ბათუმის წინა მოწვევის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი პროტესტის ფონზე დაამტკიცა

ბათუმის მუნიციპალიტეტის 2017 წლის მოწვევის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი პროტესტის ფონზე დაამტკიცა. საკრებულომ ბიუჯეტის პროექტი 15 ხმით მიიღო. ბიუჯეტის მიღებას ოპოზიციონერი დეპუტატები ეწინააღმდეგებოდნენ. ოპოზიციის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტი საკრებულოს ახალ შემადგენლობას უნდა დაემტკიცებინა. მათივე თქმით, საკრებულოს არსებული შემადგენლობა არალეგიტიმურია და მათ ბიუჯეტის დამტკიცების უფლება არ ჰქონდათ. 

საკრებულოში დაძაბულობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, მირდატ ქამადაძემ საკრებულოს დარბაზში მძაფრსუნიანი ნივთიერება გაუშვა.  

ამის შემდეგ ის პოლიციამ საკრებულოს შენობიდან გაიყვანა, საკრებულოს თავმჯდომარემ კი შესვენება გამოაცხადა. ბათუმში აღნიშნულთან დაკავშირებით ხმაური გუშინ, ბიუროს სხდომაზეც იყო. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სხდომაზე შესვლა და ძველი საკრებულოს შემადგენლობის მიერ ბიუჯეტის დამტკიცების საკითხის გატანაში ხელის შეშლა სცადეს. მირდატ ქამადაძის განმარტებით, თუ საკრებულომ ბიუჯეტი ვერ დაამტკიცა, რიგგარეშე არჩევნების საჭიროება დადგება. მისი შეფასებით, სწორედ ამიტომ ცდილობს ხელისუფლება, რომ ბიუჯეტი ძველმა საკრებულომ დაამტკიცოს. მისივე თქმით, როცა ქვეყანაში არ არსებობს ინსტიტუციები, სადაც, შეიძლება, ამ უსამართლობაზე იჩივლონ, უწევთ ყველა “ლეგიტიმური, ბუნებრივია, არაძალადობრივი” გზის გამოყენება, რომ ეს არ მოხდეს.

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებით, ბათუმის საკრებულოში მანდატები ასე გადანაწილდა: “ქართული ოცნება” — 16; “ნაციონალური მოძრაობა” — 15; “გახარია — საქართველოსთვის” — 3; “ლელო” — 1. მოგვიანებით, გიორგი გახარიას პარტია საკრებულოს ერთმა წევრმა დატოვა, ნაციონალურ მოძრაობის წევრი ნუგზარ ფუტკარაძე კი გარდაიცვალა. ის მაჟორიტარი დეპუტატი იყო და მის ოლქში ხელახალი არჩევნები ჩატარდება.

აღსანიშნავია, რომ 2016-2020 წლებში ბათუმის საკრებულო ქალაქის ბიუჯეტს ყოველთვის დეკემბრის ბოლოს ამტკიცებდა.

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს მოუსმინეს 

25-26 ნოემბერს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხ კანდიდატს – გენადი მაკარიძეს, ნინო სანდოძეს, თამარ ოქროპირიძესა და თეა ძიმისტარაშვილს მოუსმინეს.

25 ნოემბერს ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა: „ჩვენ მიგვიწვიეს დღევანდელ და ხვალინდელ მოსმენებზე პარლამენტში, თუმცა უარი ვთქვით“. მისი თქმით, შერჩევის პროცესი არ შეესაბამება ევროკავშირის მედიაციით 19 აპრილს მიღწეულ შეთანხმებას, ასევე ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების მისაღებად დაწესებულ პირობებს. ჰარცელმა ასევე აღნიშნა, რომ არის გარკვეული ხარვეზები საქართველოს კანონმდებლობასთან დაკავშირებით, რომელიც „სრულად არ შეესაბამება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს“.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა საქართველოს პარლამენტს მოუწოდეს, უარი თქვას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნაზე მანამ, სანამ „არ გატარდება მართლმსაჯულების სისტემური რეფორმა და სავალდებულო არ იქნება ამ საკითხზე პოლიტიკური კონსენსუსით გადაწყვეტილების მიღება“.

26 ნოემბერს, მოსამართლეების მოსმენას კრიტიკულად გამოეხმაურა ამერიკის საელჩო თბილისში: “ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, კიდევ ერთხელ, იმედგაცრუებულია, რომ პარლამენტი განაგრძობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს სასამართლო რეფორმის წინა ტალღების დამოუკიდებელი შეფასების დასრულებამდე, რაზეც პარლამენტის ლიდერები შეთანხმდნენ. ჩვენ ასევე ვწუხვართ, რომ მოსამართლეების დანიშვნა მიმდინარეობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების მონაწილეობის გარეშე.”

პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებას ეწინააღმდეგება, 2021 წილს ივლისში, ქართული ოცნების დეპუტატებმა უზენაესი სასამართლოს ექვსი მოსამართლე უვადოდ მაინც გაამწესეს.

23 ევროპარლამენტარი სააკაშვილის გამო ოფიციალურ პირთათვის სანქციების დაწესებას ითხოვს

ევროპარლამენტის 23 წევრმა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჟოზეპ ბორელს მოუწოდა, რომ სერიოზულად განიხილონ სანქციების დაწესების საკითხი იმ პირთათვის, ვინც ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაჰუმანური და შეურაცხმყოფელი მოპყრობა დაუშვა.

19 ნოემბერს გამოქვეყნებულ წერილში, ევროპარლამენტარებმა განაცხადეს, რომ მიუხედავად იმისა დამნაშავეა, თუ არა სააკაშვილი მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებში, „საჭიროა მისი უფლებებისა და ღირსების პატივისცემა“.

სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილ ექსპერტთა ჯგუფის შეფასებაზე დაყრდნობით, ევროპარლამენტარებმა განაცხადეს, რომ გლდანის ციხის საავადმყოფო შეუფერებელია სააკაშვილის მკურნალობისთვის და დასძინეს, რომ იმ ექიმების ჯგუფის რეკოენდაციების მიუხედავად, რომლებიც შიშობენ, რომ იგი, შესაძლოა, ციხეში გარდაიცვალოს, თუ სიტუაცია არ შეიცვლება, ხელისუფლება მაინც უარს აცხადებს მის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანაზე. 

წერილში ევროპარლამენტარები შეშფოთებას გამოხატავენ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილების გამოც, რომელმაც უარი უთხრა სააკაშვილის დასწრებოდა თავის სასამართლო პროცესებს. მათ ასევე დაგმეს ის ფაქტიც, რომ ევროპელ პოლიტიკოსებს უარი უთხრეს მიხეილ სააკაშვილთან ციხეში შესვლაზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.