აშშ-ის საელჩო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას აკრიტიკებს

2022 წლის 3 იანვარს თბილისში ამერიკის საელჩომ “ქართული ოცნების” მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება გააკრიტკა. განცხადებაში ნათქვამია, რომ “ქართულმა ოცნებამ“ წლის ბოლოს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაჩქარევი გაუქმებით ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულების პრინციპს.

ამასთანავე, საელჩოს თქმით, მმართველმა პარტიამ დააზიანა სასამართლოც, ერთი მხრივ, საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებებითა და მეორე მხრივ, უზენაესი სასამართლოს კიდევ ერთი მოსამართლის, ამირან ძაბუნიძის „ხარვეზიანი პროცესის“ წყალობით დანიშვნით.

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიხედვით, მმართველმა პარტიამ ამ გადაწყვეტილებებით ნებსით თუ უნებლიედ მიანიშნა, რომ ხელისუფლების საქმიანობაზე დამოუკიდებელ ზედამხედველობას ან განსხვავებულ აზრს სამაგიეროს მიზღვით, დასჯით თუ გათავისუფლებით გაუსწორდება. 

„განსაკუთრებით შემაშფოთებელია ამ საკანონმდებლო ცვლილებებზე გამჭვირვალე განხილვისა და ანალიზის ნაკლებობა“, აღნიშნა აშშ-ის საელჩომ და დასძინა, რომ მმართველმა გუნდმა საზოგადოებას არ მიაწოდა სარწმუნო არგუმენტები, თუ რატომ გახდა საჭირო ამ ცვლილებების ასე „ნაჩქარევად მიღება, სათანადო კონსულტაციების გარეშე.“

„ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები და კანონის უზენაესობისადმი ერთგულება არის საქართველოს საუკეთესოდ იცავს რუსული აგრესიისგან“, — განაცხადა საელჩომ და დასძინა, რომ დემოკრატიულ ინსტიტუტების დასუსტებისაკენ მიმართული ნაბიჯები აზიანებს საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მისწრაფებებს.

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ამერიკის საელჩოს განცხადება „არასწორი და არასამართლიანია” და მასში „ფაქტობრივი და ადამიანური შეცდომებია“. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ხშირად ითვალისწინებდა საერთაშორისო პარტნიორების რჩევებს, მაგრამ არის „გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც ჩვენ ვისმენთ არასამართლიან და არასწორ შეფასებებს მათი მხრიდან და ეს არის ამის მორიგი მაგალითი“.

5 იანვარს არასამთავრობო ორგანიზაციებმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მოუწოდეს, ვეტო დაადოს მმართველი გუნდის მიერ დაჩქარებული წესით მიღებულ კანონპროექტს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ.

30 დეკემბერს, ქართული ოცნების დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლსა და სამართალდამცველთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების გამოძიებაზე პასუხისმგებელი დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს, გაუქმებას. 

ინსპექტორის სამსახური ფუნქციონირებას 2022 წლის მარტიდან შეწყვეტს და სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია და მისი მოადგილეები სამსახურის გარეშე დარჩებიან. ინსპექტორის სამსახურის სანაცვლოდ ორი ახალი ორგანო – სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურების შეიქმნება. 

მმართველი პარტიის ინიციატივა გაუქმებამდე რამდენიმე დღით ადრე, 24 დეკემბერს, მედიით გახდა ცნობილი. ლონდა თოლორაიამ მაშინ თქვა, რომ მმართველი პარტია მის უწყებას დამოუკიდებლობისთვის, საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულებისთვის, კანონმორჩილებისა და სხვადასხვა საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებების გამო „სჯიდა“. სულ ბოლოს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა იუსტიციის სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური დამნაშავედ ცნო ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრების გავრცელებით „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონი დარღვევაში.

ამერიკის  სახელმწიფო მდივნის მოადგილე ზალკალიანს ესაუბრა

ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვენდი შერმანსა და საქართელოს ვიცე-პრემიერ, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს შორის, 5 იანვარს, სატელეფონო საუბარი გაიმართა. მხარეებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ მიმართული აგრესია განიხილეს.

აღნიშნული საუბარი იანვარში დაგეგმილი იმ რამდენიმე საერთაშორისო შეხვედრის წინ გაიმართა, სადაც ერთ-ერთი მთავარი  საკითხი რუსეთის მიერ უკრაინის შიგნით და მის ირგვლივ სამხედრო პოზიციების გაძლიერება იქნება. ამ შეხვედრებს შორისაა ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების რიგგარეშე შეხვედრა, ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა და აშშ-რუსეთის ორმხრივი მოლაპარაკებები ჟენევაში. 

სახელმწიფო მდივნის მოადგილემ Twitter-ზე გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა, რომ ქართველ დიპლომატთან საუბრისას მან საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ აშშ-ს მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა.

UNESCO-მ ლექსო ლაშქარავა მოკლული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა

UNESCO-მ მსოფლიოს მასშტაბით მოკლული ჟურნალისტების სია განაახლა. სიის მიხედვით, 2021 წელს სულ 55 ჟურნალისტი მოკლეს, მათგან ერთ-ერთი ტვ პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავაა. იუნესკოს სიაში ლექსო ლაშქარავას მკვლელობის თარიღად 2021 წლის 5 ივლისია მითითებული.

ლექსო ლაშქარავას სიკვდილის ფაქტზე დაწყებული გამოძიების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს 2021 წლის ივლისის შემდეგ განცხადება არ გაუკეთებია. სიკვდილის შემდეგ გამართულ ბრიფინგზებზე უწყება მიანიშნებდა გარდაცვლილის ნარკომომხმარებლობის შესახებ. ცნობილი გახდა ისიც, რომ ლაშქარავას 5 ივლისს, ძალადობრივი ჯგუფების ჟურნალისტებზე თავდასხმისას მიღებული მძიმე დაზიანებების გამო, დანიშნულებად ძლიერი ტკივილგამაყუჩებლები ჰქონდა გამოწერილი. ექსპერტიზის ბიუროს 2021 წლის დეკემბრამდე არ ჰქონდა მომზადებული დასკვნა იმის შესახებ, გახდა თუ არა ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზი ნარკოტიკული საშუალებების ზედოზირება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.