კახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა, მას შალვა პაპუაშვილი ჩაანაცვლებს

24 დეკემბერს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ თანამდებობა დატოვა. ის ასევე ტოვებს საპარლამენტო მანდატსაც. ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, მან თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო.

„შორს არსად არ მივდივარ, მე ვრჩები პოლიტსაბჭოში ჩემს გუნდთან ერთად. ძალიან მნიშვნელოვან პროექტზე, რომელიც ირაკლი კობახიძემ ახსენა, თუმცა დეტალებზე ჩვენ აქ არ ვისაუბრებთ, რადგან მომავალ წელს თქვენ გაიგებთ უფრო მეტ დეტალს ამ პროექტთან, მიმართულებასთან დაკავშირებით, რომელსაც მე ვუხელმძღვანელებ“. – თქვა კახა კუჭავამ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე. 

პარლამენტის ახალ თავმჯდომარედ მმართველი პარტია შალვა პაპუაშვილს წარადგენს. კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარედ 2021 წლის 27 აპრილს აირჩიეს.

კახა კუჭავა საპარლამენტო მანდატსაც ტოვებს. მას გია ცაგარეიშვილი ჩაანაცვლებს.

ჩხოროწყუში ოპოზიციამ საკრებულოს თავმჯდომარე აირჩია

ჩხოროწყუ პირველი მუნიციპალიტეტია, სადაც ოპოზიციამ თანამშრომლობა წარმატებით შეძლო და საკრებულოს თავმჯდომარედ საერთო კანდიდატი აირჩია. დღეს ამ პოსტზე ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და ლელომ მხარი პარტია საქართველოსთვის კანდიდატს, შოთა წურწუმიას დაუჭირეს. 

წურწუმიამ 15 ოპოზიციონერიდან 14-ის ხმა მიიღო, ერთი ბიულეტენი კი – გაბათილდა. დღევანდელ სხდომას ესწრებოდნენ, თუმცა ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობა არ მიიღეს ქართული ოცნების დეპუტატებმა. ჩხოროწყუს 27-წევრიან საკრებულოში ქართულ ოცნებას 12 მანდატი აქვს, ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა და პარტია საქართველოსთვის 7-7, ლელოს კი – 1. მანამდე, 3 და 9 დეკემბერს ჩხოროწყუში საკრებულოს თავმჯდომარე ორჯერ ვერ აირჩიეს.

ჩხოროწყუს საკრებულოს ოპოზიციონერი თავმჯდომარის არჩევის შემდეგ, ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა თქვა, რომ ნაციონალურ მოძრაობასა და გახარიას პარტიას შორის კოალიცია „უკვე ოფიციალურად გაფორმდა“.

ოპოზიციონერი საკრებულოს თავმჯდომარის არჩევას აფასებენ ოპოზიციაშიც. „რაც დღეს მოხდა,იგივეს თუ სხვა ოლქებში გავაკეთებთ, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს მისაღები იქნება, მაგრამ ქართულ ოცნებასთან საერთო არაფერი გვაქვს,ისევე, როგორც ბატონი გახარიას პარტიასთან. უბრალოდ, რაც ჩვენ გავაკეთეთ იყო ის, რომ შევასრულეთ ხალხის ნება და ქართული ოცნება საკრებულოს მმართველობას ჩამოვაცილეთ“ – თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ბაჩო დოლიძემ.

ტელეკომპანია „ფორმულასთან“ საუბარში, პარტია საქართველოსთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა ქემოკლიძემ თქვა, რომ ისინი „სისტემურ კოალიციას“ არავისთან აპირებენ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, პარტია “საქართველოსთვის” და ლელო საქართველოსთვის შეთანხმების შემთხვევაში, ოპოზიციონერი საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა სენაკში, ჩხოროწყუში, ზუგდიდიში,წალენჯიხასა და რუსთავშია შესაძლებელი. ბათუმის საკრეულოში კი ოპოზიციასა და ქართულ ოცნებას თანაბარი რაოდენობის მანდატები აქვთ და სავარაუდოდ, ხელახალი არჩევნები ჩატარდება.

ამერიკის საელჩო ხელისუფლებას ცესკოს წევრების დანიშვნის წესის ცვლილების გამო აკრიტიკებს

„პარლამენტის ნაჩქარევი გადაწყვეტილება ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნის წესის ბოლოდროინდელი რეფორმების გაუქმებაზე, ძირს უთხრის მმართველი პარტიისა და ოპოზიციის შეთანხმებულ ძალისხმევას, რომ ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი პოზიციები მრავალპარტიული კონსენსუსის საფუძველზე შეივსოს,” – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

მათი შეფასებით, ეს არის კიდევ ერთი არასაჭირო ნაბიჯი, რომელიც დაშორებულია იმ ვალდებულებებისგან, რომელიც მმართველმა პარტიამ მოქალაქეებისა და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე, ოდირის რეკომენდაციების შესრულებით, ოპოზიციურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობით, საქართველოს საარჩევნო სისტემისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის აიღო.

„იმისათვის, რომ საქართველოს ამომრჩევლებს ჰქონდეთ ნდობა საარჩევნო პროცესის მიმართ, ისინი უნდა ენდობოდნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების მიუკერძოებლობას, დამოუკიდებლობასა და კვალიფიკაციას. სწორედ ამას ისახავდა მიზნად წინა, კონსენსუსზე დაფუძნებული პროცედურა, რომელზეც მმართველი პარტია და ოპოზიცია შეთანხმდა, სანამ ეს წესი პროცესის ბოლოს შეიცვალა ინკლუზიური კონსულტაციის გარეშე.“ – ნათქვამია განცხადებაში.

17 დეკემბერს, საშემოდგომო სესიის ბოლო პლენარულ სხოდმაზე პარლამენტმა დაჩქარებული წესით, მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ, რომლის მიხედვითაც იცვლება ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესი.

ცვლილებას აკრიტიკებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. სამართლიან არჩევნებში აცხადებენ, რომ ცვლილება ეწინააღმდეგება შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმებას. ორგანიზაციის შეფასებით, ცვლილებების მიზანია, მმართველი პარტიის ცალმხრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესის დაჩქარება და გაადვილება.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის 300-მდე წევრმა შიმშილობა დაიწყო

21 დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ჩატარებულ აქციაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ პარტიის წევრები მასობრივ შიმშილობას იწყებენ მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოხოვნით.

ენმ-ს ცენტრალურ ოფისთან უკვე 12 კარავია გაშლილი, სადაც 300-მდე პირი შიმშილობს, მათ შორის, პარლამენტის წევრები, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები და აქტივისტები.

პარტიაში ამბობენ შიმშილობის აქცია გაგრძელდება მანამ, ვიდრე მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. ენმ-ს წევრის ბაჩო დოლიძის თქმით, შიმშილობა ეს პროტესტის ისეთი ფორმაა, რომლის შეზღუდვასაც ვერავინ შეძლებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.