პოლონეთის პრეზიდენტის ვიზიტი თბილისში
3 თებერვალს, გვიან ღამით თბილისს პოლონეთის პრეზიდენტი ანჟეი დუდა ეწვია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლონელ კოლეგასთან ერთად პრეს-კონფერენცია გამართა.
ზურაბიშვილმა „რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმართ აგრესია“ დაგმო და სრული სოლიდარობა გამოხატა უკრაინის მიმართ და არა მხოლოდ უკრაინის მიმართ, „რამეთუ ის საფრთხეები, რომლებიც რეალურად არსებობს ის საფრთხეებია, რომლებიც ევროპის უსაფრთხოებას ემუქრება“.
„ის აგრესიული ქმედებები და მუქარა, ეს იქნება კიბერშეტევები, უკრაინის საზღვარზე პირდაპირ სამხედრო ძალების უზომოდ გაზრდა, თუ სამხედრო ძალების გააქტიურება შავ ზღვაზე – ეს ყველაფერი ნიშანია იმისა, თუ რამდენადაა დღევანდელი რუსეთის პოლიტიკა პროვოკაციაზე გადასვლა“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილმა ევრო-ატლანტიკურ გზაზე საქართველოსა და უკრაინის მიმართ პოლონეთის მხარდაჭერაზეც გაამახვილა ყურადღება. მანვე ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს მადლობა გადაუხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებებისას „არ ივიწყებენ“ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
ანჟეი დუდამ ყურადღება გაამახვილა ერთობლივი მოქმედების აუცილებლობაზე. „რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არ არის მხოლოდ ევროპის საქმე. თამამად შემიძლია აღვნიშნო, რომ ეს არის მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი საკითხი. მე ასევე მქონდა სხვადასხვა პრეზიდენტთან შეხვედრები, მათ შორის ჩინეთის პრეზიდენტთან, გაეროს წარმომადგენელთან, საფრანგეთის პრეზიდენტთან. მინდა აღვნიშნო, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ერთობლივი მოქმედება.
დუდამ განსაკუთრებულად აღნიშნა საქართველოს მიმართ მისი დამოკიდებულება და გაიხსენა რუსეთის სამხედრო აგრესიის დროს პოლონეთის მხარდაჭერა. „საქართველოსთან მე მაკავშირებს განსაკუთრებული გრძნობები, მეგობრული ურთიერთობა, ვინაიდან საქართველო ასევე არის ის ქვეყანა, სადაც 2008 წელს ჩამოვიდა ჩემი პრეზიდენტი, ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი ბატონი ლეხ კაჩინსკი. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს“.
ოპოზიციური პარტიების ვიზიტი კიევში
ოპოზიციური პარტიების – ლელო საქართველოსთვის, დროას და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები კიევში გაემგზავრნენ. ისინი რადას წევრებსა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებიან, რათა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მებრძოლ ქვეყანას მხარდაჭერა გამოუცხადონ.
3 თებერვალს, პარტია ლელო საქართველოსთვის ლიდერები, მამუკა ხაზარაძე, სალომე სამადაშვილი და გრიგოლ გეგელია უკრაინის რადას სხვადასხვა ფრაქციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. ვიზიტის ფარგლებში მათ ომში დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების მემორიალი გვირგვინით შეამკეს. მამუკა ხაზარაძის თქმით, მათ სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატში – ბრიტანეთი, პოლონეთი, უკრაინა – საქართველოს ჩართვის შესაძლებლობებზეც ისაუბრეს.
კიევში შეხვედრებს მართავენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები. ისინი უმაღლესი რადის წევრებს შეხვდნენ. ეკა ხერხეულიძის განცხადებით, უკრაინის უმაღლესი რადა მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და წამების ფაქტების შემსწავლელი კომისიის შექმნას აპირებს.
პარტია „დროამ” თბილისიდან მოქალაქეების მიერ სოლიდარობის ნიშნად ხელმოწერილი უკრაინისა და საქართველოს დროშები კიევში ჩაიტანა.
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ოპოზიციის წარმომადგენელი გახდა
31 იანვარს, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“ რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას თანაგუნდელი ნოდარ შეროზია აირჩია.
შეროზია თავმჯდომარეობის ერთადერთი კანდიდატი იყო. მან კენჭისყრაში მონაწილე 18-ივე ოპოზიციონერი წევრის ხმა მიიღო. ქართული ოცნების წევრებს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ. დღესვე, საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრებმა ნაციონალური მოძრაობის წევრი ალექსანდრე ბერიძე პირველ მოადგილედ, ხოლო გახარიას პარტიის წევრი ზაზა ჯაიანი მოადგილედ აირჩეს. 35-წევრიან საკრებულოში ქართულ ოცნებას და ნაციონალურ მოძრაობას 16-16 წევრი ჰყავს, ხოლო გახარიას პარტიას – სამი. საკრებულოს საქმიანობა ბოლო ორი თვე პრაქტიკულად შეჩერებული იყო, რადგანაც 3 დეკემბერს გამართულ პირველ სხდომაზე თავმჯდომარის არჩევა ვერ მოხერხდა.
„რუსთავის საკრებულო კრიზისში იყო შესული და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ის კრიზისიდან გამოვიყვანოთ“, – უთხრა შეროზიამ ადგილობრივ გამოცემა „ინფო რუსთავს“. შეროზიამ უარყო ინფორმაცია სხვა პარტიებთან წინასწარი მოლაპარაკებების შესახებ. მისი თქმით, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილეთა და კომისიების ხელმძღვანელთა თანამდებობებს არა მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის, არამედ ქართული ოცნების წევრებსაც შესთავაზებს, რათა „პასუხისმგებლობები ყველა პარტიის წარმომადგენლებზე გადავანაწილოთ“.
აქამდე ოპოზიციონერი საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა ორმა ქალაქმა – წალენჯიხამ და ჩხოროწყუმ შეძლო. სამ მუნიციპალიტეტში – ზუგდიდში, სენაკსა და ბათუმში საკრებულოს თავმჯდომარე ჯერ არ აურჩევიათ.