პარლამენტის თავმჯდომარის „დროის უქონლობის გამო“ ევროპარლამენტარებმა ვიზიტი გააუქმეს

ჟან მონეს დიალოგის ფასილიტატორმა ევროპარლამენტარებმა – ვიოლა ფონ კრამონმა, მარია კალიურანდმა და მირიამ ლექსმანმა განაცხადეს, რომ მათი ვიზიტი საქართველოში, რომელიც 21-22 იანვარს იყო დაგეგმილი, გაუქმდა, რადგანაც პარლამენტის თავმჯდომარემ, „შალვა პაპუაშვილმა პროცესში მონაწილეობის დრო ვერ გამონახა“.

განცხადება ქართული ოცნების ხელისუფლებასა და ბრიუსელს შორის რიგ საკითხებზე, მათ შორის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა დანიშვნების, ევროკავშირის სესხზე უარისა და დასავლელ დიპლომატებზე საქართველოს მიერ სავარაუდო მიყურადების საკითხებზე უკვე დაძაბული ურთიერთობების ფონზე გაკეთდა.

21 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში, ევროპარლამენტის სამმა წევრმა განაცხადა, რომ „ვიზიტი მიზნად ისახავდა საქართველოს პარლამენტთან ჟან მონეს დიალოგის პროცესის დაწყების შესაძლებლობის შესწავლას, რომლის მიზანიც პარტიათაშორისი დიალოგის განვითარებაა, უკეთესი დემოკრატიული საპარლამენტო კულტურისა და ნდობის ასაშენებლად“.

პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებას ოპოზიციის მწვავე შეფასებები მოჰყვა. “ყოვლად უმსგავსო, მოუცლელობის მიზეზით, ევროპარლამენტარებს საჯარო სილა გააწნეს,” – თქვა “დროას” წევრმა ბათუ ქუთელიამ. პარტია “ლელო საქართველოსთვის” საგარეო მდივნის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, “ქართულმა ოცნებამ” კიდევ ერთხელ გვაჩვენა თავისი ნამდვილი სახე, როცა მოუცლელობის თუ სხვა კომიკური მიზეზით ევროპარლამენტარებთან შეხვედრა გადადო.

ჟან მონეს დიალოგი საპარლამენტო მედიაციისა და დიალოგის ფორმატია, რომელიც ევროპარლამენტმა შეიმუშავა და რომელსაც 2016 წელს ჩაეყარა საფუძველი. სამი ევროპარლამენტარი საქართველოში „ჟან მონეს დიალოგის“ პროცესის ფასილიტატორობისთვის 2021 წლის ივნისში, ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის ევროკავშირის შუამავლობით 19 აპრილს შეთანხმების მიღწევის კვალდაკვალ შეირჩა. მმართველმა პარტიამ შეთანხმება ივლისის ბოლოს ცალმხრივად დატოვა.

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის თავმჯდომარედ 29 დეკემბერს მას შემდეგ აირჩიეს, რაც ყოფილი სპიკერი, კახა კუჭავა თანამდებობიდან მოულოდებლად გადადგა და სადეპუტატო მანდატზეც უარი თქვა.

აფხაზეთიდან დევნილი შენობიდან გადმოხტომის შედეგად გარდაიცვალა

აფხაზეთიდან დევნილი 52 წლის ზურაბ ჭიჭოშვილი თბილისში მდებარე ყოფილი სანატორიუმის „ქართლის“ შენობიდან პროტესტის ნიშნად გადმოხტა და გარდაიცვალა. თვითმხილველთა ინფორმაციით, იგი ყოფილი სანატორიუმის ავარიულ შენობაში მცხოვრები, დაახლოებით, 120 ოჯახისთვის ახალი საცხოვრებლის გამოყოფის გაჭიანურებას აპროტესტებდა. 

დევნილები ახალ შენობაში გადაყვანას უკვე წლებია ითხოვენ. პროტესტი დეკემბერში მას შემდეგ გამწვავდა, რაც საბჭოთადროინდელი სანატორიუმის ერთ-ერთ სადარბაზოში ჭერი ჩამოინგრა. მეზობლების თქმით, თავად ჭიჭოშვილი ფიქრობდა, რომ მისი სიკვდილი სხვების გადაყვანის პროცესს დაეხმარებოდა.

17 იანვარს, ომბუდსმენის აპარატმა სააგენტოს მოუწოდა, რომ სათანადო ზომები მიიღოს პროცესის მიმართ დევნილთა ნდობის ასამაღლებლად. სახალხო დამცველის აპარატმა ასევე აღნიშნა, რომ სააგენტო „დაუსაბუთებლად“ აცხადებდა უარს შენობის ტექნიკური მდგრადობის შემოწმებაზე. სახალხო დამცველმა სააგენტოს რეკომენდაციით 2020 წლის 21 დეკემბერს მიმართა და შენობის ტექნიკური მდგრადობის შემოწმება მოითხოვა.

მოძრაობა “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ჯანდაცვის მინისტრს ზურაბ აზარაშვილს მიმართა და დევნილების პრობლემებთან დაკავშირებით შეხვედრა და საქმიანი დიალოგის დაწყება თხოვა. “გავმართოთ საქმიანი შეხვედრა და მოვაგვაროთ “ქართლის” დევნილების საკითხი. ნებისმიერ დროს, მე, გიგა ლემონჯავა (“დროას” წევრი და იურისტი) და დევნილების წარმომადგენელი მოვალთ და მოვაგვაროთ.” – თქვა ხოშტარიამ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილები ახალ საცხოვრებელ ფართებს 2022 წელს უპირობოდ მიიღებენ.

ბოლო მონაცემით, დევნილთა ბაზაში 90 156 ოჯახია რეგისტრირებული, რომელთაგანაც საცხოვრებელი ფართით დევნილთა 43 826 ოჯახია დაკმაყოფილებული, რაც საერთო რაოდენობის 48.6%-ია.

ოპოზიციამ წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე აირჩია

20 იანვარს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციურმა პარტიებმა ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის” წევრი, კორნელი სალია საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს. ფარული კენჭისყრის შედეგად სალიამ 15 ოპოზიციური ხმიდან 14 მიიღო, ერთი ხმა კი – გაბათილდა. საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატებმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.

ახალ თანამდებობაზე არჩევის შემდეგ, სალიამ ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ მოადგილეებად ქართული ოცნების, ნაციონალური მოძრაობისა და ლელოს თითო წევრის დასახელებას გეგმავს. რაც შეეხება საკრებულოს კომისიებს, მისი თქმით, მათი თავმჯდომარეების უმეტესობა ოპოზიციიდან იქნება, თუმცა რამდენიმე ადგილს ქართულ ოცნებასაც შესთავაზებენ.

სამეგრელოს რეგიონში მდებარე წალენჯიხის რაიონი ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც მერი ოპოზიციური პარტია ნაციონალური მოძრაობის წევრი, გიორგი ხარჩილავა გახდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.