რუსეთის საგარეო უწყების მოთხოვნებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა

10 დეკემბერს რუსეთის საგარეო უწყებამ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ აუცილებლად მიიჩნევს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გაუქმებას, რომლის მიხედვითად საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები აუცილებლად გახდებიან. რუსეთი სამართლებრივ გარანტიებს ითხოვს იმის შესახებ, რომ ნატო აღმოსავლეთით აღარ გაფართოვდება.

აღნიშნულ განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. „საგარეო საქმეთა სამინისტრო მიუღებლად მიიჩნევს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც რუსეთის ფედერაცია „აუცილებლად მიიჩნევს ნატო-ს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო-ს წევრები „გაუქმებას.” – ვკითხულობთ განცხადებაში. განცხადება გააკეთა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა – დავით ზალკანიანმაც. „რუსეთის განცხადებების მიუხედავად, საქართველომ  ნატო-ში ინტეგრაციის მიზნით  მწყობრი ნაბიჯები უნდა გააგრძელოს” – აღნიშნა მან.

განცხადება გააკეთა იენს სტოლტენბერგმაც. „რუსეთის მხრიდან მომავალ ნებისმიერ შემდგომ აგრესიას ექნება მაღალი ფასი – საქართველოს და უკრაინას აქვს უფლება თავად აირჩიოს მოკავშირეები და რუსეთს არ აქვს უფლება, უკარნახოს ეს არჩევანი” – აღნიშნავს სტოლტენბერგი.

პრეზიდენტი ზურაბიშვილი შერიგების ინკლუზიური პროცესის დაწყების ინიციატივით გამოდის

10 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „პირობას ვდებ, რომ წამოვიწყებ ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ.”

16 დეკემბერს პრეზიდენტმა ათონელის საპრეზიდენტო სასახლეში საახალწლო მიღებაზე ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები მიიწვია. ღონისძიებაზე პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა თქვა, რომ მიღების ერთ-ერთი მიზანი ქვეყანაში არსებული პოლიტიკური „ატმოსფეროს შეცვლა“ და „ახალი განწყობის შემოტანაა“.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ახალგაზრდები ამ ქვეყნიდან მიდიან, იმიტომ, რომ არავის უნდა, რომ სიძულვილის და ბოღმის ქვეყანაში იცხოვროს, სადაც ვერ ხედავს მისთვის რა არის პერსპექტივა“, – თქვა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის ინიციატივას განსხვავებული შეფასებები მოჰყვა. „თუ ვინმე მოახერხებს, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ“ დანაშაული აღიაროს და პოლიტიკიდან გავიდეს, შერიგების მცდელობა წარმატებული იქნება, მაგრამ არ მგონია, ვინმე ამის შემძლე იყოს” – განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ლევან ხაბეიშვილის თქმით კი, სალომე ზურაბიშვილის ყველა სიტყვის არ სჯერა, თუმცა დადებითად აფასებს ზურაბიშვილის მიერ ამ ტიპის განცხადების გაკეთებას.

მიწვევის მიუხედავად დღევანდელ მიღებას არ დაესწრო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია; დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია და გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე.

მთავრობამ სათამაშო ბიზნესს ახალი რეგულაციები დაუწესა

საქართველოს პარლამენტმა მთავრობის მიერ ინიცირებული სათამაშო ბიზნესის რეგულირების ახალი კანონპროექტი დაამტკიცა. 

ახალი რეგულაციებით განაწილებული მოგების ნაცვლად, დაბეგვრას დაექვემდებარება ე.წ. GGR (მიღებულ ფსონებსა და გაცემულ მოგებებს შორის სხვაობა) 10%-იანი მოგების გადასახადით. გაცემული მოგებები დაიბეგრება თანხის გატანისას 2%-იანი საშემოსავლო გადასახადით. ჯამურად, სექტორის გადასახადების დასაბეგრი ბაზა გაიზრდება 65%-70%-ით.

საქართველოს მოქალაქეებისთვის დადგინდება ერთიანი ასაკობრივი ზღვარი, ვისთვისაც აკრძალული იქნება აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება. აღნიშნული შეეხება 25 წლამდე საქართველოს ყველა მოქალაქეს და გავრცელდება როგორც ონლაინ თამაშებზე, ისე ხმელეთის სათამაშო ობიექტებზე (ასაკობრივი შეზღუდვა არ გავრცელდება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე). სათამაშო ანგარიშზე თანხის შეტანისა და თანხის გატანის წესი, ასევე, მოთამაშედ რეგისტრაციის წესი დარეგულირდება კანონქვემდებარე აქტით. გარდა ამისა, ახალი რეგულაციებით აიკრძალება სათამაშო ბიზნესის ყველანაირი სატელევიზიო რეკლამა, ასევე, გარე რეკლამა და ქართულ ვებგვერდებზე რეკლამის განთავსება.

სათამაშო ბიზნესის ასოციაციის (GGA) ხელმძღვანელმა, გიორგი მამულაიშვილმა აზარტული თამაშებისა და ონლაინ კაზინოებისთვის შეზღუდვების დაწესების შესახებ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებაზე სექტორის საერთო პოზიცია წარადგინა. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა არ წავა ბიზნესთან კონსტრუქციულ დიალოგზე, ისინი იძულებული გახდებიან გათიშონ ონლაინ ტოტალიზატორები და უარი თქვან სოციალურ და სხვა პროექტებზე, მათ შორის სპონსორობაზე.

პარლამენტში აზარტული თამაშების შესახებ რეკლამის კანონმდებლობაში ცვლილებების განხილვისას მთავარი არხის დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ამ რეგულაციით, ოპოზიციური არხები დახურვის საფრთხის წინაშე დგებიან. გვარამიამ, ასევე, აღნიშნა, რომ კანონპროექტის ამოქმედების შემთხვევაში, მისი ტელევიზიის შემოსავლის, დაახლოებით, 20%-ს დაკარგავს. ამიტომ ოპოზიციური არხის ხელმძღვანელებმა გარდამავალი პერიოდის დაწესება მოითხოვეს, რათა არხებმა ახალ რეალობაზე გადაწყობა მოახერხონ.

ახალი რეგულაციების საპასუხოდ, პარტია „ლელო-საქართველოსთვის“ მედიის გადასახადებისგან სამი წლით გათავისუფლების ინიციატივით გამოდის. პარტიაში განმარტავენ, რომ ეს შეთავაზება რამდენიმე ფაქტორს ემყარება, კერძოდ კოვიდპანდემიით შექმნილ პრობლემებს და სარეკლამო შემოსავლების შემცირებას. „ლელოს“ წევრი საბა ბუაძე აცხადებს, რომ აღნიშნული ინიციატივა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც პრემიერმა სათამაშო ბიზნესში ახალი რეგულაციები დააანონსა, რომლის მიხედვითაც აზარტული თამაშების რეკლამა აიკრძალება.

„სტრატეგია აღმაშენებელი” ALDE-ს წევრი გახდა

„სტრატეგია აღმაშენებელი” ALDE-ს (ლიბერალ-დემოკრატიული ალიანსი ევროპისთვის) წევრი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებელი” ავრცელებს. 

ALDE 70 სხვადასხვა პარტიას აერთიანებს ევროპის რეგიონის 44 ქვეყნიდან. ALDE პოლიტიკური გაერთიანების  წარმომადგენლებს შორისაა 69 ევროპარლამენტარი. ევროპარლამენტში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის პარტიასთან – „წინ რესპუბლიკა“ ერთად ქმნის  პოლიტიკურ ჯგუფს  „განაახლე ევროპა“ (Renew Europe). Renew Europe  სიდიდით მესამე პოლიტიკური ჯგუფია ევროპარლამენტში, მემარჯვენე- ცენტრისტების ევროპის სახალხო პარტიისა (EPP) და მემარცხენე-ცენტრისტების სოციალ-დემოკრატების პროგრესული ალიანსის (S&D) შემდეგ. 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.