სტრუქტურული ცვლილებები ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში
ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიაში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, პარტიის აღმასრულებელი მდივანი, კობა ნაყოფია პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გახდა. ამ პოსტს მანამდე ნიკა მელია ითავსებდა. გენერალური მდივნის პოსტი კი – პარტიის ასევე სტაჟიანმა წევრმა, პეტრე ცისკარიშვილმა დაიკავა.
11 იანვარს ნიკა მელიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ პოლიტიკური საბჭო ბოლო ერთი წლის მანძილზე პრაქტიკულად უფუნქციოდ დარჩა. დაკავების, არჩევნებისა და ასევე, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებული საკითხების გამო, პარტიის თავმჯდომარემ, უბრალოდ, ვერ მოიცალა, რომ პარტიული სტრუქტურისთვის მიეხედა.
მელიას თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბევრად უკეთესად უნდა გააგებინოს ხალხს – რა არის ბრძოლის მიზანი და ბევრად უფრო უნდა იყოს ორიენტირებული ხალხის საჭიროებაზე; გააქტიურდება ხალხთან კომუნიკაციის პროცესი, რაც შეუწყობს ხელს, რომ „ქვეყანაში ცვლილებები სწრაფად დადგეს“; პარტიული ცვლილებების მიზანი პარტიის მიერ ისეთი მოქალაქეების მიმხრობაა, რომლებსაც მანამდე „პოლიტიკურ პროცესში ჩართვის სურვილი არ ჰქონდათ“; პარტიაში გაგრძელდება, მათ შორის – „მტკივნეული“ ცვლილებები და კარი ღია იქნება ახალგაზრდებისთვისაც.
სასამართლომ ხაზარაძე, ჯაფარიძე და წერეთელი გაამტყუნა, თუმცა მათ არ დაიჭერენ
თბილისის საქალაქო სასამართლომ 12 იანვარს „თიბისი ბანკისს“ დამფუძნებლებს და ახლა უკვე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს – მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, ასევე „ტელეკომპანია პირველის“ დამფუძნებლის, ვატო წერეთლის მამას, ავთანდილ წერეთელს ფულის გათეთრების საქმეზე წაყენებული ბრალი თაღლითობის მუხლით გადაუკვალიფიცირა და 7-7 წლიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა დანაშაულის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო მათ არ დაიჭერენ.
მოსამართლემ აგრეთვე გააუქმა სამივე მათგანის მიმართ შეფარდებული გირაო და პროკურატურასთან შეთანხმების გარეშე ქვეყნის დატოვების აკრძალვა და მათ ქონებაზე დადებული ყადაღაც მოხსნა.
მოსამართლის მიერ განაჩენის გამოტანის შემდეგ ბადრი ჯაფარიძემ თქვა, რომ ისინი გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და მას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებენ.
მამუკა ხაზარაძის ვერსიით კი – მოსამართლე ვერდიქტის გამოტანისას 2012 წელს „თიბისი ბანკის“ მიერ ხსენებული კომპანიებისთვის სესხის ჩამოწერას დაეყრდნო და დასძინა, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ არაერთი სხვა ვალდებულება ჩამოწერეს.
მანვე აღნიშნა, რომ თაღლითობის მიმართულებით გამოძიება არ ჩატარებულა, არც დაზარალებული დადგენილა და არც მომჩივანი არსებობს. „ეს არის ნონსენსი“, – თქვა ხაზარაძემ და „ეს არის ის სასამართლო, რომლის დემონტაჟი უნდა მოვახდინოთ თითოეულმა ჩვენთაგანმა და მთელმა საზოგადოებამ“. მისივე მტკიცებით, სასამართლო სისტემა ქართული ოცნებისა და მისი დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გავლენის ქვეშაა და „ასეთი სასამართლოს, ასეთი სამართლიანობის პირობებში ჩვენი ქვეყანა წინ ვერ წავა“.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ განაცხადა, რომ საქმის მასალების შესწავლისა და პროცესზე დაკვირვების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ საქმე „ცალსახად არის პოლიტიკურად მოტივირებული“ და, შესაძლოა, ემსახურებოდეს ერთის მხრივ, პოლიტიკური ოპონენტის დასჯასა და დისკრედიტაციას, მეორეს მხრივ კი – ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტის – ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მშენებლობის შეჩერებას.
პრეზიდენტმა ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას ვეტო არ დაადო
ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის მოწოდების მიუხედავად, რომ პრეზიდენტს ვეტო დაედო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებისა და საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ნაჩქარევად შეტანილი ცვლილებებისთვის, რომლებიც „პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის“ დარღვევის გამო მოსამართლეთათვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, სალომე ზურაბიშვილმა ცვლილებებს ხელი მოაწერა.
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა 13 იანვარს განაცხადა, რომ ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და ახალი სტრუქტურების დაარსება „არ იძლევა საფუძველს პრეზიდენტის მხრიდან სამართლებრივი ხასიათის მოტივირებული შენიშვნებისათვის“.
„თუმცა მიუღებლად მიმაჩნია ასეთი მნიშვნელოვანი კანონის მიღება დაჩქარებული წესით, ყოველგვარი კონსულტაციებისა და სათანადო დისკუსიის გარეშე“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ „დაჩქარებული წესით მისი განხილვის საჭიროება არაფრით არ ყოფილა გამართლებული“. სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, „ძალიან ცუდი პრეცედენტია“, რომ 6 წლის ვადით არჩეული დამოუკიდებელი სამსახურის ხელმძღვანელის – ლონდა თოლორაიას „სამსახურიდან თავისუფლდება ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილებისა თუ მისი პროფესიული საქმიანობის მიმართ არგუმენტირებული შენიშვნების გარეშე“.
ინსპექტორის სამსახური ფუნქციონირებას 1 მარტიდან შეწყვეტს, თუმცა მისი თანამშრომლები სანაცვლოდ შექმნილ ორ ორგანოში გადანაწილდებიან, გარდა თავად ინსპექტორისა და მისის მოადგილეებისა.