მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა შეწყვიტა
მიხეილ სააკაშვილმა 18 ნოემბერს დროებით გონება დაკარგა და გლდანის პენიტენციურ კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ინფორმაციას რეანიმატოლოგი გულიკო ქილიფთარი ადასტურებს. ჟურნალისტებთან საუბრისას, მან განცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს მაღალი არტერიული წნევა ჰქონდა, თუმცა მდგომარეობა დასტაბილურდა და ჰემოდინამიკა, ოქსიგენაციის მაჩვენებლები და სუნთქვის პარამეტრები არის ნორმის ფარგლებში.
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ დაახლოებით 18:20-ზე ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა, ბექა ბასიალიამ ამცნო. ბასილაიას თქმით, ადვოკატებთან შეხვედრიდან გასვლისას მან გონება დაკარგა და „მოსხლეტით“ დაეცა. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, პენიტენციურმა სამსახურმა მხოლოდ ის თქვა, რომ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილური იყო და ჟურნალისტებთან კომენტარს ექიმი გააკეთებდა. ქილიფთარი, რომელიც რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმია, ჟურნალისტებთან დაახლოებით 19:40 სთ-ზე გამოვიდა და აღნიშნა, რომ იგი ციხის საავადმყოფოში სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდა და ინციდენტისას ადგილზე შემთხვევით აღმოჩნდა.
მიხეილ სააკაშვილის მომხრეების მხრიდან შესაძლო ქაოსისა და არეულობის მოწყობის მიზეზით ქართული ოცნება მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე თავდაპირველად უარს ამბობს. ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტის კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში, შესაბამისი დაწესებულების სიახლოვეს საპროტესტო აქციები არ გაიმართება.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმთელობაზე განცხადება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმაც გააკეთა. “მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოექცეს ბატონ სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად, ასევე გაითვალისწინოს სახალხო დამცველის რეკომენდაციები სათანადო მოპყრობის შესახებ. ჩვენ ასევე მკაცრად მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს ბ-ნი სააკაშვილის დასწრება ყველა სასამართლო სხდომაზე, მის მიმართ არსებული სისხლის სამართლის საქმეების განხილვისას საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.” – ნათქვამია განცხადებაში.
სააკაშვილის სამოქალაქო, მრავალპროფილურ საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით 19 ნოემბერს ოპოზიციის აქცია გაიმართება.
მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც 18 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა და მისი მდგომარეობა გართულდა, მას 19 ნოემბერს შესთავაზეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა. მესამე პრეზიდენტი აღნიშნულს დათანხმდა და შიმშილობაც შეწყვიტა. ამით სააკაშვილის 50 დღიანი შიმშილობა ამ დამთავრდა.
ირაკლი კობახიძე ექიმთა ჯგუფის დასკვნას „ფეიკს“ უწოდებს
ქართული ოცნების თამჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით ომბუდსმენის მიერ შექმნილ ექიმთა ჯგუფის დასკვნას „ფეიკი“ უწოდა და შესაძლო შედეგებზე „პირდაპირი პასუხისმგებლობა“ მათ დააკისრა. ექსპერტთა მულტიფუნქციური ჯგუფის 17 ნოემბრის დასკვნით, ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს „დაუყოვნებლივ“ ესაჭიროება მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანა. სააკაშვილის მხარდამჭერების მხრიდან შესაძლო ქაოსის შექმნის მიზეზით საქართველოს ხელისუფლება მის კერძო კლინიკაში გადაყვანას ეწინააღმდეგება.
„წარმოიდგინეთ, რომ ამ „ფეიკს“ მოჰყვა გაგრძელება და გაგრძელება არის [მიხეილ სააკაშვილის] გადაყვანა სამოქალაქო კლინიკაში. წარმოვიდგინოთ, ასეთი რომ ამას მოჰყვა ის სცენარი, რომლისაც ჩვენ გვეშინია. ამ შემთხვევაში, ეს მორიგი „ფეიკი“ ხდება ისეთი რამ, რასაც შეიძლება პირდაპირი პასუხისმგებლობაც მოჰყვეს, მათ შორის, ომბუდსმენის და ექიმების“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით, ექიმთა მულტიპროფილური ჯგუფი 16 ნოემბერს შექმნა. ომბუდსმენმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც იუსტიციის სამინისტროს მიერ შექმნილ კონსილიუმს რუსთავის ციხიდან გლდანის დაწესებულებაში მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაყვანის შემდეგ, ყოფილი პრეზიდენტის მონახულების შესაძლებლობა არ მიეცათ.
ქართული ოცნების მიერ სახალხო დამცველის კრიტიკას საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International გამოეხმაურა. „მიუღებელია თავდასხმები საქართველოს სახალხო დამცველის წინააღმდეგ, რომელიც ასრულებს ადამიანის უფლებათა დაცვის საქმეს. მთავრობამ პატივი უნდა სცეს, არ შეაფერხოს უფლებადამცველი ინსტიტუტების მუშაობა და განახორციელოს მათი რეკომენდაციები, რათა პრიორიტეტული იყოს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა”, – წერია განცხადებაში, რომელსაც ორგანიზაცია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ელენე ხოშტარიამ და სხვა მოშიმშილეებმა სააკაშვილის ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტეს
პარტია „დროას” ლიდერმა, პარლამენტის წევრმა ელენე ხოშტარიამ, რომელიც 17 დღე შიმშილობდა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, სააკაშვილის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ მედიკამენტებისა და სამედიცინო დახმარების მიღებაზეც უარი განაცხადა. თუმცა, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანდნენ, ხოშტარიამ და სხვა მოშიმშილეებმა შიმშილობა შეწყვიტეს.