 კვირაა შიმშილობს) ძალის გამოყენებით გადაიყვანეს საავადმყოფოში, შესაძლო მუქარით, ღირსებისა და პერსონალური ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპის დარღვევითა და სათანადო სამედიცინო დახმარების გარეშე. ეს არ არის მხოლოდ შერჩევითი სამართალი, ეს არის აშკარა პოლიტიკური შურისძიება.”
სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში ამ ფორმით გადაყვანა შეაფასა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ: “როცა შენს მტერს ასე ემსგავსები, უკვე დამარცხებული ხარ! დამარცხებული – საკუთარ ხალხთან და სახელმწიფოსთან!”
სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილის საქმეზე დროებითი ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე ევროსასამართლოდან მიღებული წერილის შესახებ ისაუბრა, რომელიც სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით დროებითი ღონისძიების გამოყენებას ეხება.
გვარამიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საქმეს მიენიჭა პრიორიტეტი და ადვოკატებს მიეცათ გარკვეული ვადა სარჩელის შესატანად. „რაც მთავარია, ჩვენი მოთხოვნა დროებითი ღონისძიების შესახებ დაკმაყოფილდა, – განაცხადა ნიკა გვარამიამ, თუმცა იქვე დაამატა, – სასამართლო მოუწოდებს მიხეილ სააკაშვილს, რომ შეწყვიტოს შიმშილობა. ამ მოწოდებით ის აღიარებს იმ ფაქტს, რომ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს“. როგორც გვარამია აცხადებს, სასამართლომ დაავალა საქართველოს ხელისუფლებას, მყისიერად აცნობოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობა და ასევე დეტალურად მიაწოდოს ინფორმაცია ყველა იმ სამედიცინო პროცედურის შესახებ, რომელიც გატარდა მასთან დაკავშირებით ციხის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში.
სტრასბურგის სასამართლოს პასუხს გამოეხმაურა საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე. მისი თქმით, საქართველოს მთავრობას სტრასბურგის სასამართლოს 2021 წლის 10 ნოემბრის წერილით ეცნობა, რომ მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენლებმა მიმართეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს შემდეგი მოთხოვნით: დაუყოვნებლივ მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა №18 სამკურნალო დაწესებულებიდან (სადაც, მომჩივანი მხარის განმარტებით, არ არის სათანადოდ დაცული მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება) მრავალპროფილიან სამოქალაქო კლინიკაში. მინისტრის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ მომჩივნის ზემოაღნიშნული მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და სახელმწიფოსთვის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის ნაცვლად, მომჩივან მხარეს დაჟინებით მოუწოდა შიმშილობის შეწყვეტა.
11 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მესამე პრეზიდენტი მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს, თუ მისი რეაბილიტაცია შესაბამისი სტანდარტების საავადმყოფოში მოხდება.