საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი შეიტანა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 3 მარტს ხელი მოაწერა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს. ქვეყანა ახლა ბრიუსელისაგან კანდიდატის სტატუსის მიღებას ელოდება.

ღარიბაშვილის განცხადებამდე თბილისში რამდენიმე დღის განმავლობაში საპროტასტო აქციები მიმდინარეობდა. საქართველოს მოქალაქეები უკრაინის მიმართ სოლიდარობას გამოხატავდნენ და ხელისუფლებას პრო-დასავლური საგარეო კურსის გატარებას სთხოვდნენ.

ხელმოწერამდე პრემიერმა საქართველოს მოქალაქეებს დაახლოებით 6-წუთიანი სიტყვით მიმართა: „საქართველო არის ევროპული სახელმწიფო; ჩვენი ქვეყანა, საკუთარი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე, ყოველთვის მიეკუთვნებოდა ევროპული კულტურისა და ცივილიზაციის სივრცეს და დღესაც თავისი ღირებული წვლილი შეაქვს მის დაცვასა და განვითარებაში. „ევროპელობა“ სხვა არაფერია თუ არა იმ ღირებულებებისა და ფასეულობების ერთობლიობა, რომელიც ქმნის ევროპას.“

ხელისუფლების გადაწყვეტილება დადებითად შეაფასეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა.

მთავარი ოპოზიციური პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა: „ვულოცავ ქართველ ხალხს, მისმა ბრძოლამ, მისმა შემართებამ და თავისუფლების წყურვილმა შედეგი გამიოღო და გილოცავთ. საქართველოს მთავრობა იძულებული გახდა განაცხადი გაეკეთებინა ევროკავშირის წევრობაზე, დაჩქარებული წესით, თანაც. მინდა, მივმართო დასავლურ სამყაროს, რომ ჩვენ ვეთანხმებით პრეზიდენტ ზელენსკის და დიახ, შეიძლება, ჩვენ არ გვყავს ღირსეული მთავრობა, მაგრამ ვართ ღირსეული მებრძოლი ერი.“

ღარიბაშვილის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა პარტია ლელო საქართველოსთვის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ: „ჩვენი ახალგაზრდების მტკიცე პროტესტის შედეგად ხელისუფლებას ევროკავშირში საქართველოს წევრობაზე განაცხადი შეაქვს. პროტესტი უნდა გაგრძელდეს – ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ განაცხადი განაცხადად არ დარჩეს.“

იმავე დღეს, სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა იანეზ იანშამ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მხარს უჭერს საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში.

ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა ევროპულ ქალაქებს

4 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თბილისსა და ევროპის 6 ქალაქში შეკრებილ ხალხს მიმართა, რომლებიც უკრაინის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ.

ზელენსკის გამოჩენას შეკრებილები ოვაციებით შეხვდნენ. მან მადლობა გადაუხადა ხალხს და განაცხადა, რომ სურს თავისი სამწუთიანი გამოსვლის პირველი წუთი დაღუპული სამხედროების, პოლიციის, მესაზღვრეების და დაზვერვის თანამშრომლების ხსოვნის პატივისცემას დაუთმოს.

„მეორე წუთის განმავლობაში მინდა წუთიერი დუმილით პატივი მივაგო ჩვენი მშვიდობიანი მოქალაქეების და ბავშვების ხსოვნას“, – თქვა ზელენსკიმ.

„მესამე წუთის განმავლობაში მინდა მოგმართოთ თქვენ – ევროპის ხალხს. ნუ გაჩუმდებით, გამოდით ქუჩაში და მხარი დაუჭირეთ უკრაინას. მხარი დაუჭირეთ ჩვენს თავისუფლებას, ვინაიდან ეს არის გამარჯვება, გამარჯვება არა მხოლოდ რუსეთის მეომრებზე, თუ ჩვენ გავიმარჯვებთ და დარწმუნებული ვარ, გავიმარჯვებთ, ეს იქნება მთელი დემოკრატიული სამყაროს გამარჯვება“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ომის დაწყების შემდეგ თბილისში უკრაინის მხარდასაჭერი აქციები ყოველდღე იმართება. დემონსტრანტები საქართველოს ხელისუფლებისგან უკრაინის მხარდაჭერას და პრო-დასავლურ საგარეო პოლიტიკას ითხოვენ.

სალომე ზურაბიშვილსა და ენტონი ბლინკენს შორის სატელეფონო საუბრი შედგა

3 მარტს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ამერიკის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს შორის სატელეფონო საუბრი შედგა. ინფორმაციას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

განცხადების თანახმად, სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა გლობალური პასუხის შესახებ რუსეთის მთავრობის წინასწარგანზრახული, არაპროვოცირებული და გაუმართლებელი თავდასხმისა და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის გაგრძელების შესახებ.

„მდივანმა მადლიერება გამოხატა ქართველი ხალხისა და პრეზიდენტ ზურაბიშვილის პირადი, ურყევი მხარდაჭერის გამო უკრაინის მიმართ. მან ხაზი გაუსვა აშშ-ს მტკიცე ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას დემოკრატიული, მშვიდობიანი და აყვავებული ევროატლანტიკური მომავლისკენ“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ნედ პრაისის განცხადებაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.