პრეზიდენტმა წლიური საპარლამენტო მოხსენებისას მმართველი გუნდი და ოპოზიცია გააკრიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 14 მარტს წლიური საპარლამენტო მოხსენებისას უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე ისაუბრა და მმართველი გუნდი და ოპოზიცია გააკრიტიკა.
ზურაბიშვილმა უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობა მკაფიოდ დააფიქსირა და ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის პოზიცია გააკრტიკა: „ხელისუფლება სცოდავს, როცა ვერ ბედავს გამოხატოს ის, რასაც ჩვენი ისტორია და ღირსება გვკარნახობს. ამას გამართლება არ აქვს. სიფრთხილისა თუ შიშის ვერცერთი არგუმენტი ამართლებს იმას, რომ ღირსეულად, სიტყვით მაინც ვიდგეთ იქ, სადაც სინდისი და ქართველობა მოითხოვს!“
ამავდროულად, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ოპოზიციაც გააკრიტიკა და მოუწოდა შეწყვიტონ ქვეყნის გარეთ იმის მტკიცება, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება პროდასავლური არ არის: „ოპოზიცია სცოდავს, როცა ბრიუსელში, კიევში თუ ამერიკაში აქვს მცდელობები, რომ საქართველოს სახელი და სახე გააშავოს და ქვეყანა ისე წარმოაჩინოს, რომ ვითომცდა შიში ვამჯობინეთ ღირსებას! თითქოს ღირსი არ ვართ არც ევროკავშირში გაწევრიანების, არც ნატოსთან და ამერიკასთან პარტნიორობის. ან კიდევ უარესი, როცა ამტკიცებს, ვითომცდა მთავრობამ – და მაშასადამე ქვეყანამ – შეცვალა პროდასავლური კურსი! ეს ხომ ქვეყნის და შენი ხალხის შეურაცხყოფაა, როცა ვაშინგტონში შენს ქვეყანას ესოდენ ბრალს უყენებ და შენივე ქვეყანა შენგან მასპინძლის დასაცავი ხდება. ასეთი პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმა, ხომ მხოლოდ მთავრობას არ აზიანებს, არამედ ქვეყანას, და მტრის საქმეს აკეთებს!“
გარდა ამისა, ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მას საქართველოს ხელისუფლება პარიზში, ბერლინში, ბიურსელსა და ვარშავაში სამუშაო ვიზიტებზე უარი უთხრა. პრეზიდენტმა განაცხადა: „შეზღუდვების დრო კი არა, პირიქით, ვისაც რა შეგვიძლია, საერთაშორისო დონეზე, მაქსიმალურად უნდა ვიყოთ ჩართულნი, მოსვენებას არ უნდა ვაძლევდეთ ჩვენს პარტნიორებს! მე კი მგონია, რომ ჩემი ორმოცწლიანი გამოცდილება დიპლომატიისა და სტრატეგიულ საკითხებში, და ამ პერიოდში შეძენილი პირადი კონტაქტები ამ ქვეყნისთვის მაქსიმალურად გამოსაყენებელია, ვიდრე დასაკარგი.“
სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა კრიტიკულად შეაფასა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ: „თუ მართალია, რაც თქვა პრეზიდენტმა [პარიზსა და ბრიუსელში მთავრობასთან შეთანხმების გარეშე ვიზიტი] და, სავარაუდოდ, მართალი თქვა, მაშინ [მას] დაურღვევია კონსტიტუცია, მაგას გავარკვევთ“. ქართული ოცნების წევრმა ალუდა ღუდუშაურმა თქვა, რომ, “როგორც ჩანს პრეზიდენტი ნაციონალური მოძრაობის ბულინგის ქვეშ მოექცა.“
პრეზიდენტის გამოსვლაზე არაერთგვაროვანია ოპოზიციის კომენტარები. პარტია ლელო საქართველოსთვის თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტმა მნიშვნელოვანი ინიციატივები გააჟღერა, რომელთა დიდი ნაწილი მის პოზიციებთან სრულ თანხვედრაშია. მსგავსი შეფასება ჰქონდა საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიასაც, რომელმაც თქვა, რომ პრეზიდენტმა ქართველი ხალხის ხმა „ღირსეულად გააჟღერა.“ განსხვავებულია პარტია ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას პოზიცია: „ეს ადამიანი, ვინც დღეს პოლარიზაციას გმობს და მისთვის ყველა დამნაშავეა, საკუთარი თავის გარდა, თვითონ იყო ის, ვინც საკუთარ ქვეყანას ომის დაწყებას აბრალებდა, ნატოს საწინააღმდეგო პროპაგანდას ეწეოდა, დავით გარეჯის სამარცხვინო კამპანიის ერთ-ერთი ავტორი იყო და სისხლიანი ბანერებით და მოსყიდვით აირჩიეს საქართველოს პრეზიდენტად.“
ჰააგის პროკურორი 3 ოსი მაღალჩინოსნის დაკავებას ითხოვს
2008 წლის ომის საქმის ფარგლებში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა კარიმ ხანმა 11 მარტს გამოსცა დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამი ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავების ორდერი. პროკურორის აზრით, არსებობს გონივრული საფუძველი, რომ ისინი პასუხისმგებელნი არიან 2008 წლის 8-27 აგვისტოს პერიოდში ომის დანაშაულების ჩადენაზე.
პროკურორის თქმით, დანაშაულის ჩადენაში, სავარაუდოდ, უშუალოდ მონაწილეობდნენ მიხეილ მინძაევი, დე-ფაქტო ცხინვალის შინაგან საქმეთა მინისტრი 2005-2008 წლებში; ჰამლეტ გუჩმაზოვი, დე-ფაქტო შს სამინისტროში წინასწარი დაკავების განყოფილების მაშინდელი უფროსი და დავით სანაკოევი, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტის მაშინდელი წარმომადგენელი.
კარიმ ხანის განცხადებით, გონივრული საფუძველი არსებობს ვარაუდის, რომ მინძაევს, გუჩმაზოვსა და სანაკოევს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრებათ თავისუფლების უკანონო აღკვეთის, წამების, არაადამიანური მოპყრობის, ღირსების შელახვის, მძევალთა აყვანისა და უკანონო გადაყვანის შესახებ მუხლების დარღვევისდა გამო.
პროკურორმა აღნიშნა, რომ მისი დაკავების ორდერის განცხადებები ყურადღებას ამახვილებს ეთნიკურად ქართველ სამოქალაქო პირთა თავისუფლების უკანონო აღკვეთის, სასტიკი მოპყრობის, მძევლების აყვანის და უკანონო გადაყვანის შემთხვევებზე „რუსეთის ფედერაციის ოკუპაციის კონტექსტში“.
საქართველო იმ 123 სახელმწიფოთა რიგებშია, რომლებიც რომის სტატუტის წევრები არიან. რუსეთი რომის სტატუტის წევრი სახელმწიფო არაა და სასამართლოს იურისდიქციას არ აღიარებს.