საქართველოს კორუფციის აღქმის ინდექსი წინა წელთან შედარებით ერთი ქულით გაუარესდა

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ სამდივნოს მიერ გამოქვეყნებული 2021 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსის“ (CPI) მიხედვით, საქართველოს 55 ქულა აქვს, რაც წინა წელთან შედარებით ერთი ქულით გაუარესებული შედეგია. ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ავრცელებს. 

მათივე ინფორმაციით, რეიტინგში შემავალ 180 ქვეყანას შორის საქართველო 45-ე ადგილს და რეგიონში [აღმოსავლეთ ევროპა და შუა აზია] პირველობას ინარჩუნებს. 

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, თავად „კორუფციის აღქმის ინდექსის“ ავტორები საქართველოში კორუფციის მხრივ არსებულ კონტექსტს შემდეგნაირად ახასიათებენ: „სახელმწიფოს მიტაცება და ძალაუფლების კონცენტრაცია ასევე მნიშვნელოვანი პრობლემაა საქართველოში, რომელიც 55 ქულით, რეგიონში ლიდერობს. მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გავლენა ძირითად ინსტიტუციებზე სახელმწიფოს მიტაცების სფეროში ჯდება, მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილმა ფორმალურად დატოვა პოლიტიკა. მისმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, ბოლო წლებში საბოლოოდ ხელში ჩაიგდო სასამართლო და სამართალდამცავი ორგანოები, რითაც, ფაქტობრივად, შეაჩერა კორუფციასთან საბრძოლველად საჭირო პოლიტიკური იმპულსი.“ 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, „კორუფციის აღქმის ინდექსი“ მსოფლიოში ყველაზე ფართოდ გამოყენებული კორუფციის გლობალური რეიტინგია. Ის თითოეული ქვეყნის საჯარო სექტორის კორუმპირებულობის დონეს ექსპერტებისა და ბიზნეს სექტორის მოსაზრებებზე დაყრდნობით ზომავს.

ოპოზიცია და ქართული ოცნება უკრაინის მხარდამჭერ ერთობლივ რეზოლუციაზე ვერ შეთანხმდნენ

ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის უკრაინის მხარდამჭერი მრავალპარტიული რეზოლუციის მიღების მცდელობა წარუმატებლად დასრულდა, რადგან ქართული ოცნების მიერ შემოშავებულ პროექტში რუსეთი ნახსენები არ არის.

მმართველმა გუნდმა და ოპოზიციამ კონსულტაციები მას შემდეგ დაიწყეს, რაც 24 იანვარს, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ლელომ და სტრატეგია აღმაშენებელმა ქართული ოცნების დეპუტატებს კიევის მხარდასაჭერად ერთიანი პოზიციის დაკავებისკენ მოუწოდეს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის საფრთხისა და ნატოში უკრაინა-საქართველოს არმიღების მოთხოვნის ფონზე.

26 იანვარს, მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ თქვა, რომ ისინი ისეთი რეზოლუციის თანაინიციატორები ვერ იქნებიან, სადაც „რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესია მოხსენიებული არ არის“. საპასუხოდ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განმარტა, რომ მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული ტექსტი „დაცლილია ყოველგვარი პოპულისტური თუ პროვოკაციული რიტორიკისგან.“

ქართული ოცნების რეზოლუციის პროექტით, „პარლამენტი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის გამო და გმობს ყოველგვარ განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული, რაც ახალ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას.“

ტექსტში ასევე ხაზგასმულია, რომ „ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება და სამხედრო-პოლიტიკური ინსტრუმენტებით ამ უფლების შეზღუდვის ყოველგვარი მცდელობა კატეგორიულად მიუღებელია.“

NDI-ის კვლევა: პარტიების მიმართ ნდობა დაბალია

27 იანვარს, აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) საზაგოადოებრივი აზრის ახალი კვლევა გამოაქვეყნა. მოსახლეობას ყველაზე მეტად სოციო-ეკონომიკური პრობლემები აწუხებს.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულების 43%-ის რწმენით, საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება, 21% მიიჩნევს, რომ საქრთველო საერთოდ არ იცვლება, 27%-ის მოსაზრებით კი – სწორი მიმართულებით ვითარდება.

რესპონდენტების 32% ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად სიღარიბეს ასახლებს, ასევე 32% ინფლაციას, 29 %სამუშაო ადგილებს, 16% ტერიტორიულ მთლიანობას, 13% პენსიებს.

გამოკითხულების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქვეყნისა და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე არც მმართველი პარტია მოქმედებს და არც ოპოზიცია. 51% ამბობს, რომ არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ქართული ოცნება ხალხისა და ქვეყნის ინტერესების გათვალისიწნებით მოქმედებს, 36% ეთანხმება, 13%-მა არ იცის ან უარს ამბობს პასუხზე.

კვლევის თანახმად, გამოკითხულების უმრავლესობა კვლავ პოლიტიკურად გადაუწყვეტელია და პარტიების მხარდაჭერის ინდივიდუალური მაჩვენებელი იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება.

კითხვაზე – „რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს?“ – 41%-მა უპასუხა, რომ არცერთი, 12%-მა უარი თქვა პასუხზე, ხოლო 6%-მა არ იცის. გამოკითხულთა 24%-მა თქვა, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს ქართული ოცნებაა, 9%-მა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, 8%-მა კი – სხვა პარტიები.

კვლევის თანახმად, გამოკითხულების 42% კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინას არ გაიკეთებდა, 3%-მა კი – არ იცის. პარალელურად, 29% თქვა, რომ უკვე აიცრა, 25% კი – მზად არის, რომ აიცრას. საგულისხმოა, რომ მათი რიცხვი, ვინც ამბობს, რომ არ აიცრება, წინა, ივლისის კვლევასთან შედარებით, 47%-დან 42-მდე შემცირდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.