ქართული ოცნება საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას აანონსებს
ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებების „როცა არ უნდა მივიღოთ“, აუცილებლად 2024 წლიდან უნდა ამოქმედდეს. ცვლილებები, სხვა საკითხებთან ერთად, ნებისმიერი ორი მომდევნო საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული წესით და 2%-იანი (5%-ის ნაცვლად) ბარიერით ჩატარებას გულისხმობს.
ირაკლი კობახიძემ 30 ნოემბერს ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამ ცვლილებების მიღების აუცილებლობა არ არსებობს, რითაც მიანიშნა, რომ მმართველმა გუნდმა, შესაძლოა, 19 აპრილის შეთანხების საფუძველზე შემუშავებული ცვლილებები აღარც მიიღოს.
ცვლილებების პაკეტი პარლამენტმა 7 სექტემბერს პირველი მოსმენით უკვე მიიღო და მას ძალაში შესასვლელად კიდევ 2 მოსმენაზე მხარდაჭერა სჭირდება. მოქმედი წესებით, 2024 წლიდან საქართველო სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადადის, საარჩევნო ბარიერი კი – 5% იქნება. მანამდე, ნებისმიერი რიგგარეშე არჩევნები კვლავ შერეული – 120/30-ზე წესით პრინციპით ჩატარდება.
ქართული ოცნების თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, რომელსაც 150-წევრიან პარლამენტში 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება, მმართველი გუნდის ხელშია, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოში 84 დეპუტატი ჰყავს.
ირაკლი კობახიძისვე თქმით, ცვლილებების მიღება ოპოზიციისთვის „პატარა საჩუქარი“ იქნება, რაც საბოლოო ჯამში, ქართული ოცნების „კეთილ ნებაზე“ და ოპონენტების „ქცევაზე“ იქნება დამოკიდებული.
ასოცირებული ტრიოს პრემიერმინისტრები ევროკავშირის წარმომადგენლებს შეხვდნენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი 30 ნოემბერს ბრიუსელში უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებს – დენის შმიგალსა და ნატალია გავრილიცას შეხვდა, სადაც მხარეებმა 15 დეკემბერს დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტიორობის სამიტზე ისაუბრეს.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრებმა სამიტის კონტექსტში საკუთარ პრიორიტეტებსა და მოლოდინებზე იმსჯელეს. პრემიერ-მინისტრებმა ხაზი გაუსვეს, რომ ასოცირებული ტრიოს სამი ქვეყნის „სურვილია წვდომა ევროკავშირის ერთიან ეკონომიკურ სივრცესთან და სექტორული კუთხით თანამშრომლობის მაქსიმალურად გააქტიურება, რათა უზრუნველყოფილი იყოს ასოცირებული ქვეყნების ფიზიკური ინტეგრაცია ევროკავშირში“.
ამავე ინფორმაციით, ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, სამიტის საბოლოო დეკლარაციაში აისახოს საქართველოს ევროპული არჩევანი და ევროპული მისწრაფება, ასევე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოსთვის ასევე პრიორიტეტული მიმართულებაა – დაკავშირებადობა, ევროკავშირთან სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირები და ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა.
სააკაშვილის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში
„დიდი ოდენობით სახელმწიფო საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის“, საზოგადოების ნაწილისთვის კი, „პიჯაკების საქმის“ სახელით ცნობილი საქმის განხილვას ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი 2 დეკემბერს პირველად დაესწრო და თბილისის საქალაქო სასამართლოში თითქმის ორსაათიანი სიტყვითაც გამოვიდა.
9 024 367 ლარის ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებული საქართველოს მესამე პრეზიდენტი თავს უდანაშაულოდ თვლის და აცხადებს, რომ „დღეს ყველაზე დიდი კორუფციონერები“ ასამართლებენ „მსოფლიოს ყველაზე ცნობილ ანტიკორუფციონერს“ იმ ქვეყანაში, რომელიც „კორუფციამ შეჭამა“. პროკურატურა თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლო პროცესზე რამდენიმე ფაქტის დადასტურებით, წაყენებული ბრალი აღიარა. დაცვის მხარის შეფასებით კი, 2 დეკემბერს ყველა ეჭვი გაიფანტა.
საქმეს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე 6 წელია განიხილება, ბრალდებულმა მიხეილ სააკაშვილმა 2 დეკემბერს მრავალჯერ უწოდა „სამარცხვინო“ და „რუსული ინსტინქტებით“ მართული.
მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ჭკუას არავის ასწავლის, არც ამუნათებს და არც რაიმეს მოითხოვს, მაგრამ „კეთილსინდისიერად და სამართლიანად“ მიაჩნია, რომ მასთან დისკუსიები გათავისუფლების შემდეგ გაიმართოს და მზად არის – მეტი ბოდიშიც მოიხადოს, თუკი მას ამის საჭიროებაში დაარწმუნებენ.
მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი, როგორც თავად ამბობს, აუცილებლად მიიჩნევს, რომ წარდგეს სამართლიანი სასამართლოს წინაშე და პასუხი გასცეს ყველა შეკითხვას, „არა მსახიობი“, არამედ რეალური პროკურორებისა და მოსამართლეების წინაშე.