საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ უერთდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 25 თებერვალს განაცხადა, რომ თბილისი არ შეუერთდება უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისთვის დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს და რომ უკრაინაში ჩასვლა “არაფრის მომცემია”.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პრემიერის განცხადება შეაფასა როგორც “კოლაბორაციონისტული ქმედება უკრაინისთვის, საქართველოსა და მთელი საერთაშორისო წესრიგისთვის, ამ გადამწყვეტ დროს. მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ საქართველოში რუსეთის მარიონეტული რეჟიმი არ ასახავს ქართველი ხალხის პოზიციას”, – განაცხადა მან.

ირაკლი ღარიბაშვილი გააკრიტიკა ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის წევრმა, ნათია მეზვრიშვილმაც და მას „ეროვნულად უთავმოყვარეო“ უწოდა. პრემიერის განცხადებაზე, რომ მისი გადაწყვეტილებები საქართველოს „ეროვნულ ინტერესებს“ ეფუძნებოდა, მეზვრიშვილმა თქვა, რომ „ოცნებამ გადაწყვიტა ამ სიტყვების საფარქვეშ ღიად გაატაროს ანტიეროვნული პოლიტიკა“.

პარტია ლელოს წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთსა და თავისუფალ სამყაროს შორის ბრძოლაში საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელიც რუსეთის მხარეს დგას. მისი თქმით, „ირაკლი ღარიბაშვილი ელოდება კიევის დაცემას, იმიტომ, რომ უკრაინის გამარჯვება ნიშნავს ივანიშვილის რეჟიმის დასრულებას ჩვენს ქვეყანაში“.

პარტია დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას განაცხადებით, „ნათელია, რომ ჩვენ პრორუსული მთავრობა გვყავს. მათი იძულება, რომ სათანადო ზომები მიიღონ, ილუზიაა“.

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ Facebook-ზე დაწერა , რომ „საქართველოს პრემიერის დღევანდელი განცხადებები და მისი პათოსი არ გამოხატავს ჩემს პოზიციას“. „ქართველები არ ვტოვებთ მეგობრებს გასაჭირში“, – აღნიშნა მან.

უკრაინაში ჩასვლის თაობაზე ღარიბაშვილის განცხადების საპასუხოდ, უკრაინის რადას წევრმა ოლექსი გონჩარენკომ აღნიშნა, რომ „როდესაც ომი დამთავრდება და ჩვენს თავზე სამხედროს ნაცვლად, სამგზავრო თვითმფრინავები იფრენენ, შეგიძლია არსადაც აღარ ჩახვიდე“.

საქართველოს მთავრობამ უკრაინის დასახმარებლად 1 მილიონი ლარი გამოყო

26 თებერვალს, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 1 მილიონი ლარი გამოიყო.

28 თებერვალს უკრაინაში გაგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთი ირველადი სამედიცინო დახმარების საგნებს, 30-ზე მეტი დასახელების მედიკამენტებს, ჟანგბადის კონცენტრატორებს და ჰუმანიტარული დახმარების სხვა საგნებს მოიცავს.

საქართველოდან გაგზავნილ ჰუმანიტარულ დახმარებას უკრაინა ქალაქ ლიუბლინის (პოლონეთი) გავლით მიიღებს.

თბილისში უკრაინის მხარდამჭერი აქციები იმართება

25 თებერვალს დედაქალაქის ქუჩებში საქართველოს მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ. აქციის მონაწილეებმა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომაც მოითხოვეს, მას შემდეგ, რაც მან განაცხადა, რომ საქართველო არ შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს.

აქციამდე, მოქალაქეებმა პრემიერის განცხადებისადმი უკმაყოფილება Facebook-ის საშუალებით გამოხატეს და დაწერეს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არ გამოხატავს, მათი, როგორც რიგითი მოქალაქეების პოზიციას. საპროტესტო აქციის მონაწილეები თავდაპირველად მთავრობის კანცელარიასთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი – პარლამენტთან გადაინაცვლეს.

აქციები 4 დღის შემდეგაც გაგრძელდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.