ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გადადგა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ 9 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ იგი თანამდებობას ტოვებს და საქმიანობას ქართული ოცნების პოლიტიკურ საბჭოში განაგრძობს

ქართული ოცნების ოფისში გამართულ ბრიფინგზე ეკატერინე ტიკარაძემ გადადგომის მიზეზი არ დაასახელა. მან ხაზი გაუსვა, რომ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძესთან კონსულტაციების შემდეგ, „სწორ გადაწყვეტილებად მივიჩნიეთ, რომ შემდეგი ჩემი საქმიანობა გავაგრძელო პარტია ქართულ ოცნებაში, პოლიტსაბჭოში და სწორედ აქედან გავამყარო და გავაძლიერო ქართული ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სისტემები“. ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე 2019 წლის ივნისში დაინიშნა. მან თანამდებობაზე დავით სერგეენკო შეცვალა, რომელიც ქართული ოცნების მთავრობაში ჯანდაცვის მინისტრად 6 წელი უცვლელად მსახურობდა.

7 დეკემბერს “ტვ პირველმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე პრემიერ-მინისტრს დაუპირისპირდა. დაპირისპირების მიზეზი ე.წ. უვადო მწვანე პასპორტის საკითხი გახდა, რომლსაც ჯანდაცვის გუნდი ღიად ეწინააღმდეგება. საქართველოში შემოღებული მწვანე პასპორტები ვაქცინირებული პირების გარდა, ნებისმიერ დროს კოვიდგადატანელბსაც აქვთ.

ირაკლი კობახიძე და კელი დეგნანი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ერთმანეთს კვალიფიკაციისა და სამართლებრივი ცოდნის გამო დაუპირისპირდნენ მას შემდეგ, რაც ელჩმა მმართველი პარტია ევროკავშირის შუამავლობით შეთანხმებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე შესაძლო უარის თქმის გამო გააკრიტიკა. ცვლილებები საარჩევნო ბარიერის 5%-დან 2%-მდე შემცირებას და მომდევნო საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს. 

ელჩმა დეგნანმა განაცხადა, რომ „ზოგიერთებს, როგორც ჩანს, არ ესმით, რომ დემოკრატია შეხედულებების სიმრავლეს მოითხოვს“ და გააფრთხილა, რომ ერთპარტიული მმართველობა „უმრავლესობის მიერ ტირანიის“ საფრთხეს ქმნის.

ელჩის საპასუხოდ, ქართული ოცნების თავმჯდომარემ 2 დეკემბერს განაცხადა, რომ 2%-იანი ბარიერი ან ნაკლები მოქმედებს ევროკავშირის წევრ მხოლოდ ორ ქვეყანაში. მან იქვე დასძინა, რომ „არცერთ ქვეყანაში [სადაც უფრო მაღალი ბარიერია] არ ყალიბდება ტირანია“. „ამას გეუბნებით როგორც ექსპერტი. ქალბატონი კელი არ არის თვითონ ექსპერტი“, – უთხრა კობახიძემ ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, პლურალიზმსა და მრავალფეროვნებას უზრუნველყოფს სწორედ პროპორციული საარჩევნო სისტემა, რომელიც „პირველად საქართველოში დანერგა ქართულმა ოცნებამ და ეს სისტემა ამოქმედდება 2024 წლიდან“. 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებული ცვლილებები ნებისმიერი მომდევნო არჩევნების, მათ შორის, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების, სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს.

ირაკლი კობახიძის საპასუხოდ, აშშ-ის ელჩმა 3 დეკემბერს განაცხადა – „დიდ პატივს ვცემ ბატონი კობახიძის ცოდნასა და გამოცდილებას საკონსტიტუციო სამართალში, ისევე როგორც სხვა კონსტიტუციონალისტებს, რომელთან შეხვედრის პატივიც აქ, საქართველოში მქონდა. ამ ქვეყანას მართლაც ბევრი კარგი განათლებისა და კარგად ინფორმირებული საკონსტიტუციო სამართლის სპეციალისტი ჰყავს“. 

თუმცა, ელჩმა აღნიშნა, რომ მასაც აქვს გამოცდილება საკონსტიტუციო სამართალში და ეხმარებოდა ერთ-ერთ ქვეყანას კონსტიტუციის წერაში, მათ შორის, სხვადასხვა კონსტიტუციის შედარებითი ანალიზის გზით. „შედარება, თუ რა მუშაობს კარგად ერთ სისტემაში ან მეორეში, ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლოა, მაგრამ საბოლოდ, ქვეყანამ თავად უნდა გადაწყვიტოს, რომელია საუკეთესო მისი სისტემისთვის“, – განაცხადა ელჩმა.

ჩინეთის ელჩი აფხაზ „დიპლომატს“ დამასკოში შეხვდა

ოკუპირებული აფხაზეთის „საგარეო საქმეთა სამინისტროს“ განცხადებით, ჩინეთის ელჩმა სირიაში, ფენ ბიაომ 6 დეკემბერს დამასკოში, ჩინეთის საელჩოში, სირიაში აფხაზეთის „ელჩს“, ბაგრატ ხუტაბას უმასპინძლა. 

შეხვედრაზე საუბრისას, აფხაზეთის ახალდანიშნულმა „საგარეო საქმეთა მინისტრმა“ და კრემლის ყოფილმა თანამშრომელმა, ინალ არძინბამ განაცხადა, რომ აფხაზეთი და ჩინეთი, რომლებიც „ერთიანი ფრონტით გამოდიან სირიის არაბთა რესპუბლიკის მხარდასაჭერად, შეძლებენ ნაყოფიერი მუშაობა დაიწყონ ჰუმანიტარული და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების დასამყარებლად“. არძინბა ასევე მიესალმა ჩინეთის „მიდგომას საგარეო პოლიტიკაში, რომელიც სამართლიანობაზე, პარტნიორების ინტერესთა პატივისცემასა და დადებით შედეგზეა ორიენტირებული“. 

ჩინეთი ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას არ აღიარებს. დღემდე ორი რეგიონის დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსეთმა, ვენესუელამ, ნაურუმ, ნიკარაგუამ და სირიამ აღიარეს.

სოხუმმა სირიაში „საელჩო“ 2020 წლის ოქტომბერში გახსნა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.