ევროპულ-ქართული ინსტიტუტი იწყებს მიმდინარე კვირაში განვითარებული მოვლენების ორენოვანი მიმოხილვის პროექტს. პროექტი ხორციელდება შვედეთის საერთაშორისო ლიბერალური ცენტრის (SILC) მხარდაჭერით. გთავაზობთ ჩვენს მეოთხე დაიჯესტს. დაიჯესტის პერიოდია: 20.II.2021 – 26.II.2021

 

ნიკა მელიას დაკავება და საერთაშორისო გამოხმაურება

23 თებერვალს დილით პოლიცია და სპეცრაზმი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შევიდა და თავმჯდომარე ნიკა მელია თავის კაბინეტში დააკავეს. სამართალდამცველებმა ნიკა მელიას სამუშაო კაბინეტში შესვლისას, სავარაუდოდ, ე.წ. წიწაკის „სპრეიც“ გამოიყენეს. „ეს არის დასასრული რეჟიმის“ – თქვა დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე ნიკა მელიამ. მანვე ქართული ოცნების დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს „მოღალატეები“ უწოდა და ხაზი გაუსვა, რომ „გავრილოვის გამო საქართველოს არცერთი მოქალაქე უნდა სამართლდებოდეს“. ქართულ ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შსს მინისტრ ვახტანგ გომელაურს „საკმაოდ რთული ოპერაციის სანიმუშოდ“ ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა. ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ თქვა, რომ „ნიკა მელია დააკავეს გავრილოვებმა და როდიონოვებმა.” ოპერაციის მიმდინარეობისას პოლიციამ 21 ადამიანი დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით პარტიის ოფისიდან კომპიუტერული სერვერები წაიღეს. 

იმავე დღეს ოპოზიციის ორგანიზებით გაიმართა საპროტესტო აქცია სახელმწიფო კანცელარიასთან. შემდგომ მომიტინგეებმა პარლამენტთან გადაინაცვლეს, რუსთაველის გამზირი გადაკეტეს და კარვები გაშალეს. პოლიტიკოსებმა ნიკა მელიას დაუყოვნებლივი განთავისუფლება მოითხოვეს და დიალოგის მზადყოფნა გამოთქვეს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ მოლაპარაკებაზე მათი სახელით ნიკა მელია ისაუბრებს.  23 თებერვალს ოპოზიციის წარმომადგენლები ევროკავშირის ელჩს შეხვდნენ და ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის გზებზე ისაუბრეს.

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებაზე კომენტარი გააკეთეს სახალხო დამცველმა და ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა. ნინო ლომჯარიას განცხადებით, „არაფერი იმაზე სამარცხვინო არ შეიძლება მომხდარიყო 23 თებერვალს, საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვისა და გასაბჭოებოდან 100 წლის თავზე, როგორც ოპოზიციური პარტიის ოფისის დარბევა და ოპოზიციის ლიდერის დაპატიმრება“. 26 არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ 

მთავრობის გადაწყვეტილება კიდევ უფრო გაამწვავებს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს და მწუხარება გამოითქვა, რომ „ხელისუფლება არ დაელოდა სააპელაციო სასამართლოში მელიას სარჩელის განხილვას და არ აჩვენა მძიმე ვითარების განმუხტვის და პოლიტიკური პროცესის მშვიდ გარემოში წარმართვის ნება.”

ენმ-ს თავმჯდომარის დაკავებას აქამდე არნახული საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. უმწვავესი იყო საქართველოში აშშ-ს საელჩოს შეფასება: „შეძრწუნებული ვართ კრიზისის დროს საქართველოს ხელმძღვანელი პირების მიერ გამოყენებული განხეთქილების გამომწვევი რიტორიკით. ძალისმიერი მეთოდები და აგრესია არ არის საქართველოს პოლიტიკური უთანხმოებების გადაჭრის გზა.” ლიეტუვის საგარეო მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა, რომ „ძალადობა პოლიტიკური უთანხმოების მოგვარების გზა არ არის.”  „გაზი და ძალადობა გამოიყენეს, როგორც პუტინმა ერთ დროს. ივანიშვილის რეჟიმმა ამაზე პასუხი უნდა აგოს!“ – განაცხადა ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტას პავილიონისმა და მელიას დაკავებას დემოკრატიაზე „თავდასხმა“ უწოდა. აშშ-ის ჰელსინკის კომისიის ლიდერებმა, კონგრესმენებმა ელსი ჰასტინგსმა და ჯო უილსონმა, ასევე სენატორებმა როჯერ უიკერმა 

და ბენ კარდინმა ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ ენმ-ის ოფისზე შეტევა და ნიკა მელიას „თვითნებური დაკავება“ დემოკრატიულ პროგრესს არ უწყობს ხელს. მკაცრი იყო საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარის, კონგრესმენ ადამ კინზინგერის შეფასება, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს მხარდამჭერ აქტის ავტომატური არ არის და მთავრობას მოუწოდა შეეწყვიტა დრამატული ქმედებები. 23 თებერვალს ექვსმა ევროპარლამენტარმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს მიმართა, ამ უკანასკნელის საქართველოში გამომგზავრებამდე. მათი მიმართვა ეხებოდა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას, რომელიც ბოლოს დროს „სწრაფად უარესდება“.

25 თებერვალს გავრცელდა ევროკავშირის განცხადება, რომ ნიკა მელიას დაპატიმრების შემდეგ, პოლიტიკური პოლარიზაცია „უფრო მეტად გაღრმავდა“, რაც „საქართველოს დემოკრატიისთვის ზიანის მიყენების საფრთხეს ქმნის.“ განცხადებაში აქცენტი კეთდება სასამართლო სისტემის სამართლიანობასა და დამოუკიდებლობაზე. ევროკავშირი მოუწოდებს ქართულ ოპოზიციას, რომ „კონსტრუქციული როლი შეასრულოს, პარლამენტში შესვლის ჩათვლით, საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის უფრო მეტად განმტკიცებისთვის და ქვეყნის რეფორმატორული მომავლის ფორმირების მხარდაჭერისთვის.“

25 თებერვალსვე საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ პროკურატურა მზადაა გირაოს გადახდის შემთხვევაში სასამართლოს მელიას გათავისუფლება მოსთხოვოს. მალევე ნიკა მელიას ადვოკატმა პრკურატურას უპასუხა, რომ ის არ აპირებს გირაოს გადახდას. პროკურატურის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ: „პროკურატურის განცხადება მისი პატიმრობის დაუსაბუთებლობის დასტურია.”

თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ნიკა მელიას ადვოკატების საჩივარი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე. სასამართლომ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობაც, რომლის მიხედვითაც ადვოკატებს შეეძლებოდათ გადაწყვეტილების ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრება.

სამთავრობო ცვლილებები

საქართველოს პარლამენტმა 22 თებერვალს გამართულ პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და მის სამთავრობო გუნდს ნდობა გამოუცხადა. სამთავრობო ცვლილებების შედეგად თავდაცვის მინისტრის პოსტი მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ჯუანშერ ბურჭულაძემ დაიკავა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი კი მაია ცქიტიშვილის ყოფილი მოადგილე, ირაკლი ქარსელაძე გახდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვიცე-პრემიერებად საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი დანიშნა. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა 20 დღიანი მუშაობის შემდეგ დატოვა კახაბერ ქემოკლიძემ, რომელიც ამ პოზიციაზე გიორგი გახარიას პრემიერობისას დაინიშნა.

მთავრობის ახალი შემადგენლობა შეაფასეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა. ენმ-ს წევრის თინა ბოკუჩავას განცხადებით ღარიბაშვილის დანიშვნა სიტუაციის დეესკალაციას გაართულებს და „მიგვანიშნებს იმაზე, რომ ივანიშვილს არ სურს მშვიდობიანი გზის არჩევა, არ სურს მოლაპარაკების გზის არჩევა.” გიგი უგულავას შეფასებით ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრად არჩევით „მთლიანად, ბოლომდე გაფორმდა „ქართუ ბანკისა“ და ბიძინა ივანიშვილის სამეზობლო-სამოყვრო მთავრობა“.

ვახო სანაიას საქმე

25 თებერვალს „ფორმულას” მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანს, ვახო სანაიას და მასთან ერთად მყოფ პირს, ცოლის ნათესავს რამდენიმე პირი თავს დაესხა. ვახო სანაიას განცხადებით, დაზიანებები მიღებული აქვს თავისა და ფეხის არეში. საქართველოს პროკურატურამ „ფორმულის” წამყვანზე, ვახო სანაიაზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ 3 პირს ბრალი სამი მუხლით წაუყენა. საგამოძიებო უწყება დაკავებულებს ძალადობას, დევნასა და მუქარას ედავება. სამივე ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ მაქსიმუმ 3-წლიანი პატიმრობა ემუქრებათ. 

ჟურნალისტზე თავდასხმის ფაქტი დაგმეს ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორის და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა, ისინი ვახო სანაიაზე თავდასხმას „ძალადობის დაუსჯელობის სინდრომს” უკავშირებენ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.